კარიერის შეცვლა საკმაოდ რთულია და, ალბათ, ამაში თავადაც დაგვეთანხმებით… London Business School-ის პროფესორს ჰერმინია იბარას თუ დავესესხებით, შესაძლოა, ამ დროს იცოდეთ, რისი გაკეთება აღარ გსურთ, მაგრამ არ იყოთ დარწმუნებული, რისი გაკეთება გინდათ მომავალში…
თუმცა შემდგომი კარიერული ნაბიჯის გადადგმაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე უფრო ფართოდ ფიქრია, რასაც საკუთარი თავის შესაძლო ვერსიების შესწავლა მოსდევს. აი, სწორედ აქ გეხმარებათ მრავალფეროვანი კავშირები, თუმცა ადამიანებთან ურთიერთობა არც ისე ბევრს გამოსდის კარგად… თქვენც თუ ასე ხართ, არ იდარდოთ, იბარას რჩევები აქვს, თუ როგორ გახდეთ უკეთესები სხვებთან ურთიერთობების დამყარებაში.
მეტიც, The New World of Work-ის ფარგლებში HBR-ის რედაქტორი აგი იგნატიუსი იბარასთან ერთად ისეთ საკითხებს მიმოიხილავს, როგორებიცაა: როგორ შევიცვალოთ კარიერა წარმატებულად? როგორ ვიყოთ ავთენტურები სამსახურში, საკუთარი ზრდისა და განვითარების შეზღუდვის გარეშე? და როგორ დავამყაროთ ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ ახალ შესაძლებლობებთან დაგვაკავშირონ? იგნატიუსის ამ ძალიან საინტერესო კითხვებს იბარა პასუხობს, რომელსაც კარიერულ საკითხებში 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს.
რატომ ფიქრობს დღეს ყველა კარიერის შეცვლაზე?
ამის ხელშემწყობი ოთხი ფაქტორი არსებობს — რაც უფრო დიდხანს ვცოცხლობთ, აღარ გვსურს, 40 წლის ასაკში ყველაფერი დამთავრდეს, რადგან კიდევ 40 წელი მარტივად შეგვიძლია ვიმუშაოთ და მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ამისგან. მეორე საკითხი კი ტექნოლოგიებს შეეხება, რაც ყველაფერს ცვლის — ძველ საქმეებს აქრობს და ახალ სამსახურებს ქმნის, საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი ადგილიდან ვიმუშაოთ, ძალიან საინტერესო კონტექსტსაც გვთავაზობს, რომ საკუთარი თავის ახალი ვერსიის შექმნა შევძლოთ.
შემდგომ კი ჩვენი კომპანიები, ორგანიზაციები და სამუშაო სივრცეები მოდის, რომლებიც ყოველთვის პრობლემურია. მართალია, ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის, მაგრამ აქვეა გამოწვევებიც… ჩვენ არ ვრჩებით სამსახურში ისე, როგორც ადრე, არჩევანისა თუ აუცილებლობის გამო… მეოთხე კი ის არის, რასაც სამსახურისგან ველით და ეს მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა თითქმის ყველაფერი გვსურს, დაწყებული მისწრაფებით, დამთავრებული მიზნითა თუ მოქნილობით. თუმცა ამასთან, მოუთმენლებიც ვართ და თუ არ მივიღებთ იმას, რაც გვინდა, მზად ვართ, ჩვენი გზა გავაგრძელოთ.
თანამედროვე ბიზნეს სამყაროში თუ კარიერის ცვლილება ტრენდულია მაშინ, რატომ უჭირთ ასე ძალიან?
