in

საქართველო დიდია, სერ! – ყველას საკუთარი კარლო კაჭარავა ჰყავს

ისინი, ვისთვისაც მე ვწერ, ცოტანი არიან. ისინი ვერაფერს შეცვლიან ამ სამყაროს საქმეებში, მაგრამ მხოლოდ მათთვის ვარ დაბადებული.

ჟორჟ ბერნანოსი

დიახ, საქართველო დიდია, სერ! დიდია, რადგან კარლო კაჭარავა ჰყავდა საქართველოს. ბიჭი, რომელიც XX საუკუნის ბოლოს საქართველოში ცხოვრობდა და გამოირჩეოდა ინდივიდუალურობით, აზროვნების ფორმით, ახლის შექმნის სურვილით. მისი შემოქმედება არავისას გავს. შეხედავ და იცი, რომ ეს კარლოა. ხელწერა, რომელიც მან შექმნა, არ მოგცემს უფლებას, სხვა მხატვარში შეგეშალოს.

დიახ, არსებობდა ასეთი მხატვარი, რომელიც ალტერნატიული კულტურის სიმბოლოდ იქცა და რომელიც წუხდა იმაზე, რომ ქართული თანამედროვე ხელოვნება დანარჩენი სამყაროსთვის უცნობი იყო. ასეთი იყო კარლო კაჭარავა – 90-იანელთა თაობის წარმომადგენელი.

“კარლო ბავშვობიდან მახსოვს. ხშირად მოდიოდა ჩვენთან; დამახასიათებელი მეტყველების მანერა და ოდნავ დიდი თავი ჰქონდა, რაზეც ჩემები ხუმრობით ამბობდნენ: რა გასაკვირია, ამდენი ტვინი აბა სად უნდა დაეტიოს. არც თავდაჭერა ჰქონდა კარლოს ჩვეულებრივი. ,,სერ!”, – აყოლებდა თითქმის ყოველ ფრაზას, ,,როგორ გიკითხოთ, სერ?” ან ,,საუცხოო ლიქიორი გაქვთ, სერ!”. ყველაზე ხშირად კი მაინც ამას იმეორებდა: ,,ინგლისი დიდია, სერ!”. მაშინ არაფერი გამეგებოდა კარლოს ამ სიტყვებით ნახევრად ირონიული ნეორომანტიკული თამაშისა, მაგრამ როგორც ბავშვი, ინტუიტიურად ვგრძნობდი არტისტული თამაშის ელემენტს და საოცრად მომწონდა.’’ –  იხსენებს კარლო კაჭარავას მეგობრის შვილი

კარლო კაჭარავა მხოლოდ მხატვრობით არ შემოიფარგლებოდა. ის ასევე იყო ესეისტი, პოეტი, არტ-კრიტიკოსი და მოაზროვნე. წერდა შესანიშნავ სტატიებს. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმ პერიოდში, როცა ყველაფერი რთული მოსაპოვებელი იყო, კარლოს სულ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა საზღვრებს იქით. აგროვებდა მხატვრობაზე წიგნებს. საუბრობდა, ბევრს საუბრობდა და უფრო მეტს წერდა.

კარლო კაჭარავა იყო პირველი, რომელმაც გადაწყვიტა ღრმად შეესწავლა დასავლეთის ხელოვნება. იკვლევდა როგორც ქართული, ისე დასავლეთევროპული თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა საკითხს. ეწეოდა დასავლური მხატვრობის პროპაგანდას და ცდილობდა პოპულარიზაცია გაეწია ქართველი მხატვრებისთვის, თუმცა ის პერიოდი, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება, არ იძლეოდა დიდ შესაძლებლობებს.

კარლო კაჭარავა 1964  წლის 7 თებერვალს დაიბადა სამტრედიაში. დაბადებიდან ძალიან მალე ფანქარი აიღო ხელში და სიცოცხლის ბოლომდე აღარ გაუშვია ხელიდან.

ხატავდა, კითხულობდა და წერდა. მისი ცხოვრების დევიზიც ეს სიტყვები გახლდათ დაჯექი, დაწერე, დახატე”.

ის სიცოცხლის ბოლომდე ამ დევიზის ერთგული დარჩა, რადგან მხატვრობა მისთვის სამყაროსთან ბრძოლის იარაღი გამხდარიყო.

