ჯერ ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც თბილისში, ლისის ტბის ტერიტორიაზე, „კარის“ მწვანეში ჩაფლული, მეგობრული, ფერადი რესტორანი გაიხსნა. მრავალფეროვანმა სივრცემ მალევე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და მცირე დროში, სტუმრების საყვარელ ადგილად იქცა. შემოდგომაზე, „კარის“ სივრცეში ჯაზის დღეებს ჩაეყარა საფუძველი – Cece Rogers-ისა და LOU Berry-ის ბენდის დაუვიწყარი საღამოები სტუმრებს დიდი ხნით დაგვამახსოვრდა. სულ ცოტა ხნის წინ, „კარს“ ახალი მისამართი დაემატა და ბაკურიანში, კოხტას საბაგიროს გვერდით, კომფორტული განტვირთვის მსურველებს გულთბილად მასპინძლობს. „კარის“ გუნდმა მეორე სივრცეც მოაწყო და ისტორიული „ხიჟინა“ ახლებურად გააცოცხლა. დეტალებზე „კარის“ დამფუძნებელი, ირინკა ხომასურიძე გვესაუბრა.
M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, როგორ წარიმართა ლისის „კარის“ საქმიანობა, რამაც ბაკურიანში გადაგაწყვეტინათ მსგავსი სივრცის გახსნა?
პირველი „კარი“, 2022 წლის გაზაფხულზე, ლისის სანერგეს ტერიტორიაზე გავხსენით. სიმწვანეში ჩაფლული თბილი გარემო იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა ადამიანებისთვის, რომ სულ მალე, სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს მოსვლა. გუნდიც ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული – ყველა ერთიანად ვართ ჩართული მასპინძლობაში. გვაქვს თბილი გარემო და ხშირად უთქვამთ კიდეც, ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს მეგობრებთან მოვდივართ სტუმრადო. მე თვითონაც ძალიან მიყვარს სტუმრების მომსახურება, არც ვეუბნები ხოლმე, ვინ ვარ და ამ პროცესში ძალიან ბევრ დეტალს ვაანალიზებ. შეფიც გამორჩეული გვყავს, მიშა ავსაჯანიშვილი, რომელიც თავისი კულინარიული ოსტატობით, დასამახსოვრებელ გემოებს ქმნის.
ჯაზის დღეებმა, რომელიც ლისი დეველოპმენტთან ერთად ჩავატარეთ, კიდევ უფრო გამოკვეთა „კარის“ ხასიათი, რაც ჩვენს სტუმრებს ასე მოსწონთ. როგორც აღმოჩნდა, იმდენად წარმატებით დავიწყეთ ოპერირება, რომ შემოგვთავაზეს, კოხტა-მიტარბის სივრცეშიც განგვეთავსებინა „კარი“. ვფიქრობ, ამ პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თავად პარტნიორები, რომლებთანაც ერთ ენაზე ვსაუბრობთ. მათგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით.
„კარი“ არის ადგილი, სადაც შეგიძლია მოდუნდე, დაისვენო, ისიამოვნო ძვირფას ადამიანებთან თუ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად, რომლებსაც დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ. ეს საერთო განწყობა მკაფიოდ იგრძნობა ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებაზე. ალბათ, ამ ყველაფერმა განაპირობა „კარის“, როგორც პროექტის წარმატება, რაც ახლა უკვე ბაკურიანშიც გრძელდება.
M: როგორია ახალი „კარი“ ბაკურიანში?
სტილისტიკა და ხელწერა ძალიან ჰგავს ლისის „კარს“. სტუმარი ადვილად მიხვდება, რომ ჩვენს სივრცეში აღმოჩნდა. ბუნებრივია, ლისისა და ბაკურიანის სივრცეები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ბაკურიანის „კარის“ დახურული ტერიტორია, მნიშვნელოვნად დიდია. აქვს დიდი ტერასაც, რომელიც ტყეს შეჰყურებს. ტყე და საბაგიროების მხარე ჩანს ინტერიერის ფართო ვიტრაჟებიდანაც, საიდანაც შემომავალი მზის შუქი მთელ სივრცეს ავსებს. განწყობა აქაც „კარის“ ხასიათის შესაბამისია, რაც კიდევ უფრო იზიდავს სტუმრებს.

