„გაამარტივე ცხოვრება შენი გამოგონებით“ — ამ სლოგანით მუზეუმი „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებების“ 2022 წლის კონკურსში მონაწილეობისთვის ეძებს ყველა მოყვარულ თუ აღიარებულ გამომგონებელს, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია ენერგიის გამოყენების ეფექტურ მეთოდებზე.
ყველა ეპოქას თავისი გამოწვევები აქვს და ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამ გამოწვევების საპასუხოდ მარტივ და გონივრულ გადაწყვეტებს პოულობდნენ. უამრავი ნივთი და პროცესი, რომელიც ყოველდღიური ყოფითი ამოცანების გადასაჭრელად შეიქმნა, დღეს ეროვნული სიამაყის სიმბოლოებია და მუზეუმებში ინახება. ამ შთაგონებითა და დღევანდელი პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის წასახალისებლად, 2021 წელს, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ, ქართული გამოგონებების მუზეუმი დააარსა.
„ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს გამოგონებები, რომლებიც რიგითმა მოქალაქეებმა, მოყვარულმა გამომგონებლებმა, დამწყებმა მეცნიერებმა ან სტარტაპერებმა შექმნეს, მაგრამ ისინი ჯერ არაა ფართოდ გავრცელებული. არადა, სწორედ ასეთ გამოგონებებს აქვს პოტენციალი, მარტივად გავრცელდეს საზოგადოებაში და სწრაფად გააუმჯობესოს ჩვენი ყოველდღიურობა“, — ამბობს სესილი ვერძაძე, UNDP-ის გადაწყვეტილების იდენტიფიცირების ხელმძღვანელი.
ქართული გამოგონებების მუზეუმის სახალხო გამოგონებების კონკურსის წლევანდელი თემა ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიაა.
ამ გამოწვევების გადაჭრას შევძლებთ, თუ ახლავე გადავალთ განახლებად ენერგიაზე და გამოვიყენებთ ენერგოეფექტურ მოწყობილობებს, რომლებიც დაგვაზოგვინებს ენერგიას. მაგალითისთვის, საქართველო დღეს ძირითადად იყენებს წიაღისეულ ენერგორესურსებს — გაზი 45%, ნავთობი 27%. მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროენერგიას დიდი რაოდენობით ვაწარმოებთ (მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 66%-ს), თუ არ ვიქნებით ენერგოეფექტურები, სულ უფრო მეტის ყიდვა მოგვიწევს, რადგან ქვეყნის განვითარებასთან ერთად, იზრდება ჩვენი მოხმარებაც. მარტივი მაგალითი — გაიხსენე, რამდენი ახალი ელექტრო მოწყობილობა შეიძინე ბოლო 10 წლის განმავლობაში?
განახლებადი, სუფთა ენერგიის წყაროების მაქსიმალურად ათვისების შემთხვევაში, მოსახლეობას საშუალება ექნება, უფრო ნაკლები ხარჯებით მოიხმაროს და დროთა განმავლობაში სრულად უარი თქვას გაზის, ნავთობისა და ნახშირის მოხმარებაზე და ბონუსად, საგრძნობლად გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი.
სახალხო გამოგონებები, რომლებსაც კონკურსის ფარგლებში ვეძებთ, შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის: მოწყობილობა, ხელსაწყო, პროდუქტი ან მომსახურება, მუშა პროექტი, პროტოტიპი ან მოდელი. ის შეიძლება იყოს შექმნილი ყოველდღიური, ყოფითი საქმეებისათვის, მაგალითად: გასაგრილებლად, გასათბობად, განათებისთვის, საკვების მოსამზადებლად, ან ნებისმიერ საწარმოო თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოსაყენებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების გამომგონებლებს, მცირე ბიზნესებს, სტარტაპებს, სათემო ორგანიზაციებს და სხვა.
ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებების“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 15 აგვისტოს დასრულდება. საუკეთესო გამოგონების გამოსავლენად დასკვნითი ღონისძიება სექტემბერში გაიმართება და გამარჯვებული ფულადი პრემიით დაჯილდოვდება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, გამომგონებელს ექნება შანსი, გამოაქვეყნოს თავისი ნაშრომი UNDP-ის გლობალურ პლატფორმაზე, გააცნოს ის მთელს მსოფლიოს და, შესაძლოა, იპოვოს პარტნიორები წარმოების გასაფართოებლად.
„დაგვეხმარეთ 500 მილიონი ადამიანს მივცეთ წვდომა სუფთა და ხელმისაწვდომ ენერგიაზე.
საპრიზო ფონდი 20 000 ლარია
გაამარტივე ცხოვრება შენი გამოგონებით! გაგვიზიარეთ თქვენი გამოგონება და დაჯილდოვდით!“
კონკურსში მონაწილეობისათვის შეავსეთ განაცხადი ქართული გამოგონებების მუზეუმის ვებგვერდზე.
[პარტნიორის კონტენტი]