 “მე ძალიან ბევრს ვხატავ. ხატვა ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. ინგმარ ბერგმანის თქმის არ იყოს, მე შევიშლებოდი ბევრი რომ არ მემუშავა. სამყაროსთან ბრძოლის იარაღი მხოლოდ მხატვრობაა.” – ამბობდა  კარლო კაჭარავა.

სწავლობდა თბილისის 1 ექსპერიმენტულ სკოლაში და ჩანთა, რომელიც მასთან ერთად გადიოდა სახლიდან-სკოლამდე გზას, დოსტოევსკი დაარქვა. გააფორმა ოთარ ჭილაძის ლექსების ფრაგმენტებითა და საკუთარი ჩანახატებით.

ბავშვობაში გამორჩეული, თავის ასაკთან შედარებით განვითარებულ და ნიჭიერ პატარა კარლო კაჭარავას განსაკუთრებით ჰუმანიტარული საგნები იზიდავდა. ის არც სკოლაში იყო ჩვეულებრივი ბავშვი. შემოქმედებითი კუთხით აქტიური კარლო კაჭარავა თავის ორ თანაკლასელთან ერთად იწყებს ჟურნალის გამოშვებას სახელწოდებით ,,დადაისტები’’ , სადაც მაკაბელის ფსევდონიმით წერს.

კარლო კაჭარავას ბავშვობა

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1981 წელს სწავლას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. სკოლის მსგავსად, აკადემიაშიც ძალიან კარგად სწავლობდა.

კარლო კაჭარავა თავის თავს ასე ახასიათებდა : ,,მხატვრებისთვის ხელოვნებათმცოდნე ვარ, ხელოვნებათმცოდნეებისთვის ვარ გაურკვეველი ავანგარდისტი, რომელიც რაღაცას ვხატავ და რატო ვხატავ არავინ იცის და პოეტებისთვის ვარ დემაგოგი, თუმცა რეალურად მე ვარ პოეტი.’’

პოეტად ჯარში ყოფნის დროს ჩამოყალიბდა. ამ დროს შეიქმნა კარლოს პოეზიის ისეთი თემები, როგორიცაა: “მგზავრობის ანგელოზი”,  ,,ცხოვრების მასწავლებელი ახლებენ ინოში’’, ,,განწირულნი და მართალნი’’, ,,საბჭოური ეროტიკა’’, და მისი  პირველი პოემა ,,დოკუმენტური ფილმი’’.

მისი შემოქმედების განმსაზღვრელ თემებად იქცა თავად მხატვრის ოჯახი : ,,ინჟინერის სიყვარული’’, ,,მამა და ქალიშვილი’’, ,,მამის პური’’. ,, ეძღვნება ლიკას’’, ,,უკვდავი წინაპრები და ნათესავები’’

1986 წელს  კარლო კაჭარავა ამთავრებს აკადემიას. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ კი მუშაობას იწყებს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში.

რეალურად კარლო კაჭარავა ახალმა თაობამ, როგორც მხატვარი ისე გაიცნო. პოეზია კი შემდეგი აღმოჩენა გახდა. ვფიქრობ, თუ მისი პოეზია არ გაითავისე, ვერ გაიგებ მის ფერწერას. თუ ამ ორის ერთმანეთისგან გამიჯვნას გადაწყვეტთ, აუცილებლად დაინახავთ, რომ ერთიანობა დაირღვევა.

კარლო კაჭარავას პოეზია წარსულში მოგზაურობაა. ადგილი, საიდანაც სიტყვები გკარნახობენ, თუ როგორი იყო ერთ დროს საქართველო. რაც უფრო ღრმად შეისწავლი, მით უფრო გახვედრებს, რომ დიდი არაფერი შეცვლილა ქვეყანაში, რომელშიც ახლა ჩვენ გვიწევს ცხოვრება. მისი პოეზია სავსეა პოეტის ფიქრებით, მეგობრებით და თანამედროვე ხელოვნებით. კარლო კაჭარავა შეგვიძლია განვიხილოთ პოეტ-რეალისტებს შორის, თუმცა ის უფრო პოეტ-დოკუმენტალისტია. მას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მისი თაობის წარმომადგენლებს შორის.

მისი შემოქმედება სოციალური პრობლემატიკითაა დატვირთული. კარლო კაჭარავა წერდა: ,,ვცხოვრობ ამ ზიზღითა და სიყვარულით სავსე ქვეყანაში, რომელსაც სამწუხაროდ ჩემი სამშობლო, საქართველო ჰქვია.’’

