ილუსტრატორმა დათო სიმონიამ ტიპოგრაფიაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ქართული ასოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს სფერო განსაკუთრებულად რთული ეჩვენებოდა. „რაღაც ერთზე კონცენტრირება და მასში ყოველდღიური ვარჯიში ის ხერხია, რომელიც ყოველთვის ამართლებს. ერთხელაც გადავწყვიტე, ამ მეთოდის საშუალებით, დამეხვეწა საკუთარი შესაძლებლობები ტიპოგრაფიაში და ასე დავიწყე „ქართული ანბანის მრავალფეროვნებაზე“ მუშაობა“.
პროექტი ორ ნაწილადაა დაყოფილი. ერთი მიმართულება დეკორატიულია, სადაც კონკრეტული ასო დეტალიზებულადაა შესრულებული, მეორე მიმართულება კი ერთი ასოს ცხრა ვარიაციაა. როგორც დათო აღნიშნავს, დეკორატიულობის შემთხვევაში, ზოგს კონკრეტული და საკმაოდ მარტივი ინსპირაცია ჰქონდა. მაგალითად, ც-ს შთაგონება ცა იყო, წ-ს — წერო, ძ-ს — ძილი და ა. შ. მაგრამ, ძირითადად, ხელმძღვანელობდა იმ განწყობით, რაც იმ მომენტში ჰქონდა. სხვა სიტყვებით, ეს სერია ერთგვარი პერსონალური დღიურიცაა.
ხოლო მეორე მიმართულების შემთხვევაში, ინსპირაცია კონკრეტული ასოს აგებულება და მისი შესაძლებლობები იყო. „მაინტერესებდა, რამდენნაირად შეიძლება ერთი ტრადიციული ფორმა გადამუშავდეს და ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალაც სწორედ ეს ძიება იყო“, — აღნიშნავს დათო.
M: ყველაზე მეტად რისი გამოკვეთა გინდოდათ ამ დეკორატიულ ფონტში?
განსაკუთრებული მიზანი, რამე გამომეკვეთა, არ მქონია. უბრალოდ, ვცდილობდი მე თვითონვე აღმომეჩინა ამ ასოების მხატვრული შესაძლებლობები: მათ აგებულებაში სადაა ის შესაფერისი ზონა, რომელიც შეიძლება დაიტვირთოს დეკორაციით; როგორ შეიძლება აიგოს ასო ფერებითა და ტექსტურებით; რომელია ყველაზე „რთულად მოსარჯულებელი“ ადგილები; რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ასოს დეკორატიული ფორმა მისი ტრადიციული მოხაზულობიდან და ა. შ. რომ შევაჯამოთ, ალბათ, მინდოდა, ქართული ანბანის მრავალფეროვნება გამომეკვეთა.
M: არის ასო, რომლის დიზაინიც გამორჩეულად მოგწონს?
დეკორატიულ მიმართულებაში ყველაზე მეტად „ც“ მსიამოვნებს. ერთი ამოსუნთქვით დაიხატა და თითქოს, ამაღლებულია. ვარიაციების მიმართულებაში, „ო“ განსაკუთრებით მომწონს, რადგან ამ ასოს მოხაზვა ბავშვობიდან მიყვარდა და მასზე მუშაობისას თავს ახლაც კომფორტულად ვგრძნობდი.
პროექტზე მუშაობას და ანბანის მრავალფეროვნების კვლევას 66 დღე დასჭირდა. შეიქმნა თითო ასოს ათ-ათი ვარიაცია, ჯამში კი 33 ასოს 330 უნიკალური ვერსია. „მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ეს ძიების მხოლოდ დასაწყისი იყო. სამომავლოდ, შესაძლებელია უფრო შორს წასვლა და თითო ასოს უფრო სიღრმისეული, ისტორიული ანალიზი“.
ავტორი: ქეთია ბელქანია