ეს საკმაოდ რთული პროცესია და იმაზე მეტი სჭირდება, ვიდრე ადამიანები ფიქრობენ. ერთ-ერთი ის არის, რომ ადამიანების უმეტესობამ იცის, რისი კეთება აღარ უნდა, მაგრამ ზუსტად ის არა, თუ რა სურს აკეთოს ამის სანაცვლოდ. ხოლო, როცა პასუხი არ აქვთ, არც იციან რა გააკეთონ, არ იციან როგორ და რა მოძებნონ…
„რასაც ვაკეთებთ, ჩვენც ის ვართ“ — შემდგომი საკითხი სწორედ ამ ფრაზის უკან იმალება, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილია. იმ სამსახურის დაკარგვაც კი, რომელიც არ მოგვწონს, დიდი დანაკლისია, რადგან ეს ის არის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით; ის ადამიანები არიან, რომლებთანაც დროს ვატარებდით, ჩვენ შევქმენით ეს და ჩავდეთ ინვესტიცია მასში. ხოლო ფსიქოლოგიური დანაკარგის შეგრძნება დიდი ბარიერია.
დაბოლოს, როცა კარიერას ვიცვლით, რაღაც განსხვავებულისკენ ვისწრაფვით, სადაც არც ნაბიჯებია მკაფიო და არც დროა განსაზღვრული, არც როლური მოდელები გყავთ… მაგალითად, თუ ხართ იურისტი, რომელსაც სურს, გახდეს მეწარმე ხელოვნებაში, არ არსებობს საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც მიჰყვებით. ადამიანები აქ სხვადასხვა გზით განვითარდნენ, შესაბამისად, არც ის არის ნათელი, როგორ უნდა იმოქმედოთ თავად.
არსებობს რაიმე რჩევა, რომელიც დაგვეხმარება მკაფიოდ ვიფიქროთ მომავალ ნაბიჯებზე?
პირველ რიგში, იმაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოთ, რომ თუ პასუხი, მიზანი ან თქვენთვის სასურველი კარიერა არ იცით, უნდა დაელოდოთ მანამ, სანამ ამას არ გააცნობიერებთ. სინამდვილეში ეს ასე არ მუშაობს. შესანიშნავია, როცა ადამიანები თქვენთან შეთავაზებებით მოდიან, მაგრამ საშიშიც შეიძლება იყოს, რადგან ხშირად კონკრეტული საკითხები ძალიან ახლოა იმასთან, რასაც უკვე ვაკეთებთ და თუ ცვლილება გსურთ, ეს საუკეთესო ვარიანტი არც უნდა იყოს.
ამაზე მნიშვნელოვანი ექსპერიმენტებია, იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ: „რომელია იდეალური სამსახური ჩემთვის?“, იკითხეთ: „რა შეიძლება იყოს ის 10 ან 6 ორგანიზაცია ან 5 განსხვავებული გზა, რომლებსაც მივმართავდი?“ და დაიწყეთ მათი კვლევა პარალელურად. ზოგჯერ რაც გსურთ, ისეთი არ აღმოჩნდება, როგორზეც ფიქრობდით… ეს მეტად რთულია და დროც სჭირდება. ამიტომ, რაღაცები პარალელურად უნდა აკეთოთ. ამისთვის კარგი რჩევა, ალბათ, შესაძლებლობების ჩამონათვალის შედგენა უნდა იყოს, ანუ ჩვენი შესაძლო ვარიანტების.
კარიერის შეცვლისას არსებულ გამოცდილებასა და სარგებელს თითქოს საფრთხის წინაშე ვაყენებთ. როგორ ავიცილოთ ეს თავიდან ან როგორ ვიფიქროთ ამ საკითხზე?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტთ შემდგომში… მაგალითად, ადამიანმა, რომელიც კომპანიაში ფინანსური ოფიცერი იყო და ახლა კინორეჟისორობა მოინდომა, ყველაფერი სულ თავიდან უნდა დაიწყოს. ხოლო, როცა ეს ორი სფერო ერთმანეთთან შედარებით ახლოა, მათ საშუალება აქვთ, არსებული უნარები და გამოცდილება ახალ კონტექსტში გამოიყენონ. ადამიანები ამ დროს წარმოშობილი პრობლემების გადაჭრას სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნებითაც ცდილობენ, თუმცა ყველას ავიწყდება, რომ ეს გზა სულ წინსვლას არ გულისხმობს…
პირობითად, ანა HR-ში 21 წელი მუშაობდა, შემდგომ კი უფრო პატარა ორგანიზაციაში გადასვლა გადაწყვიტა, რომელზეც ფიქრობდა, რომ მეტად მოქნილი იქნებოდა, თუმცა ეს მისთვის საკმაოდ ტოქსიკური აღმოჩნდა. მართალია, ახალი ორგანიზაცია სურდა, მაგრამ ახლა გაურკვევლობის შიში აქვს და როგორ უნდა დაძლიოს ეს?
