22 წლის დიზაინერი ელენე კაპანაძე სამოსის ბიზნესს წარმატებით ართმევს თავს და პარალელურად, ჟურნალისტის პროფესიასაც ეუფლება. ელენემ “მარკეტერთან” ბიზნესის დაწყების იდეასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
M: როგორ გახდი დიზაინერი ?
ყოველთვის მიზიდავდა მოდა და დიზაინერობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ეს საქმიანობა სრულიად შემთხვევით დავიწყე, როდესაც მაღაზია co.mode-ში გადავწყვიტე ჩემი შექმნილი ტანისამოსის შეტანა. პირველი მოდელის შექმნაში დედა დამეხმარა, მასწავლა კერვის ტექნიკები და მას შემდეგ დამოუკიდებლად დავიწყე სამოსის შექმნა.
M: როგორ დაიწყე ბიზნესი ?
თავდაპირველად, ძალიან მცირე კაპიტალი მქონდა. პირველად “სარაფანი” შევკერე, რომელიც მალე გაიყიდა. ამ თანხით მაისურები შევკერე, რაც ასევე მომგებიანი აღმოჩნდა და კაპიტალი თანდათან ასე გავზარდე.
M: როგორ ფიქრობ,რა არის საჭირო ბიზნესის დასაწყებად ?
ბიზნესის დასაწყებად ერთდროულად ბევრი რამეა საჭირო, თუმცა, ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მონდომებაა. ამის გარდა, საჭიროა გიყვარდეს შენი საქმე, იყო სულ ახლის ძიებაში და არასოდეს დანებდე.
M: რამდენად მომგებიანია ეს საქმიანობა და რისი გათვალისწინებაა საჭირო შემოქმედებით პროცესში ?
ტანსაცმლის ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია საქართველოში. მით უმეტეს ახლა, როდესაც ინტერნეტ მაღაზიები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამ სერვისს უკვე აქტიურად იყენებენ. საკმაოდ ბევრი ინტერესდება ჩემი პროდუქტით და სამოსიც კარგად იყიდება. ტანისამოსის შექმნის პროცესს რაც შეეხება, ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი: ყოველთვის უნდა მიჰყვე მოდის ტენდენციებს, გაითვალისწინო ფერების აქტუალობა და მრავალი სხვა.
M: რით არის გამორჩეული შენი სამოსი ?
ვფიქრობ, ჩემ მიერ შექმნილი სამოსი ქართული ელემენტებით გამოირჩევა. ჩემი ინსპირაციაა ქართული ანბანი, ქართველი მხატვრები და ყველაფერი ის, რაც ქართულს უკავშირდება.
M: სად შეიძლება შენი ნაწარმის შეძენა და რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის ?
სამოსის ყიდვა შესაძლებელია ჩემს ინტერნეტ მაღაზიაში – Elli Georgian Designer და მაღაზია co.mode-ში. ჩემი ტანისამოსი მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიებზეა გათვლილი და საკმაოდ ხელმისაწვდომია.
M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ ?
ამ ეტაპზე ძალიან ბევრს ვმუშაობ, რათა ბევრმა გაიგოს ჩემი ინტერნეტ მაღაზიის შესახებ. ახლო მომავალში ვაპირებ საკუთარი მაღაზიის გახსნასაც.
M: რა რჩევას მისცემ იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებულია ამ საქმიანობით ?
ყველას ვურჩევდი, რომ დაიწყონ პატარა კაპიტალით და დიდი ნიჭით და არა პირიქით. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ მთავარია იყო მონდომებული, იშრომო ძალიან ბევრი და წამოწყებული ბიზნესიც აუცილებლად გაამართლებს.