17
Nov
2019

Kartuli Hotel – ანუ როგორია სტუმართმოყვარეობა

17 Nov 2019

Startauperi
Startauperi


ყველაფერი ასე დაიწყო: პეტერბურგელ სერგეი რომანენკოსა და ლია მოროზოვას რამდენიმე წლის წინ სასტუმროს შექმნის იდეა დაებადათ.. მათ სურდათ, შეექმნათ სივრცე, რომელიც ნებისმიერი ტიპის სტუმრისთვის ჰარმონიული, საინტერესო და შემეცნებითი იქნებოდა. ადგილი, რომელიც ადგილობრივ ტრადიციებს, კულტურასა და ხელოვნებას მოუყრიდა თავს და ვიზიტორებს დიზაინით დაწყებული კონცეფციით დამთავრებული, ყველაფრით გააოცებდა. ბევრი იარეს, თუ ცოტა, სერგეიმ და ლიამ ბათუმში ამოყვეს თავი – ქალაქში, რომელშიც თავიანთი ოცნება უპირობოდ უნდა განეხორციელებინათ. მათ ხორცშესხმულ იდეას კი დღეს Kartuli Hotel ჰქვია.

იგი, სულ ახლახან, 2019 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა. სასტუმრო მდებარეობს ბათუმის სანაპიროს პირველ ხაზზე, ORBI Beach Tower-ის 37-ე და 38-ე სართულებზე, საიდანაც ზღვა, მთები, ახალი ბულვარი და მთლიანი ბათუმი მოჩანს. ამ ყველაფრის დანახვა კი სასტუმროს ოცდასამივე ოთახიდანაა შესაძლებელი.

“სასტუმროს გახსნის იდეა 2016 წელს გაგვიჩნდა. მაშინვე დავიწყეთ პროექტზე მუშაობა და მიზნად დავისახეთ, რომ განსხვავებული კონცეფცია შეგვემუშავებინა, რაშიც ადგილობრივი კულტურა, ხელოვნება ისტორია და ენა გამოვიყენეთ.”

სერგეისა და ლიას სასტუმროს შექმნაში თავიანთი გამოცდილება დაეხმარათ. სერგეი წლების წინ, შვეიცარიაში სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტს დაეუფლა და წლები ამერიკასა და რუსეთში ამ განხრით მუშაობდა. ლია კი ინტერიერის დიზაინერია და ამ პროფილით IKEA-ში აქვს ნამუშევარი.

“ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, გაგვეხსნა სასტუმრო, მაგრამ არ ვიცოდით, სად.. გაგვეხსნა იმგვარი სასტუმრო, რომელიც არა მხოლოდ ძილისთვის და დასვენებისთვის იქნებოდა კომფორტული, არამედ ხალხზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. ბათუმში ჩამოსვლისთანავე მივხვდით, რომ ამ ქალაქს უდიდესი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ აქ არ იყო სასტუმროები, რომლებიც მრავალფეროვან/განსხვავებულ სტუმრებს მათზე მორგებულ კომფორტსა და სერვისს შესთავაზებდა. სწორედ ამიტომ, ვიფიქრეთ, Kartuli Hotel-ის შექმნით ჩვენ შეგვეძლებოდა, შეგვექმნა იმგვარი სივრცე, რომელიც სხვადასხვა ტიპის სტუმარს ბათუმს შეაყვარებდა. შეგვექმნა სასტუმრო, რომელიც გასცდებოდა ჩარჩოს “შექმნილია ტურისტების მოსაზიდად” და მიგვეცა შესაძლებლობა, აღმოეჩინათ ბათუმი, ისევე როგორც – საქართველო.”

როდესაც ლია და სერგეი ბათუმში ჩამოვიდნენ, საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ, მათ შორის, არც ისტორია, არც კულტურა, არც ენა.. იცოდნენ ქართული სამზარეულო და ღვინო – რაც პეტერბურგში საკმაოდ პოპულარულია. ბათუმმა კი ისინი დაარწმუნა, თუ როგორი გამორჩეულია საქართველი მუსიკით, ხელოვნებით, მოდით, ბუნებით.. მეტიც, სასტუმროს შემქმნელებს იმდენად მოეწონათ ქართული დამწერლობა, რომ ქართული ასოებითა და სიტყვებით სასტუმროს ოთახები გააფორმეს. ასევე, შექმნეს ბიბლიოთეკა, რომელშიც ქართული ხელოვნების, არქიტექტურისა და ფოტოგრაფიის შესახებ საკმაო მასალას წააწყდებით.

“წიგნების გარდა ჩვენ გვაქვს ასევე ვინილების ბიბლიოთეკაც, რომელიც მოიცავს ტრადიციულ, კლასიკურ და ქართულ ფოლკლორულ მუსიკას, ისევე როგორც თანამედროვე რელიზებს, მაგალითად: KORDZ-ისა და ნატალია ბერიძის, გაჩა ბაქრაძის შემოქმედებებს, CES Records და ა.შ ბიბლიოთეკა გამორჩეულია იმითაც, რომ მას ზღვისპირა ხედი აქვს და იგი ღიაა სასტუმროს ყველა ვიზიტორისთვის. აქ მათ შეუძლიათ, მოუსმინონ მუსიკას, წაიკითხონ წიგნი ან უბრალოდ იმუშაონ კომპიუტერთან. ასევე, ეს სწორედ ის სივრცეა, სადაც ხშირად ივენთებსა და სხვადასხვა ღონისძიებას ვმართავთ. მე ვფიქრობ, თუკი იმის შესაძლებლობა სხვა ქალაქში მექნებოდა, რომ უბრალოდ მომესმინა ლოკალური მუსიკა და გავცნობოდი ადგილობრივ კულტურას, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი და სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს სასტუმროში მოვაწყე.”