ეს სიტუაცია სრულად გასაგებია. სამწუხაროდ, შესაძლოა, კარიერული ცვლილების პროცესი ერთი ნაბიჯით წინ, ხოლო ორი ნაბიჯით უკანსვლას ნიშნავდეს. თუმცა ასე მან რაღაც ისწავლა, რომ უფრო მეტი კვლევაა საჭირო იმ კონტექსტის, რომელშიც გადასვლას აპირებს. თუნდაც ეს შემოთავაზება იყოს, აუცილებელია, დაფიქრდეთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი.
და როგორ უნდა იფიქრონ ლიდერებმა ავთენტურობაზე?
რა არის ავთენტურობის განმარტება? თვისებაა? შედეგი? საკუთარი თავის შესწავლისა და მისი მაქსიმალურად წარმოჩენის პროცესი? არ მგონია, რომ ეს თვისებაა, უფრო მეტად სწავლის პროცესია. ჩვენ გვსურს, რომ ავთენტურები ვიყოთ, არავის მოსწონს სიყალბე, არავინ მისდევს მას, მენტალური ჯანმრთელობისთვისაც ცუდია. კითხვა უფრო იმას უნდა ეხებოდეს, თუ როგორ განვსაზღვროთ ავთენტურობა ისე, რომ ამან არ უარყოს ის, ვინც ყოველთვის ვიყავით. ჩვენ ვიზრდებით, ვვითარდებით, ვსწავლობთ… ამიტომ კითხვა ასე უნდა ჟღერდეს: „რას ნიშნავს ავთენტურობა სწავლის პროცესში?“.
შესანიშნავია, როცა ეს ჩვევაში გადასული ქმედებაა. ამ დროს იცით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს, მაგრამ როცა სწავლობთ, ჯერ განსაზღვრული არ გაქვთ. ადამიანები ხშირად ჩვევაში გადასულ ქმედებებს ავთენტურობაში ურევენ და როცა კომფორტის ზონიდან გადიან, ხშირად ამბობენ: „ეს არ არის ჩემი ნამდვილი ვერსია, მე არ ვარ ასეთი ავთენტური“…
ხშირად სამსახურში ავთენტურობად ღია საუბრებს თვლიან იმაზე, თუ ვინ არიან, რა სექსუალური ორიენტაცია აქვთ, როგორია მათი პირადი ცხოვრება, ისინი ფიქრობენ, რომ სამსახურში ამგვარ ავთენტურობას თუ გამოავლენენ, თავს ბედნიერად იგრძნობენ…
ჩემთვის ეს უფრო მეტად კუთვნილების გრძნობაა, იმის განსაზღვრა: „მივეკუთვნები აქაურობას თუ უნდა დავმალო ის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რათა აქ ეფექტური ვიყო?“. საკუთარი თავის სამსახურში წარმოჩენის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, სამსახურებრივი ურთიერთობები ურთიერთობებია, რომლებშიც ადამიანები ერთმანეთს იცნობენ და იმ წუთში, როგორც კი ვიღაცას შეხვდებით, არ უნდა უთხრათ ყველაფერი თქვენ შესახებ, თქვენს პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაზე, ძლიერ მხარეებსა თუ ეჭვებზე. ჯერ უნდა გაიცნოთ ისინი. მართალია, საკუთარ თავზე საუბარი გეხმარებათ ურთიერთობების დამყარებაში, მაგრამ ეს არ გულისხმობს ყველა მომენტში ამის კეთებას იმ გზით, რომელიც პატივს არ სცემს სამსახურებრივ ურთიერთობებს.
