თუ შაბათ საღამოს არაფერი დაგიგეგმავთ, კარგ იდეას შემოგთავაზებთ — 12 აპრილს, 19:00 საათზე, დიზაინის ინსტიტუტში ქართული კომიქსების ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება. ამ ამბის ავტორი „მეკომიქსეა“, რომელიც, მოკლედ რომ გითხრათ, შვიდი დამოუკიდებელი მხატვრისგან შემდგარი გუნდის შემოქმედებითი ინიციატივაა, ვრცლად კი ქვემოთ მოგიყვებით…
თუმცა, მანამდე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ პირველი წიგნი გამოუშვეს და უფრო შორ პერსპექტივაში საქართველოში კომიქსების პერიოდული გამოცემა ესახებათ. ახლა კი გადაწყვიტეს, ჩვენთვის კომიქსების ანთოლოგია ეჩვენებინათ, ნამუშევრების კრებულები, რომლებიც სხვადასხვა სტილსა და მხატვრის ხედვას აერთიანებს. უნდა ითქვას, რომ საქართველოში მსგავსი კრებულები თითზე ჩამოსათვლელია, ამიტომ დაგვაინტერესა და გადავწყვიტეთ, „მეკომიქსეს“ გუნდს გავსაუბრებოდით:
M: მოგვიყევით, როგორ გაჩნდა „მეკომიქსეს“ შექმნის იდეა?
ჩვენ გაგვიმართლა, სწორ დროს, სწორს ადგილას მოვხვდით და ერთმანეთი ვიპოვეთ. ყველაფერი წინა წლის მაისში დაიწყო, ილუსტრატორთა კლუბის შეხვედრაზე აღმოვაჩინეთ, რომ ყველას გვქონდა დიდი სურვილი ჩვენი იდეები კომიქსებად დაგვეხატა და შემდეგ ანთოლოგიად გამოგვეცა. ამ პროექტისთვის დისკორდზე სერვერიც შევქმენით. ეს იდეების გაზიარების, ჟანრების არჩევისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის ეტაპი იყო. კომიქსებზე აქტიური მუშაობა კი აგვისტოდან დავიწყეთ. საკმაოდ დიდი ხანი წაიღო სცენარის მოფიქრებამ და მერე ჩანახატების კეთებამ. საბოლოოდ, ავტორების უმრავლესობამ კომიქსები თებერვალში დავასრულეთ.

M: ახლა კი თქვენი პირველი პრეზენტაციისკენ გადავინაცვლოთ, მოგვიყევით, როგორ მოხვედით აქამდე…
ბოლო თვეების განმავლობაში, სამუშაოდ თითქმის ყველა კვირა უცვლელად კომიქსების და მანგების კაფე-მაღაზია „პარსეკში“ ვიკრიბებოდით ხოლმე. პარსეკის მთელ გუნდს მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის. ერთად განვიხილავდით თითოეულ დეტალს, კომიქსებიდან დაწყებული, გამოცემის დეტალებით დასრულებული. ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ გამოწვევებს არ ვუშინდებოდით, არამედ ვუყურებდით როგორც ახალ გამოცდილებას, რომელიც სამომავლოდაც გამოგვადგებოდა.
ეს ბოლო 3 კვირა განსაკუთრებით ინტენსიური გამოდგა, სტამბასთან კომუნიკაციამ და პრეზენტაციისთვის მზადების დეტალებმა ბევრი ახალი რამ გვასწავლა. მაგალითად, რამდენი რამ უნდა გაითვალისწინო წიგნის ფაილების დასაბეჭდად მოსამზადებლად… ადვილი არ ყოფილა ამ ეტაპამდე მოსვლა, მაგრამ გუნდურმა მუშაობამ და პოზიტიურმა განწყობამ ყველაფერი შეგვაძლებინა.
„მეკომიქსეს“ მთლიანი პროექტი მოხალისეობრივია და მონაწილე ავტორების მიერ ხორციელდება. ესენია: მარი ჟღენტი (იგივე Kwnk), სოფია გამახარია, მარიამ ჩაგელიშვილი, უტა გაგუა, გიორგი ჭა ჭაქვაძე, მარიამ ბაბუნაშვილი და ვარლამ ჯმუხაძე.

M: გვესაუბრეთ უშუალოდ ნამუშევრებზე, თემატიკასა და ინსპირაციაზე…
ყველა მხატვარმა ორიგინალური მოკლე კომიქსი შევქმენით, შესაბამისად, ინსპირაციებიც განსხვავდება — ჩვენს კომიქსებში ქართული ფოლკლორის, მითოსის, ზღაპრისა და პირადი ადამიანური გამოცდილების ელემენტებს შეხვდებით.

თავდაპირველი მიზანი მხოლოდ საშინელებათა ჟანრზე კონცენტრირება იყო, რადგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წამყვანი ჟანრია კომიქსების ინდუსტრიაში, რომელიც მოიცავს ისეთ ცნობილ გრაფიკულ ნოველებს, როგორებიცაა Walking Dead, Swamp Thing, Sandman და კიდევ ბევრი სხვა.

