Kartofili.ge 26 წლის ფერმერის – ბაჩო ბალახაშვილის წამოწყებაა, რომელიც თბილისის მასშტაბით, ქართული კარტოფილის სახლში მიტანას გთავაზობთ. მისი ამბავი 5 წლის წინ დაიწყო, როცა ბაჩოს ადიგენის რაიონში მცხოვრები ბაბუა გარდაეცვალა. სურვილი – არ მიეტოვებინა ბაბუის დანატოვარი მეურნეობა და სახლი, გახდა მეორე კურსის სტუდენტის შემდგომი ქმედების მიზეზი. მოქმედების ადგილი 2 000 კვ.მ მიწა იყო, რომელზეც მან კარტოფილი დათესა. ფართობი 4 წელიწადში გაათმაგდა, ანუ 20 000-ად იქცა და მასზე, დღეისათვის 30-35 ტონა კარტოფილის მოყვანაა შესაძლებელი. ბაჩოს შემდეგი სურვილი ბაზარზე დანახული პრობლემებისთვის პასუხის გაცემა და ბაბუის საქმის თანამედროვე სერვისად ქცევა იყო:
ბაზარზე არის ძალიან დიდი პრობლემა. შემოდის დიდი რაოდენობით უცხოური (თურქული, ეგვიპტური) კარტოფილი, რომელიც საკმაოდ უგემურია და მათ ხშირად ყიდიან, როგორც ქართულს. ამბობენ, თუ ტალახიანია კარტოფილი. ე.ი. ქართულია, რაც ასე არ არის. ხშირია უხარისხო პროდუქციის გაყიდვის შემთხვევებიც. არ ვიცი ადამიანი, ვისაც კარტოფილი არ უყვარს და ისეთი პროდუქტია, რომ, ვფიქრობ, ბევრი უნდა გქონდეს სახლში. დიდი რაოდენობით კარტოფილის სახლში მიტანა ხშირად სირთულეებს უკავშირდება. საჭიროა ტაქსის გამოძახება, ან მანქანამდე მიტანაში ვინმესთვის დახმარების თხოვნა და ა.შ. აღმოვაჩინე, რომ ბაზარს სჭირდებოდა რაღაც ახალი, ამიტომ, გადავწყვიტე ამ სერვისის დანერგვა“, – გვიყვება ბაჩო ბალახაშვილი.

ბაჩოს ბავშვობიდანვე აინტერესებდა ბიზნესი და შემდგომი პროფესიაც ამ მიმართულებას დაუკავშირა. „რადგან ბაბუამ გამზარდა და ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა, არ მინდოდა, რომ ეს მიწები და ბაბუაჩემის საქმე წყალს გაყოლოდა. ამიტომ, ჩავუდექი მის მეურნეობას სათავეში“, – გვიყვება ის.
kartofili.ge-ს მომსახურების მიღება, ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბითაა შესაძლებელი. თუმცა ბაჩოს, დროთა განმავლობაში, გეოგრაფიული გაფართოების გეგმებიც აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მის ფართობზე 30-35 ტონა კარტოფილის მოყვანაა შესაძლებელი. ჩვენს კითხვაზე, მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში, როგორ აპირებს მის დაკმაყოფილებას, ის გვპასუხობს:
მიწას 4 წელიწადში ერთხელ სჭირდება დასვენება, ამჟამად, ამ ეტაპზე ვარ. სწორედ ამ პერიოდში მომივიდა ამ სერვისის შექმნის იდეა. 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კონტაქტი დაგროვდა, ძალიან ბევრი ნაცნობი გაჩნდა, რომელსაც კარგი კარტოფილი მოჰყავს, გადავწყვიტე ეს გამომეყენებინა. შესაბამისად, ჩემ მიერ მოყვანილი კარტოფილის გარდა, Kartofili.ge მარაგდება სხვადასხვა, ქართველი ფერმერის მიერ მოყვანილი პროდუქციით, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის მიერ მოწმდება“.

ქართული კარტოფილის შეკვეთა ადგილზე მიტანით უკვე შესაძლებელია ფეისბუკ გვერდის მეშვეობით. ჯერ კიდევ მუშავდება ვებგვერდი Kartofili.ge, რომელიც შეკვეთის ძირითად ადგილად უნდა იქცეს. როგორც ამბობენ, kartofili.ge-ს აქვს საბითუმო ფასები და შესაძლებელია ყველა სახის კარტოფილის (წითელი, პიკასო, თეთრი და ა.შ.) შეკვეთა. მანამდე კი, ბაჩო და მისი მეგობრები გლეხებთან მიდიან, მიკროავტობუსს ავსებენ ქართული კარტოფილით, შემდეგ კი თბილისში, სხვადასხვა შემკვეთთან მიაქვთ.










