in

როგორ გავიგოთ, ამოვწურეთ არსებული კარიერა თუ უფრო მცირე ცვლილებები გვჭირდება

ადამიანი წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს, აღწევს მიზნებს, რომლებზეც კარიერის დასაწყისში მხოლოდ ოცნება შეეძლო, შემდეგ კი დგება მომენტი, როდესაც ირგვლივ იყურება და ხვდება, რომ ეს ყველაფერი აღარ ახარებს. სასურველი პოზიციის დაკავების შემდეგ ხშირად ჩნდება იმედგაცრუებაც, რადგან ყოველდღიურობაში ძალიან ბევრი ისეთი დეტალი აღმოჩნდება ხოლმე, რაც ადამიანისთვის მიუღებელია.

ცხოვრების უდიდესი ნაწილი სამუშაო სივრცეში გადის, ამიტომ იქ მიღებული განცდები გარდაუვლად აისახება პირად ყოფაზეც. როდესაც ეს გამოცდილება უკმაყოფილებით არის სავსე, ბევრს მიაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი სამსახურის ან პროფესიის რადიკალური შეცვლაა. თუმცა კარიერის ძირეული გადაწყობა ყოველთვის საუკეთესო ან მარტივად განსახორციელებელი გამოსავალი არ გახდება. ეკონომიკური რყევებისა და ტექნოლოგიური გარდაქმნების ფონზე სტაბილური პოზიციების პოვნა რთულდება, რასაც ხშირად ფინანსური რისკებიც ემატება. იმის გასარკვევად, მართლაც ამოიწურა თუ არა მიმდინარე კარიერული ეტაპი, თუ საკმარისია გარემოებების მცირედი კორექტირება, რამდენიმე პრაქტიკული მიდგომის გათვალისწინებაა საჭირო.

სხეულის სიგნალების ამოცნობა

ფიზიკური ჯანმრთელობა და ორგანიზმის რეაქციები ხშირად პირველი სიგნალია იმისა, რომ გარემო დამღუპველად მოქმედებს. კორპორაციულ გაყიდვებში წარმატებული წინსვლისა და სწრაფი დაწინაურებების პარალელურად, ადამიანებს ხშირად უჩნდებათ აუხსნელი ფიზიკური სიმპტომები, მაგალითად, ქრონიკული ტკივილი ან შფოთვითი შეტევები, რომელთა სამედიცინო მიზეზს ექიმები ვერ პოულობენ.

როდესაც სამუშაო გარემოში დაბრუნების ყოველი მცდელობა იმავე ფიზიკურ დისკომფორტს იწვევს, ეს მიუთითებს, რომ ორგანიზმი ქრონიკულ სტრესს ავლენს. ასეთ დროს საქმიანობის შეცვლა და ისეთ შემოქმედებით სფეროში გადასვლა, როგორიცაა ფოტოგრაფია, ჯანმრთელობისა და ემოციური წონასწორობის აღდგენის მთავარ საყრდენად იქცევა.

ენერგიის ნაკადზე დაკვირვება

დამოუკიდებელ საქმიანობასა და ბიზნესს თავისი სტრესი ახლავს, თუმცა გადამწყვეტი ის გარემოებაა, თუ რამდენად იწვევს სამუშაო შინაგან დაცლას. ხშირია შემთხვევა, როდესაც მაღალი რანგის მენეჯერები წამყვან საფინანსო ინსტიტუტბსა თუ დეველოპერულ კომპანიებში წლებს სხვების მოლოდინების დაკმაყოფილებაში ატარებენ და ემოციურად სრულად იფიტებიან.

საკუთარი ინტერესების ძიებამ შესაძლოა სრულიად განსხვავებულ მიმართულებებამდე მიიყვანოს ადამიანი, იქნება ეს საგანმანათლებლო პლატფორმების შექმნა, ციფრული კომუნების მართვა თუ ხელსაქმის გარშემო აუდიტორიის გაერთიანება. როდესაც საქმე ცნობისმოყვარეობას აღძრავს, მასზე დიდი დროის დახარჯვა ადამიანს არ ფიტავს. სწორედ ეს შინაგანი ენერგია ხდება პროდუქტიულობის, წარმატებისა და პირადი კმაყოფილების მთავარი საწვავი.