თუმცა, მუშაობის პროცესში დავამატეთ პარანორმალური ელემენტები, Dark Fantasy და სამეცნიერო ფანტასტიკაც. მთლიანობაში, კომიქსებს მეტ-ნაკლებად ბნელი, მისტიკური ტონი და ნარატივი აერთიანებს, რაც წიგნის სათაურშიც ვლინდება. ყველა სცენარი ვითარდება ღამით, რადგან ბნელი ღამე იდეალურია საშიში და ამოუცნობი ამბების განვითარებისთვის.

M: საუბარია თქვენს პირველ წიგნზე „გრძელი ბნელი ღამე“, უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ…
რადგანაც ჩვენ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ტექნიკით ვმუშაობთ, ნაწილი ტრადიციულ მედიუმში, ნაწილი ციფრულად, ხოლო ნაწილი ორივეს ვუხამებთ, და, თან, ჩვენივე რესურსებით დავაბეჭდვინეთ სტამბას, ეს საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო პროცესი აღმოჩნდა, რათა ის ფერთა შეხამება და შეგრძნება მოგვეტანა მკითხველამდე, რაც თითოეულ ჩვენგანს გვქონდა ჩაფიქრებული ჩვენსავე ნამუშევრებში.
მექომიქსეს წიგნის ზომის ინსპირაცია მანგები იყო. ყდაზე და შიდა ყდაზე უტა გაგუამ იმუშავა. ხოლო რედაქტორობა Kwnk-მ გაგვიწია. დეტალებს ყოველთვის ერთმანეთს ვუთანხმებდით ხოლმე, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ასე ნაკლები შეცდომა იპარებოდა და უკეთეს ვარიანტსაც ვიღებდით ხოლმე.

M: გარდა ნამუშევრებისა, რას ჰპირდებით პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს?
პირველ რიგში, გეტყვით, რომ პრეზენტაცია იმართება დიზაინის ინსტიტუტში, ამ მხარდაჭერისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. მცირე შესავლის შემდეგ, სადაც ავტორები თავიანთ კომიქსებზე მოჰყვებიან, სტუმრებს ექნებათ საშუალება, შეიძინონ მეკომიქსეს ანთოლოგია, ასევე, სტიკერები, სანიშნეები და ღია ბარათები. დახვდებათ სასიამოვნო გარემო, ფურშეტი, Lo-fi მუსიკა და ექნებათ საშუალება, გაესაუბრონ „მეკომიქსეს“ მონაწილეებს.
M: დაბოლოს, ამბობთ, რომ საქართველოში კომიქსების პერიოდული გამოცემაა თქვენი მიზანი, რა ეტაპზე ხართ ახლა და როგორ აპირებთ მიზნამდე მისვლას?
ჩვენი ეს წამოწყება, რომელიც პერიოდულ გამოცემას მოიაზრებს, ჯერ კიდევ საწყისს ეტაპზეა. ამ იდეას ვზრდით, ვუვლით და ვხვეწავთ რეგულარულად. „მეკომიქსეს” პირველი წიგნის გამოცემა არის ერთ-ერთი მთავარი პირველი ნაბიჯი ამ პროცესში. ჯერ კიდევ ბევრ რამეს ვსწავლობთ და ნელ-ნელა ვვითარდებით. ჩვენს ბიუჯეტს ამ ეტაპზე ჩვენივე სახსრებით ვაგროვებთ.
რაც მთავარია და რაც ჩვენს პროექტს სხვა მსგავსი პროექტებისგან განასხვავებს, არის თავად შემოქმედებითი თავისუფლების პირველ ადგილზე დაყენება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ დამოუკიდებელი კომიქს-არტისტები ვუდგავართ ამ პროექტს სათავეში, კარგად გვესმის ამ ფაქტორის მნიშვნელობა.

„მეკომიქსე“-ში ყველა ნიჭიერ მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი გასაქანი, ასევე, გადადებული იდეების გაცოცხლების ან ახალი იდეებისთვის ფრთების შესხმის შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს ერთგვარი შემოქმედებითი ჰაბი ადგილობრივი მხატვრებისთვის, რომლებსაც თავიანთი უნიკალური და ინდივიდუალური ხედვის რეალიზების საშუალება ექნებათ და, პარალელურად, თავიანთი უნარების განვითარებასაც შეძლებენ. ასევე, საკუთარ ნამუშევრებზე საავტორო უფლებას მხატვარი მთლიანად ინარჩუნებს.

მომავალში „მეკომიქსე“-ს გამოცემის სტაბილური გაგრძელება, რა თქმა უნდა, მკითხველის დაინტერესებაზეა დამოკიდებული. საქართველოში კომიქსების მკითხველთა რაოდენობა იზრდება და ჩვენი წიგნის გამოცემასაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. მათი მხარდაჭერა დიდ მოტივაციას გვაძლევს, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი მხატვრების კომიქსების გამოცემა ჩვენს ქვეყანაში შემოსავლიან კულტურულ სფეროდ იქცეს.
ახალი ქართული კომიქსების ანთოლოგიის პრეზენტაციაზე დასწრება უფასოა.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი