თუ დააკვირდებით, მრავალი ბესტსელერის ავტორი კარგი ქოფირაითერიცაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლიტერატურასა და მარკეტინგში წერა ერთ დონეზეა, მაგრამ მათ შორის არსებულ ზღვარს ბუნდოვანი ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ. ალბათ, ისიც გსმენიათ, რომ საუკეთესო ქოფირაითერი მწერალზე მეტად უბრალოდ დაქირავებული თანამშრომელია… სწრაფი და პრაქტიკულია. იციან, როგორ გამოიყენონ სიტყვები სწორად. იმასაც იაზრებენ, რომ მათი სამუშაო მეტად ახლოა გაყიდვებთან, ვიდრე ხელოვნებასთან.
„თუ ნოველების, პიესებისა და პოეზიის მწერლები ხართ, ზოგადად, ამისთვის ნებისმიერი დრო შეგიძლიათ გამოყოთ, მაგრამ რეკლამირებაში დედლაინი გაქვთ. მოგეთხოვებათ, რომ გქონდეთ საკმაოდ კარგი იდეა, რომელიც სამშაბათს დილისთვის გამზადებული უნდა იყოს“, — წერს დევიდ ოგილვი წიგნში Confessions of an Advertising Man.
შესაძლოა, ამ მოსაზრების ნაწილს ეთანხმებოდეთ, ნაწილს კი არა, მაგრამ უკვე დროა, მწერლები დედლაინებითა და რაღაც ზოგადი მოცემულობებით კი არა, არამედ თავიანთი პერსპექტივებისა და გამოცდილების მიხედვით დავაფასოთ. იმ უნიკალური ვნებით, რაც თითოეული დაწერილი სიტყვის მიმართ გააჩნიათ. აქ წერის სიყვარული მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა ფაქტორებზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება:
პერსპექტივა უმთავრესია
კარგი წერა ზუსტად ისე, როგორც სხვა კრეატიული ფორმები, იქნება ეს ფოტოგრაფია თუ ხატვა, პერსპექტივით იწყება. ეს კომპლექსური პროცესი კი იმის განსაზღვრას ეხება, თუ ვინ ხართ თქვენ ბრენდის მწერლებისთვის, ვინ არის მათი ბრენდი და რა ადგილი გიჭირავთ სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების გვერდით — იქნება ეს მომავალი თუ არსებული მომხმარებლები, კონკურენტები, კრიტიკოსები თუ სხვა.
რა თქმა უნდა, ყველა მწერალს უნიკალური პერსპექტივა აქვს, მაგრამ მათ შორის საუკეთესოებმა იციან, როგორ შეუსაბამონ ეს ხედვა მოცემულ ამოცანას. ეს უნარი აუცილებელია ეფექტური გზავნილების შესაქმნელად, რათა ბრენდიც გაძლიერდეს.
ყურადღება მიაქციეთ გამოცდილებას
ამას მწერლის ღირებულების მნიშვნელოვან ნაწილამდე მივყავართ. შესაძლოა, ყველასთვის აუცილებელი იყოს, მაგრამ მწერლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათი შემოქმედებითობა სწორედ იმას უკავშირდება რაც ნახეს, სადაც იყვნენ და ვისაც შეხვდნენ. მსგავსად, იმით კი არ განისაზღვრებიან, თუ რა იციან კონკრეტულ სფეროში, არამედ იმით, თუ რა იციან სამყაროს შესახებ. თუმცა მნიშვნელოვანია, წერისას მათ ის კონტექსტი გაიაზრონ, რომელშიც თქვენი ბრენდი ცხოვრობს, ის საჭიროებები და შესაძლებლობები, სადაც სიტყვების ფურცელზე გადმოტანა გახდება შესაძლებელი.
ყველა კრიტიკოსია, თუმცა ზოგიერთი მათ შორის საუკეთესოა
როგორც ამბობენ, ყველა ქოფირაითერი მაღალი დონის სტრატეგიაში არ უნდა იყოს ჩართული, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამის მიხედვით წერონ. მოკლედ რომ ვთქვათ, მწერალი, რომელიც არ სვამს კითხვებს, მოკლე ვადებში სასარგებლო იქნება, რადგან მოძრავ მატარებელს არ შეაჩერებს, მაგრამ მწერალს, რომელიც ხედავს, რომ საშიში გვირაბისკენ მიექანებით, შეუძლია დაგეხმაროთ ამ დაბრკოლების თავიდან აცილებაში.
შემოქმედებითობის არამდგრადი მომავალი
იმის ნაცვლად, რომ დავსვათ კითხვა, ჩაანაცვლებენ თუ არა რობოტები ქოფირაითერებს, უმჯობესია ვიკითხოთ — როგორ შეგვიძლია არსებული მწერლების ნიჭისა და გამოცდილების გამოყენება? პასუხი ნამდვილად გახსნის ახალ გზას მარკეტინგში. ხოლო თუ ეს პროცესი პერსპექტივას, გამოცდილებასა და ვნებას მოიცავს, მაშინ სიტყვები იმ ფურცლის მიღმაც წავა, სადაც წერია.
დაბოლოს, ქოფირაითერებს შეხედეთ ისე, როგორც პროფესიონალებს, რომელთა უნიკალური პერსპექტივა, გამოცდილება და ვნება თქვენი ბრენდის წარმატებას უზრუნველყოფს…