კარლო ძალიან განიცდიდა არსებულ რეალობას.  1990 წლებში განსაკუთრებით ცუდ პირობებში ჩავარდნილი ქვეყანა მისი ყოველდღიური საფიქრალი გახდა. მისი ფერწერის გაცნობისას, თუ დეტალებს დააკვირდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ იმ პერიოდის სინამდვილის ამსახველ დეტალებს. მაგ:  ლამფა, ლამპიონები, უსახური კორპუსები, ადამიანების ჩაფიქრებული სახეები, რომელზეც უიმედობა და სასოწარკვეთაა ასახული. კარლო კაჭარავა გვევლინება, როგორც ადამიანების ღირებულებების დამცველი მხატვარი.  მისი ნახატები ძალიან ზუსტად გადმოსცემს ადამიანების გაუცხოებას როგორც ერთმანეთის მიმართ, ისე გარესამყაროსთან.

ის განმარტავდა: ,,ჩემი სურათებით მე ვცდილობ ადამიანის პიროვნული სამყაროს ღირებულებების დაცვას’’.

მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესოა, თანაც ძალიან რთულად აღქმადი. კ. კაჭარავას ნახატებში მცხოვრები პერსონაჟები არიან უცნაურები და  ინდივიდუალურ ისტორიებს ჰყვებიან.

საკუთარი ფერწერით უკმაყოფილო კ. კაჭარავას გრაფიკული ჩანახატების ალბომი მოსწონდა ყველაზე მეტად. ფიქრობდა, რომ მისი ძლიერი მხარე უფრო გრაფიკა იყო, ვიდრე ფერწერა.

მისი გრაფიკული ნამუშევრებიდან ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნამუშევრად ითვლება ,,მეფე და პოეტი’’ , რომელშიც თვალნათლივ ჩანს ამერიკელი მხატვრის ჟან-მიშელ ბასკიას ტილოების ზეგავლენა.

მეფე და პოეტი – კარლო კაჭარავა

კარლო კაჭარავას ინტერესი მხოლოდ მხატვრობის გარშემო არ ტრიალებდა. მას ინტერესების დიდი არეალი ჰქონდა და მხატვრობასთან ერთად მოიცავდა ლიტერატურასა და კინოს.

ყველაფერში კარგად ერკვეოდა და გემოვნებაც დახვეწილი ჰქონდა. მისი საყვარელი რეჟისორები პიერ პაოლო პაზოლინი და ფედერიკო ფელინი იყვნენ, თუმცა განსაკუთრებული სიყვარული ბერგმანის მიმართ ჰქონდა. როგორც ცნობილია, სცენები მისი ფილმებიდან ზეპირადაც კი იცოდა. კაჭარავას ფერწერაში რეალურ პერსონაჟებთან ერთად ვხვდებით გამოგონილ პერსონაჟებს და მათთან ერთად თავად მხატვარსაც.

მის შემოქმედებაში ასევე დიდი ადგილი უჭირავს წიგნებისა და ფილმების ილუსტრაციებს, რომელთაც თან ახლავს ავტო ციტატები და ტექსტის ფრაგმენტები, რომლებიც ქართულ და გერმანულ ენაზეა შესრულებული (ენიო მორიკონე, 1993 წ.), ( სიუზან ზონტაგი, 1992 წ.), (ახალი სამოთხე, 1993 წ) , (ფრანც კაფკა, 1990 წ. ) და აშ.

ვინც კარლო კაჭარავას შემოქმედებას ახლოდან იცნობს ალბათ ახსოვს მისი განსაკუთრებული პერსონაჟი ჰელენა, რომელსაც რეალური პროტოტიპი ჰყავდა და კაჭარავას ფერწერაში დიდი ადგილი უკავია. ახალგაზრდა ქერათმიანი ქალის სახე და წარწერა ,,Fur Helena’’ (ჰელენასთვის) გოგონა შვედეთიდან, რომელიც 1982 წელს სტუდენტურ პრაქტიკაზე  ყოფნის დროს გაიცნო, მუდმივ შთაგონების წყაროდ იქცა. ჰელენასთან კარლოს  სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია კონტაქტი. ის ხშირად ამბობდა: ,,ჰელენა ჩემთვის ყველაფერია: უბედურებაც და ბედნიერებაც’’. 

