კარლო ჩორგოლაშვილი ბრიტანულ ფინანსურ ტექნოლოგიურ კომპანიას, Revolut, შეუერთდა! იგი ამ ეტაპზე უფროსი ციფრული პროდუქტების დიზაინერის პოზიციას დაიკავებს და ჩაიბარებს კრედიტების მიმართულებას, რაც აღნიშნული მიმართულებით ვებ და მობაილ პლატფორმებზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და გამარტივებას გულისხმობს.
კარლო უკვე ცხრა წელია,რაც დიზაინის სფეროში მოღვაწეობს, როგორც ციფრული პროდუქტის დიზაინერი და საკმაო გამოცდილება აქვს სხვადასხვა სეგმენტში, ქართულ, ევროპულ და ამერიკულ მარკეტზე.
Revolut 2015 წელს ნიკოლაი სტორონსკიმ და ვლად იაცენკომ დააარსეს. კომპანიის საბანკო მომსახურება მოიცავს ბრიტანული ფუნტის და ევროს ანგარიშებს, სადებეტო ბარათებს, უნაღდო ვალუტის გაცვლას და თანაბარუფლებიან გადახდებს. ასევე, ის უზრუნველყოფს მომხმარებლების კრიპტოვალუტაზე წვდომას.
“Revolut-ს როგორც კომპანიას დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდი თვალს და ყოველთვის სიმპათიით ვიყავი განწყობილი, აქედან გამომდინარე Revolut-ში მოხვედრის სურვილი ყოველთვის მქონდა… დაახლოებით თვენახევრის უკან, მაშინ როდესაც ახალი გამოწვევების ძიებაში ვიყავი, Revolut-მა ბერლინში გამოაცხადა ვაკანსია, ციფრული პროდუქტის დიზაინერის პოზიციაზე. ეს ერთადერთი კომპანია და პოზიცია იყო, რომელზეც მთლიანად ვკონცენტრირდი და იმ დღიდან დაიწყო ჩემი თვენახევრიანი რეკრუიტინგის პროცესი Revolut-ში, როდესაც გავიარე შვიდი ეტაპი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ჩემი ცოდნის და გამოცდილების ერთგვარი ტესტირება იყო. Revolut-ისგან საბოლოო თანხმობა და ოფერი იანვრის თვეში მივიღე და ჩემი კომპანიაში გაწევრიანების პროცესი დაიწყო.” – ამბობს კარლო ჩორგოლაშვილი.