in

რა ახასიათებთ კარგ ლიდერებს?

ერთხელ ალბერტ აინშტაინმა თქვა, რომ დიდ საკითხებში არ შეიძლება იმ ადამიანების ნდობა, ვინც წვრილმანების მიმართ უყურადღებოა. მართალია, ის ფიზიკის ჭრილში განიხილავდა ამ მოსაზრებას, მაგრამ ბიზნესმენებსა და ლიდერებსაც იდეალურად მიესადაგებათ — მაგალითად, ვინც ადამიანურ ღირებულებებს არ აქცევს ყურადღებას, ვერც ხელმძღვანელობისთვის გამოდგება.

სამართლიანობა ყოველდღიური არჩევანია

ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ პრობლემას ვაწყდებით, მაგრამ საკუთარი თავისა და ღირებულებების ერთგულება აუცილებელია — მაშინაც კი, როცა შედეგები ნაკლებად მომგებიანია. ყველაზე რთული კი ის არის, რომ სამართლიანობა ყოველდღიური არჩევანი უნდა იყოს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვუერთგულებთ.

აი, რა უნდა გააკეთოთ სამართლიანობის დასანერგად:

  1. გააკეთეთ ის, რაც სწორია — სამართლიანი ხელმძღვანელობა ნიშნავს, რომ საკუთარ ქმედებებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებთ. როცა სწორედ მოქმედებთ, ყველაფერი მარტივდება და მღელვარებას სიმშვიდე ანაცვლებს. სხვა სიტყვებით, არ უნდა გრცხვენოდეთ თქვენი ქმედებების ყველასათვის ჩვენების და მათ დამალვაზე არ უნდა ფიქრობდეთ.
  2. იყავით საიმედო — როდესაც ლიდერები სამართლიანები არიან, ადვილად იმსახურებენ სხვების ნდობას. ავტომატურად, ეს დაცულობის განცდას იწვევს და კოლეგებისთვის გაცილებით ადვილია როგორც მუშაობა, ისე განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავება.
  3. იყავით მისაბაძი — ლიდერი, რომელიც თავის ღირებულებებთან შესაბამისობაში მოქმედებს, გარშემომყოფებისთვის მისაბაძი ხდება. ადამიანებს იზიდავთ მსგავს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, რადგან პატივსაცემად აღიქვამენ. ზოგადად, ყველა ჩვენგანს სურს ისეთ უფროსებთან მუშაობა, რომლებიც სამართლიანობისა და ნდობის ერთიანობას განასახიერებენ.
  4. დაიცავით საზღვრები — სამართლიანმა ლიდერებმა ყოველთვის იციან თავიანთი საზღვრები. ისინი არ იღებენ ვალდებულებას, თუ საკმარისი დრო ან რესურსი არ აქვთ და არც შესაბამისი ოდენობის ოდენობის ხალხი ჰყავთ. ამავდროულად, წინდახედულები არიან და გამბედაობაც ჰყოფნით რაიმეზე უარის სათქმელად. მეორე მხრივ, ვალდებულებების შეუსრულებლობას და ხალხის ნდობის დაკარგვას ყველაზე მეტად გაურბიან.
  5. სხვებს დაეხმარეთ ზრდაში — უფროსები, რომლებიც სამართლიანობით გამოირჩევიან, სხვებს გამუდმებით ეხმარებიან პროფესიულ ზრდაში. ისინი ხელს უწყობენ როგორც ინდივიდუალური პროფესიონალების განვითარებას, ისე ორგანიზაციულ წარმატებას. ცხადია, ეს პროცესი უკუკავშირის მიღება-გაცემასაც მოიცავს. თანამშრომლებს ეხმარებიან, მიზნებს წარმატებით მიაღწიონ და მათში არსებული საუკეთესო პოტენციალი მაქსიმალურად განავითარონ.

წყარო: Inc.



Google და Microsoft AI საძიებო სისტემებისთვის ბრძოლას აგრძელებენ!

NASA-ს ახალი ანიმაცია შავი ხვრელების წარმოუდგენელ მასშტაბებს ასახავს