კაჭარავას შემოქმედების დიდი ნაწილი ჰელენას ეძღვნება. მისი სახე გვხვდება სურათზე: ,,ინგლისი, დიდია სერ!’’, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება.  სახელწოდება კი კარლოს მეგობრის, ასევე მხატვრის, მამუკა ცეცხლაძის ფრაზიდან მოდის, რომელიც გულისხმობდა, რომ ,,ეს ქვეყანა მრავალფეროვანია’’.

,,არქივარიუსები’’ და ,,X სართული’’

სანამ შეიქმნებოდა ,,X სართული”, არსებობდა ,,არქივარიუსები’’  მხატვართა ჯგუფი, რომელიც ცდილობდა თავისი სიტყვა ეთქვა საზოგადოებისთვის. ეს იყო ხელოვნების გზით წამოწყებული დიალოგი მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ღრმა ძილით ეძინა.

ქვეყანაში, სადაც არაფერი ხდებოდა  სიცივის, უშუქობის და შიმშილის გარდა, სოციალური პრობლემებით გადაღლილი თბილისის გამრავალფეროვნება თავის თავზე ოთხმა მხატვარმა აიღო (კარლო კაჭარავა, მამუკა ცეცხლაძე, გია ლორია, გოგა მაღლაკელიძე). პირველი გამოფენა გია ლორიას სახლში მოეწყო. ორივე  ჯგუფის შემთხვევაში, ლიდერი და იდეოლოგი კარლო კაჭარავა გახლდათ.

,,არქივარიუსებისგან’’ განსხვავებით ,,X სართული’’ უფრო დიდი შემადგენლობის იყო. მათი კრიტიკოსი, რა თქმა უნდა, კარლო კაჭარავა იყო. ახალი ავანგარდისტული ჯგუფი 1986 წელს ჩამოყალიბდა სამხატვრო აკადემიის მეათე სართულის პატარა ოთახში.

მათი პირველი გამოფენა ჯგუფის შექმნიდან მალევე გაიმართა ,,ქარვასლაში’’, რომელსაც მხატვარი გია ბუღაძე ხელძღვანელობდა. ჯგუფის წევრები სხვადასხვა მასალაზე მუშაობდნენ და მართავდნენ გამოფენებს  ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე არავის მოსვლია აზრად. ასეთი ადგილი იყო თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც მხატვრებმა კედელი მთლიანად მოხატეს. შემდეგი გამოფენა 1988 წელს ეწყობა ,,ქარვასლაში’’, სადაც 20 მხატვარი იღებს მონაწილეობას. იგივე გამოფენა იმართება 1989 წელს ლენინგრადში ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახელწოდებით ,,ქართული ავანგარდი 80-იანი წლები’’.

გერმანელი მწერალი არნო შმიდტი ამბობდა: ,,ქართული ავანგარდი არასდროს ყოფილა ავანგარდი. ის უფრო ელიტარული (რადგან აკრძალული რაც იყო ე.ი ელიტარულად მიაჩნდათ), დასავლურ, ჩვენს მხატვართა ცხოვრებაში, ითოლოგიზირებული დასავლეთის მხატვართაგან პრეტენზიული ზიარების სურვილი, მოთხოვნილება იყო.’’

კარლო კაჭარავა ემიჯნებოდა სიტყვა ,,ელიტარულს’’. ის მასში გაღიზიანებასაც იწვევდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის ეპოქას იმდენად ყავდა დაყოფილი საზოგადოება კლასებად, რომ ის ხელოვნება, რომელსაც კარლო და მისი მეგობრები ქმნიდნენ, მარტივად მოაქციეს ამ სახელწოდების ქვეშ. კვაზი ელიტა, როგორც კარლო კაჭარავა მოიხსენიებდა მათ, მარტივად ვერ თავისუფლდებოდა სტერეოტიპებისგან. კარლო კაჭარავა ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს. მის გარშემო მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებსაც მისი კრიტიკა აღიზიანებდათ, თუმცა მას ისეთი არგუმენტირების უნარი ჰქონდა, რომ მასთან კამათი მარტივი არ იყო.

თავად კარლო კაჭარავა აკრიტიკებდა ავანგარდის ზედაპირულ, არასწორ გაგებას და თავის  სტატიაში წერდა: “დღეს საქართველოში მხატვართა შორის თითქმის ყოველი მეორე “ავანგარდისტია”. ეს რაღაც უცნაური, სასაცილო უბედურებაა. სიტყვა ,,ავანგარდისტი’’ პიროვნული განსაკუთრებულობის და სრულყოფილების რიხიანად გამომწვევად გაცხადების საშუალებად იქცა. ავანგარდისტული ხელოვნება თანამედროვე ქართველთა უმეტესობისთვის გაიგივებულია თვითგამოხატვის რაღაც ელიტარულ, ეზოთერულ ფორმებთან. მათი აზრით, რაც უფრო გაუგებარი, ხაზგასმულად ,,მიუღწეველი’’ და ვერ საცნობი იქნება ამგვარი ,,მოღვაწეობის’’ ნიმუში, მით უკეთესი…ავანგარდი ჩვენს მახინჯ სოციუმში ,ზუსტად ისევე, როგორც იშვიათი უცხოური ტანსაცმელი, სიგარეტი და გერმანული ლუდი, სოციალური პრესტიჟულობის ატრიბუტად იქცა…’’

X სართული გამოფენების გარდა აწყობდა კოსტიუმირებულ კარნავალებს. ერთ-ერთი ასეთი კარნავალი იყო საახალწლო საბავშვო ავანგარდული კარნავალი, რომელიც 1989 წელს მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში მოეწყო.

1987 წელს, ,,X სართულის’’ ჯგუფი  მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კარს აღებს და 1991 წლამდე ინტენსიურად მუშაობს. ქმნის უფრო დიდ ტილოებს. ატარებენ აქციებს როგორც ქუჩაში, ისე სახელოსნოებში. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული და შთამბეჭდავი აქცია, როგორც კარლო კაჭარავას სტატიიდან ვიგებთ, იყო ,,ავანგარდისტული აქცია ფულით და ფულის შესახებ’’, რომელიც 1988 წელს მოაწყო მამუკა ჯაფარიძემ ავანგარდისტული ხელოვნების ფესტივალზე. კარლო კაჭარავა წერდა:

,,აქციამ პირდაპირ გააოგნა მაყურებელი: ტყავის პიჯაკში გამოწყობილი მამუკა ჯაფარიძე საფულედან იღებდა ათმანეთიანებს და ,,აწებებდა’’  წინასწარ ქონით შეზელილ პლანშეტზე-სასურათე სიბრტყეზე. იმ დროს საბჭოთა ათმანეთიანი ჯერ კიდევ რაღაცას ნიშნავდა, ამიტომ საბჭოურ ბანკნოტებთან ამგვარი თამამი და მოულოდნელი ,,ურთიერთობა’’ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა ხელმოკლე ავანგარდისტებსა და მათ თაყვანისმცემლებზე. ამ ,,ქართულ ავანტიურაში’’ საბჭოთა იმპერიის მოქალაქეთა ესოდენ ,,განათლებული’’ ნაწილიც კი, შესაძლოა, ისევ ქართველთა შესახებ პრიმიტიული, სტერეოტიპული წარმოდგენების დადასტურებას ხედავდა: აი, ქართველი ავანგარდისტიც კი, სიმდიდრისგან გათავხედებული, ქონში სვრის მშრომელთა გმირული შრომის ეკვივალენტსო.

  მამუკა ჯაფარიძეს სურდა ფულის საბჭოური აღქმის თუ, პირიქით, ვერ აღქმის დემონსტრირება: საბჭოთა ადამიანი ვერ აცნობიერებს ფულს და  თავის დამოკიდებულებას. ის დეზორიენტირებულია მატერიალურ ღირებულებებზე  ფიქრის დროსაც. მხოლოდ ის იცის, რომ პატიოსანი შრომით საკმარის ფულს ვერასდროს იშოვის; მას ვერ წარმოუდგენია თავისი შრომის შესაბამისი კანონიერი ანაზღაურება.

ქართული ხელოვნების ისტორიაში ეს ავანგარდისტული  აქცია იყო ფულისა და მისი აღქმის, მისი შოვნის გზებზე განჯისადმი მიძღვნილი პირველი ნამუშევარი. ეს მოწოდება, როგორც ჩანს, მიზნად ისახავდა საბჭოური გამოცდილებით ზნე შეცვლილი ადამიანის გამოფხიზლებას. მატერიალურ და სულიერ ღირებულებათა შორის პირობით საზღვრებზე მითითებით’’.

კარლო კაჭარავა თავის სიცოცხლეში მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში იღებდა მონაწილეობას. მისი გარდაცვალების შემდეგ ეწყობა პერსონალური გამოფენები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

1999 წელს, ნიუ-იორკში, ქოის გოლდშტენის გალერეაში იმართება მისი მორიგი გამოფენა. კაჭარავაზე წერდნენ ჟურნალები ,,Art in America’’ და ,, Visiting Art’’  სადაც აღფრთოვანებით საუბრობენ მასზე, როგორც მხატვარზე.

კარლო კაჭარავა იყო 32 ნაშრომის ავტორი. 1988 წელს მონაწილეობდა მეცნიერთა სიმპოზიუმში, იმავე წელს  ავანგარდისტული ხელოვნების პირველ საბჭოთა ფესტივალში (ნარვა), ხელოვნებათმცოდნეთა საერთაშორისო სემინარში (პალანგა 1988), ხელოვნებათმცოდნეთა საკავშირო სემინარში (სენეჟი 1989), საერთაშორისო ფესტივალში MARS (პარიზი 1990), საერთაშორისო ფესტივალში BIAF (ბარსელონა 1990).

1991 წელს მუშაობდა ფრანცუაზა ფრიდრიხის გალერეაში (კიოლინი 1991) .

კარლო კაჭარავა არის 40-მდე გამოფენის მონაწილე. მისი ნახატები დაცულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის (მოსკოვი, ნიუ-იორკი, ლონდონი, ჰელსინკი, ბარსელონა, პარიზი, ბერლინი და სხვა) ასევე კერძო კოლექციებში, გალერეებსა და მუზეუმებში.

ის იყო ჟურნალ ,,ლიტერატურა და ხელოვნების’’ რედკოლეგიის წევრი, ასევე ახალგაზრდა კრიტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

მისი შემოქმედებითი დანატოვარი ვრცელი და მრავალფეროვანია, მოიცავს: 40-მდე სამეცნიერო სტატიას, 900-მდე ფერწერულ და 3700-მდე გრაფიკულ ნამუშევარს, 1500-მდე ლექსს, 4 პოემასა და დაუმთავრებელ წიგნს სათაურით: ,,თანამედროვე ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი’’.

2006 წელს გამოიცა კარლო კაჭარავას ნაწერების ორტომეული: ,,პოეზია და მისი საუკეთესო მხატვრული ტექსტები”, და ,,სახელოვნებათმცოდნეო სტატიები და კრიტიკული წერილები”.

მისი გარდაცვალების შემდეგ 1997 წელს, ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა გიორგი ჩუბინიშვილის სახელმწიფო პრემია, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ადრე გარდაიცვალნენ: ბარათაშვილი, ჯონ კისტი, ბაირონი, მოდილიანი, რჩეულიშვილი, ასათიანი, შალვა ქიქოძე, ედგარ ალან პო, გი დე მოპასანი, ჩეხოვი, შუბერტი, რეიტჰერინგი, ლორენ პენსბერტი. – მე მხოლოდ ერთს დავამატებდი და თავად კარლო კაჭარავა.

მე მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა,

რომ ეს უდაბნო, რომელზეც ვოცნებობ, ჩემივე დახატულია

და მე აქ ვცხოვრობ.

ასეთი ღარიბია ჩემი ოცნება და სიღარიბეც ასეთი

ვერშემძლები.

 მე ვებრძოდი მარტოობას მხდალი ოცნებით, ის კი არ

ცნობდა, არც ამ გარიგებას.

და საცხოვრებელი, რომლის სუნიც მიყვარდა დაიკეტა ჩემთვის, ისევე როგორც მაღაზია,

რომელშიც ვიმედოვნებდი პურის ყიდვას,

ყველაფრის მიღმა მე ვხედავ ჩემს კიდე უფრო

დაბერებულ თავს, რაღაც ხნის შემდეგ,

როცა ხმობისას თქვენსკენ მოვბრუნდები სარკმელთან

დგარნო.’’      

                          კაფე ,,მედიკოსი’’ (1994 წ.) – კარლო კაჭარავა

 

 

ავტორი: მარიამ ნაცვლიშვილი

პირველი სმარტფონი, რომელიც მთლიანად აფრიკაში დაამზადეს

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ მონაცემთა ფესტივალს DataFest Tbilisi 2019