ბაკურიანის „კარი“ პირველ საბაგიროსთანაა განთავსებული. ინტერიერის მოწყობისას ისიც გავითვალისწინეთ, რომ დღის მანძილზე ხშირად გვსტუმრობენ ზამთრის სპორტის მოყვარულები. თხილამურებსა და სნოუბორდებს შემოსასვლელში ტოვებენ და ჩვენს სივრცეში შეისვენებენ ხოლმე.

მეამაყება იმაზე ფიქრი, რომ „კარი“ ბაკურიანში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სტუმრებისთვის. ამ პროექტზე გრძელვადიანი პერსპექტივით ვფიქრობთ. გვინდა, ვიყოთ სამაგალითო და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავარწმუნოთ, რამდენად მიმზიდველია ბაკურიანში ამოსვლა, დასვენება და განტვირთვა.

M: როგორც ვიცით, „კარის“ სივრცის პარალელურად, ბაკურიანის „ხიჟინაც“ გახსენით სტუმრებისთვის…
„ხიჟინაზე“ საუბარი ბაკურიანის „კარზე“ მუშაობისას დაიწყო და გადაწყდა, რომ ორივე ერთად გაგვეკეთებინა. ესაა ერთადერთი ადგილი, სადაც კოხტაზე სრიალისას შეგიძლია გაჩერდე. „ხიჟინა“ უფრო მეტად მოთხილამურეებზეა გათვლილი, თუმცა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, იქამდე მისვლა მანქანითაც არის შესაძლებელი.
ათწლეულების განმავლობაში, „ხიჟინა“ მოთხილამურეების საყვარელ ადგილად მიიჩნეოდა. როგორც ჩანს, ასეთი ტიპის ობიექტზე მოთხოვნა უკვე არსებობდა და ჩვენც სიამოვნებით დავიწყეთ მოწყობა. შიდა სივრცე უფრო კომფორტულად გავანაწილეთ. მენიუს თვალსაზრისით, უფრო სწრაფი კვების მიმართულებით წავედით, რომელიც ასევე, მიშა ავსაჯანიშვილმა შეიმუშავა.

საერთო ჯამში, „ხიჟინა“ თავისი გარემოს ხასიათს იმეორებს. ამ ადგილს კიდევ უფრო განსხვავებული განწყობა ახლავს. საღამოობით, DJ მასპინძლობს სტუმრებს. გვიხარია, რომ ბაკურიანში, „კარისა“ და „ხიჟინას“ სახით, კარგი გასართობი სივრცეები ჩამოვაყალიბეთ.

M: როგორია სამომავლო გეგმები?
არსებულით ნამდვილად არ შემოვიფარგლებით. 17 მარტიდან, Monkey-სთან ერთად ვგეგმავთ ექსკლუზიური ღონისძიებების სერიას Monkey x Kari, შეზღუდული აუდიტორიით. ასევე, ბაკურიანის „კარში“, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შაბათ-კვირას Monkey-ის შოუქეისის ჩატარება გადავწყვიტეთ. საფრანგეთიდან ჩამოგვყავს არტისტი, რომელიც ქართველებთან ერთად უმასპინძლებს სტუმრებს. პირველ დღეს, კარში 300-400 ადამიანზე გათვლილი დიდი ღონისძიება ჩატარდება. „ხიჟინა“ უმასპინძლებს, მეორე დღის ივენთს, რომელიც არტისტების მონაწილეობით შედგება. კვირა ღამით, ბაკურიანის „კარშიც“ და „ხიჟინაშიც“ უწყვეტ რეჟიმში გაიმართება ღონისძიებები. ამას ვაკეთებთ ჩემპიონატის ბოლო შაბათ-კვირას. ამით, ჩემპიონატის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს ჩვენს წილ მხარდაჭერასაც ვუცხადებთ, რომ სამკვირიანი დღესასწაულის დასასრულს, საზეიმო გარემოში აღვნიშნოთ ეს დიდი მოვლენა.
ასევე, დიდი სურვილი გვქონდა, რომ უცხოური აუდიტორია მოგვეზიდა და შემდეგ, უფრო მეტი დადებითი შეფასება ჰქონოდა ბაკურიანს. ვფიქრობთ, ესაა სასარგებლო საქმე კურორტის განვითარებისთვის, რაც აქაურობას ასე სჭირდება.

[R]