თითოეული ოთახის მთავარი მახასიათებელი იატაკიდან ჭერამდე პანორამული ფანჯრები და აივნებია. როგორც ლია და სერგეი ამბობენ, მათ არ სურდათ, ხედიდან სხვა საგნებზე გადაეტანათ სტუმრების ყურადღება, სწორედ ამიტომ, ოთახები მინიმალისტურად მოაწყვეს. თუმცა, ამასთანავე, ოთახები ქართული დეტალებითაც გააფორმეს – ტექსტილით, რომელსაც ოთახში შესვლისთანავე შეამჩნევთ, ჰამაკით – რომლის მეშვეობითაც რელაქსაცია და ზღვის ცქერის საშუალება გექნებათ.

“ვფიქრობ, ეს ძალიან “ბათუმური” რამაა – იწვე ჰამაკში და ზღვას აკვირდებოდე.”

M: რატომ “Kartuli Hotel” ?

ეს სახელი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ჩვენ გვწამს, ის აირეკლავს სასტუმროს კონცეპტს – გვსურს, ჩვენმა სტუმრებმა იცოდნენ, რომ Georgia საქართველოა და რომ ხელოვნება, რომელსაც ისინი ქმნიან ქართულია. რაც შეეხება ლოგოსა და დიზაინს, მასზე მანანა არაბულის Black Dog Studio-მ იმუშავა. თუკი ჩვენს ლოგოს დააკვირდებით, დაინახავთ რომ KARTULI-ში სამი ასო – “ART” უფრო დიდი ზომისაა.

M: როგორც ვიცით, საკმაოდ შემოქმედებითი აურაა სასტუმროში..

სასტუმროს დიზაინის შესაქმნელად აქტიურად ვითანამშრომლეთ ადგილობრივ არტისტებთან. მაგალითად რამდენიმე ოთახის კედლებსა და კაფეს კედელზე LAMB-მა იმუშავა. ასევე, “Why not Gallery-დან” გვაქვს პოსტქარდები, რომლებზეც მარიამ ბარდაძემ იმუშავა. ჩვენი ერთ-ერთი ოთახი ლადო გუდიაშვილის შემოქმედებითაა შთაგონებული. ამ ოთახში ლადო გუდიაშვილის პორტრეტია, ორ კედელზე კი – გუდიაშვილის ნახატები. ლადო გუდიაშვილი ჩვენთვის ერთ-ერთი საყვარელი მხატვარია და სწორედ მისი ნახატი, სახელწოდებით “ხილის კრეფა” გვაქვს დატანილი ჩვენს უნიფორმებზე.

M: თქვენ უკვე ახსენეთ, რომ სასტუმროში მრავალფეროვანი ბიბლიოთეკაა.. კიდევ რომელ სივრცეებს მოიცავს სასტუმრო?

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კატეგორიის ოთახები. ისინი იმგვარადვე გვაქვს დახარისხებული, როგორც ღვინო – ჩვენ გვაქვს ტკბილი, ნახევრად-ტკბილი და ცქრიალა ოთახები. ასევე, სასტუმროში გვაქვს ბარი, სადაც სტუმრებს ვთავაზობთ ლოკალურ ღვინოებს, ჭაჭას, კოქტეილებსა და სხვა სასმელებს. ამავე ბარში კვირაში ორჯერ – ოთხშაბათობითა და კვირაობით ვაწყობთ კინოჩვენებებს სადაც ვუყურებთ ქართულ და საერთაშორისო ფილმებს.

სულ მალე ჩვენ ვგეგმავთ, გავხსნათ მაღაზია, სადაც სტუმრებს შეეძლებათ, შეიძინონ მაღალი ხარისხის ქართული სუვენირები და ქართველი დიზაინერების პროდუქტები. ამჟამად ჩვენ ვთანამშრომლობთ “პინ-პინთან”, “ცოტა-ცოტასთან” და ალტერ სოქსთან, თუმცა ვგეგმავთ უფრო მეტი ბრენდი დავამატოთ და მომხმარებელს მრავალფეროვანი პროდუქტები შევთავაზოთ.

M: ვისთვისაა Kartuli Hotel?

ჩვენი სამიზნე აუდიტორია არის ხალხი, ვისთვისაც ესთეტიკა, კარგი, მინიმალისტური დიზაინი და კარგი სერვისი მნიშვნელოვანია. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის სტუმრები.

M: სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ..

მომავალი სეზონისთვის ვგეგამვთ გაფართოებას, რაშიც მოვიაზრებთ 21 ოთახის დამატებას. ამასთან ერთად ვმუშაობთ კაფეზე, რომელიც არამარტო სტუმრებზე იქნება გათვლილი, არამედ თვითონ ბათუმელებზეც.

ჩვენი მიზანია, ვიყოთ ადგილი, სადაც დამსვენებელი ნამდვილ სტუმართმოყვარეობას იგრძნობს, დატკბება სერვისით/კომფორტით და უფრო მეტს გაიგებს ბათუმსა და ქართულ ტრადიციებზე.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა