„საკუთარ თავში ინვესტირება არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ჩადეთ ინვესტიცია ყველაფერში, რაც თქვენს ნიჭს აუმჯობესებს“, — ეს სიტყვები უორენ ბაფეტს ეკუთვნის; ცნობილ ინვესტორს, რომელიც მუდმივას საუბრობს საკუთარი თავის განვითარების აუცილებლობაზე.
ბაფეტი არასდროს წყვეტს ცოდნის დაგროვებას და ერთ მარტივ პრინციპს მიჰყვება: ყოველდღიურად იმაზე ჭკვიანი დაწვეს დასაძინებლად, ვიდრე დილას იყო. ამიტომაცაა, რომ სამუშაო დღის 80%-ს კითხვასა და ფიქრს უთმობს.
ამავდროულად, უდიდეს დატვირთვას ანიჭებს კომუნიკაციური უნარების განვითარებას: „შესაძლოა მსოფლიოში არსებულ მთელ გონებრივ ძალას ფლობდეთ, მაგრამ მისი სხვისთვის გადაცემა უნდა შეგეძლოთ და ამას სწორედ კომუნიკაციის საშუალებით გააკეთებთ“. თანაც ერთ დროს ბაფეტს ძალიან აშინებდა საჯარო გამოსვლები, მაგრამ, როგორც ამბობს, დეილ კარნეგთან საჯარო გამოსვლების კურსის გავლამ ცხოვრების ეს ასპექტი სრულად შეცვალა. მას შემდეგ ზეპირი კომუნიკაცია და მოსმენა მისთვის წარმატების მიღწევის უმთავრეს ფაქტორებს წარმოადგენს.
გარდა ამისა, ვერ უგულებელვყოფთ წერით კომუნიკაციურ უნარებს, რადგან ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. აშშ-ის National Commission on Writing-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში ნათქვამია: „ამერიკული ბიზნესები ყოველწლიურად $3.1 მილიარდს ხარჯავს, რათა თანამშრომლებს წერითი კომუნიკაციური უნარები განუვითაროს. ფინანსების, დაზღვევის, უძრავი ქონებისა და სერვისების მიმართულებით მოღვაწე კომპანიების მინიმუმ 80% დაქირავების პროცესში წერის უნარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“.
ბობ კერიმ, კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა: „წერა მაღალკვალიფიციური, მაღალანაზღაურებადი უნარია. ადამიანები, რომლებსაც წერითი კომუნიკაციის საშუალებით მოსაზრების მკაფიოდ გამოხატვა არ შეუძლიათ, დასაქმებისას საკუთარ თავს ზღუდავენ“.
მთლიანობაში უორენ ბაფეტის უწყვეტი სწრაფვა საკუთარი თავის და კონკრეტულად კომუნიკაციური უნარების განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული. მაგალითი ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის. ეს შეიძლება გახდეს თქვენი წარმატების საიდუმლოც მიუხედავად იმისა, თუ რა საქმიანობით ხართ დაკავებული.