მცირე სიხარულის პოვნა ყოველდღიურობაში

სამსახურში სიხარულის განცდა ბევრს მხოლოდ მძიმე შრომის საბოლოო ჯილდოდ წარმოუდგენია, თუმცა ის გაცილებით ეფექტიანია როგორც გზამკვლევი. კარიერული უკმაყოფილების დროს მნიშვნელოვანია იმ მცირე დეტალების მოძიება, რაც დღის განმავლობაში დადებით ემოციას ბადებს. ეს შესაძლოა იყოს საინტერესო კოლეგებთან ურთიერთობა ან საქმიანობის რომელიმე კონკრეტული კომპონენტი.

ამგვარი მიკრო-სიხარულების შემჩნევა ადამიანს აჩვენებს, თუ რაშია ის ძლიერი და რა ანიჭებს შთაგონებას. ეს დაკვირვება იძლევა შესაძლებლობას გამოჩნდეს, რეალურია თუ არა საკუთარი თავის რეალიზება არსებულ გარემოში, თუ ეს სამსახური ადამიანს ენერგიისგან სრულად ცლის.

საკუთარი ინტერესებისა და პრიორიტეტების გადაზრება

აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რა იწვევს რეალურ ინტერესს როგორც სამსახურში, ისე მის მიღმა. ბევრი ადამიანი კარგავს დიდ შესაძლებლობებს მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობს მოერგოს პრესტიჟულ ან სხვის თვალში წარმატებულ სტანდარტებს. პრაქტიკაში კი უჩვეულო, ერთი შეხედვით არაპრესტიჟული ბიზნესინიციატივები ხშირად გაცილებით მომგებიანი და სულისჩამდგმელი აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ელიტური დიპლომით დაწყებული კორპორაციული გზა.

როდესაც ადამიანი საქმეში ინტერესს პოულობს, მას ხანგრძლივი შრომისთვის საჭირო ენერგიაც უჩნდება. ბუნებრივია, არ არსებობს პროფესია, სადაც ყოველი დღე სასიამოვნოა, თუმცა არსებითი სხვაობაა რუტინული ვალდებულებების შესრულბასა და იმ განცდას შორის, თითქოს ადამიანი საკუთარ თავს ღალატობს.

სურვილებისა და რეალური საჭიროებების შეფასება

ცვლილებების მასშტაბს ყოველთვის ობიექტური რეალობა და გარემოებები განსაზღვრავს. პროფესიული ტრანსფორმაცია გაცილებით უსაფრთხოა მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული ფინანსური საყრდენი ან სოციალური გარანტიები, რაც ადამიანს ჯანმრთელობის აღდგენისა და სამომავლო ნაბიჯების გააზრების საშუალებას აძლევს. ნახტომის გაკეთება ყოველთვის იმ წერტილიდან არის საჭირო, სადაც პირველადი საჭიროებები უზრუნველყოფილია.

ხშირად ადამიანები თვლიან, რომ უკმაყოფილების გაჩენისთანავე ყველაფერი უნდა მიატოვონ და ახალი გზის ძიება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ. თუმცა გაცილებით გონივრულია, საკუთარი მიზნები ჯერ არსებულ გარემოებებში გაირკვეს, რადიკალური ნაბიჯების გადადგმის გარეშე. წინდაუხედავი გადაწყვეტილებები და პრაქტიკული საჭიროებების იგნორირება ადამიანს ხშირად გაცილებით რთულ და არასასურველ ჩიხში ამწყვდევს.

წყარო: Fastcompany

როგორ შექმნეს Resident Evil-ის ყველაზე შემზარავი სცენა პრაქტიკული ეფექტებით

როცა გამოუძინებლობა სამსახურისადმი ერთგულებად ითვლება