in

კარიერული რყევა დიზაინში – გამოწვევა, რომელიც დაძლევადია

დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში პროფესიები არათუ გაჩნდა, არამედ გაჩენაც მოასწრო და სულ მალე სახის ცვლილებაც. გუშინ თუ გრაფიკოსდიზაინერი იყავი და შენი ძირითადი ფუნქცია ლოგოსა და პოსტერების ბრიფის მიხედვით შექმნა იყო, ხვალ შეიძლება მარტო ილუსტრატორში ხატვა არ გეყოს შენი კომპეტენციის დასამტკიცებლად, საჭიროა, AI-შიც ერკვეოდე და დიზაინმეთოდოლოგიები ფუნჯის გასმაზე უკეთ გესმოდეს. 

BOG
BOG

კარიერაში რყევები ხშირად ხდება და საშიში არაფერია, თუ თავიდანვე მოგცემენ რჩევებს და გამოცდილებას გაგიზიარებენ. სწორედ ამიტომ ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ თანამედროვე გრაფიკოსდიზაინერების რეკომენდაციებს, რომლებიც გეტყვიან, როგორ დაძლიოთ მუდმივი ცვლილებები და ქაოსურობა თქვენი, როგორც დიზაინერის და, ზოგადად, შემოქმედის კარიერაში.

თქვენ უფრო ღირებული ხართ, ვიდრე გგონიათ

დიდხანს იყო ბჭობა იმის შესახებ, ევალება თუ არა დიზაინერს მონტაჟის, გადაღების და მსგავსი უნარების ფლობა და პასუხიც გარკვეულია – არ ევალება, მაგრამ დამატებითი უნარები მას უფრო მაღალანაზღაურებადს ხდის და ეს ფაქტია. დღესდღეობით დამსაქმებლები უპირატესობას ანიჭებენ დიზაინერს, რომელსაც ეხერხება ვიდეომონტაჟი, ანიმაცია, ფოტოგრაფია და სხვა მომიჯნავე კრეატიული საქმიანობა. ეს არ არის გასაკვირი, რადგან დამსაქმებელი ყოველთვის ამჯობინებს ერთ თანამშრომელს, რომელმაც ბევრი რამ იცის, ვიდრე ის, რომელიც მხოლოდ დიზაინს ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან კარგად აკეთებდეს ამას.

ზოგიერთი დიზაინერი იმასაც დასძენს, რომ დამატებითი გამოცდილების დახმარებით, მისი დიზაინერული ნამუშევრები კიდევ უფრო მიმზიდველი და დახვეწილი გამოდის. ამიტომ ნუ იქნებით რადიკალურად განწყობილი და არ მოერიდოთ ახალი უნარების ათვისებას მხოლოდ იმ აზრით, რომ ეს სათქვენო არ არის.

უბრალოდ, დაიწყეთ შექმნა

ხშირად საკუთარ თავზე დიდ ზეწოლას ვახდენთ და ამით შედეგებს ვასუსტებთ. ამის საპირწონედ, დიზაინერები გვირჩევენ: „კრეატიულობა თქვენშია, თქვენ უბრალოდ უნდა მისცეთ მას სივრცე, რომ გამოვიდეს“. 

მეტი თავდაჯერებულობისთვის შეგიძლიათ, ონლაინკურსები გაიაროთ და კვალიფიკაცია აიმაღლოთ, ასევე, ყველა დიზაინერის რეკომენდაციაა პერსონალური პროექტების შექმნა, სადაც საკუთარ თავს მაქსიმალურად გამოავლენთ და იმუშავებთ იმ თემებზე, რომლებიც თავად გსიამოვნებთ.

შეინახეთ ენერგია

თუმცა ზემოხსენებულ საქმიანობასთან ერთად აუცილებელია დაიტოვოთ ენერგია დასვენებისთვის. „ჩვენ, დიზაინერებს, ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტი გვავიწყდება – საკუთარი თავი”. დღესდღეობით კომპანიები ითხოვენ, რომ ყველაფერი ვიცოდეთ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, თქვენ სად ხედავთ საკუთარ თავს. 

თუ მხოლოდ გრაფიკოსად ხედავთ საკუთარ თავს, მაშინ იფიქრეთ მხოლოდ იმ უნარების განვითარებაზე, რომლებიც კარგ დიზაინერად გაქცევთ. 

მაგრამ, თუ თქვენი მიზანია საკუთარი სტუდიის მართვა, მაშინ უნარების უფრო ფართო სპექტრის ქონაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ხატავთ, არამედ კომუნიკაციის სწორი უნარები, დამკვეთების შოვნა, საქმეების განაწილებაც გევალებათ, რასაც პრაქტიკა, ბიზნესალღო და დაგეგმვა სჭირდება.

რა შეიძლება ისწავლოთ დიზაინის პარალელურად

პროდუქტის მენეჯმენტი, კრეატიული სტრატეგიის შექმნა, ფრონტ-ენდის საფუძვლები, ამბის თხრობა და კონტენტმენეჯმენტი – ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც კარგ დიზაინერს კიდევ უფრო წარმატებულ და მოთხოვნად თანამშრომლად აქცევს. 

გარემო ყოველთვის შეიძლება არ იყოს ფორმალური

გააზიარეთ თქვენი გამოცდილება და რჩევები არაფორმალურ გარემოში. დაწერეთ ბლოგი, ჩაწერეთ ვლოგი, დააფიქსირეთ მოსაზრებები, იაქტიურეთ ჯგუფებში – არ მოგერიდოთ საკუთარი თავის გამოვლენისა და იმის ჩვენებისა, რომ კომპეტენტური ხართ ამა თუ იმ საკითხში.

ყველა ამ რჩევაში მომხიბვლელი ისაა, რომ კარიერული რყევა წარუმატებლობად არავინ არ უნდა აღიქვას. ეს არის ევოლუციისა და განვითარების საშუალება, თუ, რა თქმა უნდა, სწორად შეხედავ და საკუთარ თავს შესაძლებლობებს გაუხსნი. დაანებეთ თავი სხვებთან თავის შედარებას, რადგან კარიერის აწყობა რბოლა არ არის, ეს არის თქვენი პორტფოლიოს მუდმივი გაუმჯობესება. ამიტომ, თუ ახლა კარიერაში გარდამტეხი ეტაპი გაქვთ და ფიქრობთ, რომ რყევას განიცდით, არ შეშინდეთ, შეიძლება სწორედ ესაა იმის ნიშანი, რომ ვითარდებით და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ხდებით.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

Fourier-ის N1 ჰუმანოიდი რობოტი სალტოებს აკეთებს