როგორია 2023 წლის ლიდერის იდეალური პროფილი, რა უნარები და გამოცდილება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი?
დღეს კომპანიები მრავალი პრობლემის წინაშე დგანან, რომლებიც ადაპტირდება… ეს იმას ნიშნავს, რომ მარტივი გამოსავალი არ არსებობს, სწორედ ამიტომ, ლიდერმა უნდა შეძლოს ყველას ენერგიის, ტვინისა თუ გულის გამოყენება, რათა საბოლოოდ არსებული პრობლემები გადაჭრას. მათ სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება მოუწევთ. საშუალება უნდა მისცენ მათ, თქვან ის, რასაც ფიქრობენ, იმუშაონ საკუთარი კომფორტის ზონიდან… მნიშვნელოვანია, ადამიანების საუკეთესო ვერსიების მიღება შეძლონ და უზრუნველყონ კონტექსტი, რომელიც ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას მოიცავს.
კავშირების დამყარება მარტივი ჩანს, მაგრამ ბევრს უჭირს ეფექტური თუ მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარება, როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?
ადამიანები ნარცისები და ზარმაცები ვართ, ჩვენი მსგავსი ინდივიდები მოგვწონს, მარტივია მათთან საუბარი და რადგან არც ბევრი დრო გვაქვს, იმ ადამიანებს ვიცნობთ, რომლებიც „მეზობლად“ არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქსელი კუნძულოვანია, არც საინტერესოა და არც კარგი, არც გვეხმარება ახალი სამსახურის პოვნაში, შესაბამისად, არც დიდ პოზიციებზე გადასვლაში.
ამ საკითხზე კი აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ასე სხვა ადამიანებს იყენებთ, ნაკლებად გულწრფელად გრძნობდეთ თავს ან მერიტოკრატიული გრძნობები იჩენდეს თავს, მაგრამ მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ბევრი ადამიანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამსახურების მისაღებად თუ კარიერული ცვლილებებისთვის. და როგორ უნდა მოახერხოთ ეს? საკმაოდ მარტივია, შეუერთდით პროექტს, აიღეთ კურსი, ჩაერთეთ გარე აქტივობებში, დაუკავშირდით ადამიანებს, გაესაუბრეთ მათ ღონისძიებებზე…
ჩავთვალოთ, რომ ახალ პოზიციაზე გადავინაცვლეთ — იქნება ეს ხელმძღვანელი თუ საშუალო რგოლის მენეჯერი. როგორ უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, როგორ განვვითარდეთ, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ჩვეული რუტინა, როგორ განვაგრძოთ განვითარება?
ახალ პოზიციაზე რომ გადავსულიყავი, საკუთარი თავის ხელახლა შექმნაზე სულ არ ვიდარდებდი… თქვენ იმისთვის დაგიქირავეს, ვინც ხართ. გაიაზრეთ ეს და დარწმუნდით, რომ ყველა აქციონერს დაუკავშირდებით, უნდა ეცადოთ, გამოიყენოთ ყველაფერი, რაც ამ როლს ახლავს თან.
დაბოლოს, მთავარი, რასაც ადამიანებს ვეტყოდი, ის არის, რომ დაფიქრდნენ, როგორ განსაზღვრავენ სამუშაოს, სად გაატარებენ დროს და რას დაუთმობენ მას. შეგიძლიათ პორტფოლიოსავით შეხედოთ, სადაც დროს ახალი რაღაცების სწავლასა და მათ გამოკვლევაში დახარჯავთ ან ჩაერთვებით პროექტებში, რომლებიც ორგანიზაციის მეტად სტრატეგიულ ხედვას მოგაწვდით, ახლოს იქნება იმასთან, რასაც ჩვეულებრივ აკეთებთ. მაგრამ მაინც არსებობს ის კონკრეტული რაღაც, რაც ნამდვილად გაძლევთ არსებული საზღვრების გაფართოების საშუალებას და ეს კომფორტის ზონიდან გამოსვლაა.
წყარო: HBR