in

4 რჩევა წარმატებული კარიერული ცვლილებებისთვის

რამდენი სამსახური გქონიათ? ან რას ფიქრობთ, რა მაჩვენებელზე შეიძლება ახვიდეთ თქვენი კარიერის განმავლობაში? ამ რიცხვმა ისტორიულად 12-ს მიაღწია, მაგრამ მომავალში 30-ს ან უფრო მეტსაც კი მიაღწევსო, ამბობენ… სამსახურების უმრავლესობა ჯერ შეიძლება არც არსებობდეს… შესაძლოა, საინტერესოდაც ჟღერდეს, მაგრამ კარიერაში ცვლილებები არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, პროფესორი მიშელ ვეისი 4 რჩევას გვაძლევს:

1. ხაზი გაუსვით თქვენს ჰუმანურ უნარებს

როცა უნარებზე ვლაპარაკობთ, ხშირად ისეთ საკითხებს ვგულისხმობთ, როგორიც კოდირება, რედაქტირება, მონაცემთა ვიზუალიზაცია ან ბიუჯეტირებაა, ნაკლებს ვსაუბრობთ ადაპტაციის უნარზე, თანამშრომლობაზე, კრიტიკის მიღებასა თუ დაძაბულობის შემცირებაზე, ეს არც რეზიუმეში ჩანს, არადა საკმაოდ დიდი ღირებულების მატარებელია…

სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუ თქვენი გამოცდილებების სიას შეადგენთ, როგორც პერსონალური, ისე პროფესიული საკითხებით. დააკვირდით, დროთა განმავლობაში რომელიმე უნარი ხომ არ გაიუმჯობესეთ. მაგალითად, შესაძლოა, ბარისტობამ უკეთეს გუნდურ მოთამაშედ გაქციათ ან შვილის მოვლამ მოთმინებისა და ემპათიის უნარი გაგიუმჯობესათ. ეს ინფორმაციას გვაწვდის იმაზე, თუ როგორ შექმნით ადამიანზე ორიენტირებულ ციფრულ პროდუქტს ან გაუძღვებით გუნდს რეორგანიზაციის პროცესში. იმის გამო, რომ ადამიანური უნარები ძალიან ცვალებადია, გაოცებულიც კი შეიძლება დარჩეთ, უკვე რამდენად მზად ხართ შემდგომი პოზიციისთვის. 

2. გახდით უნარების მთარგმნელი

თქვენი უნარები თქვენივე დამსაქმებლის ენაზე უნდა თარგმნოთ. შეისწავლეთ ინდუსტრია, რომელშიც გადასვლა გსურთ, რადგან კონტექსტის მიხედვით შეიძლება ერთსა და იმავე უნარს განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგალითად, როცა მარკეტინგულ პოზიციაზე კომუნიკაციის ძლიერი უნარების მქონე კანდიდატებს ეძებენ, ისინი ამას სთორითელინგისა და ბრენდინგის უნარებისთვის აკეთებენ, მაგრამ როცა ქცევითი ჯანმრთელობის თერაპევტზეა ვაკანსია, აქ დამსაქმებელს აინტერესებს, რამდენად გაქვთ გამოცდილება თერაპიებსა თუ კრიზისის მენეჯმენტში… 

3. იპოვეთ მონაცემები დისკომფორტში

სამსახურში როდის არ გრძნობთ თავს კომფორტულად? ახალი ტექნოლოგიების დანერგვისას თუ მაშინ, როცა დაწინაურებას გთავაზობენ? ყურადღება გაამახვილეთ ამ სიგნალზე, რადგან მსგავსი ტიპის დისკომფორტი სასარგებლოა. ეს მონაცემები გეუბნებათ, რისი გაუმჯობესება გჭირდებათ. გამოსავალი კი მხოლოდ მოქმედებაა, რისთვისაც ერთ-ერთი მარტივი გზა თქვენთვის საჭირო უნარის გასავითარებლად შესაბამისი კურსის გავლა შეიძლება იყოს. 

4. იყავით პრეტენზიული

გახსოვდეთ, რომ არ ხართ ერთადერთი მათ შორის, ვინც თქვენი უნარების განვითარებაზე უნდა იზრუნოს, აქ დამსაქმებლებიც უნდა დაგეხმარონ. ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როცა სამსახურის შეცვლას გადაწყვეტთ, ეცადეთ, ისეთი კომპანია აარჩიოთ, რომელიც თანამშრომლის განათლებაზეა ორიენტირებული. დააკვირდით ლინკდინს და ნახეთ, ადამიანები დაწინაურდნენ თუ არა კომპანიაში. ინტერვიუს დროს იკითხეთ, რამდენად ზრუნავენ შიდა განვითარებაზე. თქვენ გჭირდებათ დამსაქმებელი, რომელიც თქვენს კარიერას გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს და უნარების გაუმჯობესებაშიც გეხმარებათ. 

დაბოლოს, რაც უნდა ცუდი ჩანდეს თქვენთვის სამუშაო ბაზარი, გახსოვდეთ, რომ ამის კონტროლი თავადვე შეგიძლიათ, თუნდაც ფარული უნარების გამოვლენით, თქვენი ძლიერი მხარეების წარმოჩენითა და არსებულ ხარვეზებთან გამკლავებით. შეგიძლიათ, დამსაქმებლებს ახლებური ხედვაც შესთავაზოთ იმაზე, თუ რატომ უნდა აგიყვანონ სამსახურში…

როგორ აღიქვამს თვალი ფერებს სხვა პლანეტებზე?

წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს