in

ლარის სიმბოლო – მარტივი, „ევროს“ მსგავსი და ამავდროულად – ეროვნული.

„პირველ რიგში, ვარ მხატვარი, მერე – კერამიკოსი ან მოქანდაკე. გააჩნია, უცბად რომელი მუზაც „ჩამოიქროლებს“, იმას მივყვები“ – ამბობს ქართული ლარის სიმბოლოს კონცეფციის ავტორი მალხაზ შველიძე.

ლარის სიმბოლოს შესაქმნელად ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კონკურსი, დაახლოებით, ერთი თვის წინ დასრულდა. ეროვნულ ვალუტას ახლა საკუთარი ნიშანი აქვს. ნამუშევრებს 6 თვის მანძილზე სპეციალური კომისია განიხილავდა და საბოლოო არჩევანი მალხაზ შველიძის ნამუშევარზე გაკეთდა. კომისიამ ასევე დაასახელა კონცეფციის 18 თანაავტორი.

Malkhaz Shvelidzeმალხაზ შველიძე: ჩემი ფულთან ურთიერთობა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. ბათუმში ვცხოვრობდი. მაშინ სხვანაირი ქალაქი იყო, ყველა ყველას იცნობდა. ვიყავი ალბათ, 5 წლის.

სადარბაზოს კიბეზე ვიჯექი და მეზობელმა კაპიტანმა მონეტა მაჩუქა. მითხრა, ინგლისური ერთ „კაპიკიანიაო“. ეს იყო მოგზაურობა უცნობ ქვეყანაში. ყველაფერი იყო – სიმდიდრეც, ესთეტიკაც, სილამაზეც – უცხოობის ყველა მომენტი. ასე „დაიბადა“ ჩემში კოლექციონერი. მაშინ არც ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა.

უბრალოდ გამიჩნდა სურვილი, სხვა ქვეყნების მონეტებიც მქონოდა. მეორე მონეტა იყო შვედეთის. ერთი პერიოდი, სანამ კოლექცია რაღაც ციფრს გადააჭარბებდა, მე და ჩემი ძმა თვალებს ვიხვევდით და მხოლოდ ხელის შეხებით ვცნობდით, რომელი ქვეყნის მონეტა იყო. მერე ნელ-ნელა ეს ყველაფერი სერიოზულ გატაცებად იქცა.

დღეს უფრო ესთეტიური შემგროვებელი ვარ. ისე არა, რომ ყველა ქვეყნის ყველა მონეტა და ბანკნოტი მქონდეს. შესაძლოა, საქართველოში მე–4 ან მე– 5 ვიყო. ზოგი ნომინალების მიხედვით აგროვებს, ზოგი – ქვეყნების. მე ასეთი სპეციფიკა არ მაქვს. მაქვს ისინი, რომელიც მომწონს. მაგალითად, ემოციურად მინდოდა, ჰემინგუეის დროინდელი „ესპანეთი“ მქონოდა და მაქვს კიდეც.

M: ფულის „გამოსახვა“ როდიდან დაიწყეთ?

პირველი, რაც გავაკეთე ეს დამოუკიდებელი საქართველოს „ფული“ იყო. ქართულ ფულს დიდი ისტორია აქვს. შესაძლოა, რაღაც სადაო დეტალები იყოს, მაგრამ ქართული თეთრი ჩვენს წელთააღრიცხვამდე ჩნდება და საბერძნეთის შემდეგ, ათეულში შედის. პირველი ბანკნოტი უკვე დამოუკიდებელ საქართველოს ჰქონდა. ამას მოჰყვა წყვეტა და შემდეგ უკვე ჩნდება ეროვნული ვალუტა. მაქვს ახალგაზრდობაში გაკეთებული რაღაც ესკიზები. მერე რომ გადავხედე, აღმოჩნდა, რომ გამოსახული არა მონარქები, არამედ პოეტების პორტრეტები მქონდა. შესაძლოა, ქვეცნობიერად ვითვალისწინებდი იმ ინფორმაციას, რომ იაპონურ ფულზე არა პოლიტიკოსები და მონარქები, არამედ პოეტები „ეხატა“. ჩემს მაშინდელ სერიაში ყველაზე დაბალ ნომინალზე გამოსახული იყო აკაკი წერეთელი. სახელწოდებაც მოფიქრებული მქონდა – ეს იყო ქართული დინარი. მომწონდა, რომ აღმოსავლურად ჟღერდა. თანაც, როგორც ჩანს, ბერძნული დრაჰმის გავლენაც იყო.

M: ახლანდელი სახელწოდება – „ლარი“ მოგწონთ?

ძალიან მომწონს. რაღაცნაირად, თავსებადია. ადვილად მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და დღეს უკვე არავითარ გაუცხოებას არ იწვევს. თან, „ლარი“ „სალაროსაც“ მოერგო. როგორც კი გაჩნდა სახელი „ლარი“, ფულის ნიშნის ჩემეული მონახაზები უკვე მქონდა. ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, რომ მერე ძალიან შორს წავედი და ისინი მნიშვნელოვნად შევცვალე ან დავხვეწე. მაგალითად, 1995 წელს მაქვს გაკეთებული ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც ვერ „გავიდა“ კონკურსზე. თუმცა, პირადად მე, რატომღაც, ამ ნიშნისკენ უფრო ვიხრებოდი.

მაშინ მონაწილეობა მივიღე საიუბილეო მონეტების კონკურსში. თვითონ „ლარი“ იწყებოდა 10 სხვადასხვა შრიფტით. ასოები ისე დავამუშავე, რომ ყოფილიყო ერთგვარი „კვირტი“ მაინც, საიდანაც შეიძლებოდა მერე „ამოზრდილიყო“ თვითონ ლარის სიმბოლო. ამ კონკურსში გაიმარჯვა, ჩემი აზრით და არა მარტო, ძალიან კარგმა გრაფიკოსმა და მხატვარმა ემირ ბურჯანაძემ. მასთან, როგორც პედაგოგთან, შეხება არ მქონია. მაგრამ, ჩემი მეგობრის მამა არის და ხშირად მქონია კონსულტაციები. ძალიან ცუდია, რომ ასეთ ადამიანებს არ უწევთ დიდი პედაგოგიური საქმიანობა.

საერთოდ, ბოლო დროს, გაქრა ინტიმური დამოკიდებულებები. ყველაფერი დამოკიდებულია ინტერნეტზე, კომპიუტერზე. რამდენიმე ხნის წინ მე და ჩემი ფინანსისტი მეგობარი ვსაუბრობდით. ვეუბნებოდი, კი ვითარდება ტექნოლოგიურად ცხოვრება, მაგრამ ძალიან გული დამწყდება, რომ ვერასოდეს ვნახო წარწერა „დამზადებული საქართველოში“ ისეთ ნივთზე, როგორიც არის ფანქარი–მეთქი. მან პირდაპირ „შიშველი“ ციფრებით დამიწყო ახსნა, რომ არ არსებობს ფანქრის იმდენი მომხმარებელი, წარმოებად რომ ღირდეს და რომ ფანქარი, დღეს, ფაქტობრივად, არ ჭირდება ადამიანს და ა.შ. არა და, ჩემი აზრით, ფანქარი და ქაღალდი განათლებული ადამიანის ერთ-ერთი ატრიბუტია. კალამი სხვა არის, ფანქარი სხვა. ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვთ. ის რომ ქრება, ვფიქრობ, კულტურის დიდი ნაწილი იკარგება და ადამიანი აბსოლუტური მომხმარებელი ხდება.

M: რაც შეეხება ლარის სიმბოლოს შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსს და მასზე წარდგენილ თქვენ ესკიზებს…

ამ კონკურსისთვის ესკიზების შესაქმნელად ჩემი ძველი ნამუშევრები გამოვიყენე. უცბად ვიპოვე, დაახლოებით, ის 15 წლის წინანდელი ესკიზები. ამჯერად შეზღუდვა იყო, რომ ერთ მხატვარს მხოლოდ 5 ნიმუში შეეძლო წარედგინა. ისე აღმოჩნდა, რომ მქონდა 10–მდე მონეტა. „ლარი“ ყველგან ქართული ასოთი მეწერა. არც ლათინური და არც ორენოვანი წარწერა არ გამომიყენებია. თუმცა, ყველა შემთხვევაში სხვადასხვა შრიფტით იწყებოდა დასახელება. ჩემი აზრით, 5 საუკეთესო შევარჩიე და შემდეგ დავიწყე მუშაობა.

M: რა იყო ამოსავალი, რისი გათვალისწინებითაც შეიქმნა ლარის დღეს უკვე გამარჯვებული სიმბოლო.

დავიწყე იმაზე ფიქრი, რა პრინციპით წავსულიყავი. ყოფილიყო ეს სადა, მარტივი, ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი, თუ რაღაცნაირად დაუვიწყარი, ხელოვნების ნიმუში. მერე გადავხედე სხვა ქვეყნების ისტორიასაც. აღმოჩნდა, რომ რაც იტალიას „ლირისთვის“ აქვს აღებული იგივე ნიშანი, რაც აქვს ინგლისურ „ფუნტს“ („ლიბრა“). თუ შემოკლებით წერია, ზუსტად, შესაძლოა, ვერ მიხვდე, ინგლისურ ფულზეა საუბარი, თუ იტალიურზე. მაშინ ვიფიქრე, რატომ მათ არ მოუვიდათ აზრად, შეექმნათ ნიშანი, სადაც იტალიის წარსული, აწმყო და მომავალი გამოჩნდებოდა. გარდა ამისა, ვფიქრობდი, ყოფილიყო „ლასი“ თუ „ელი“. ამ შემთხვევაში, გადავწყვიტე, რომ ჯობდა ყოფილიყო ეროვნული. რადგან გვაქვს ქართული დამწერლობა და ვარჩიე, სწორედ „ლასი“ ამერჩია. მესამე რაც უნდა გადამეწყვიტა, იყო „როგორი“? ისევ გადავავლე თვალი ისტორიას. პირველი რაც გახსენდება, არის „დოლარი“ და „ფუნტი. ორივეს აქვს ორი ვერტიკალური ხაზი, რომელიც ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რომ არის სტაბილურობის ნიშანი. ერთი მომენტი არის, 100 ფუნტი რომ წერია და აქვს ეს ორი ხაზი, ე.ი. ეს არის ფუნტის აღმნიშვნელი და არა „ლოსუსის“.

რაც ეხება S-ს, არსებობდა ესპანური ფული, რომელზეც გამოსახული იყო S გადახაზული ორი ხაზით. ამას ორი სხვადასხვა ისტორიული ახსნა აქვს. ერთის მიხედვით, უძველეს ესპანურ მონეტებზე ეს არის ორი სვეტი და ზედ დახვეული ლენტი. აღნიშნავს მიწებს, რომლებიც ატლანტებს ეკავათ და გულისხმობდა, აქეთა და იქითა მხარის მიწებს (რაც მანამდე ჰქონდათ, და რაც შემდეგ გახდა მათი). ეს რომ გაამარტივო, სწორედ ახლანდელი დოლარის ნიშანია. მეორე ახსნით, S-ით უძველეს ესპანურ ფულს აღნიშნავდნენ, ვერცხლი რაც შემოდიოდა ესპანეთში ამერიკიდან, უსვამდნენ ერთ ვერტიკალურ ხაზს, სხვას – ორს. ახლა, მე რატომ გამიჩნდა ამ ორი ხაზის გაკეთების იდეა. ქართულ „ლასს“ ბუნებრივად აქვს ეს ორი „კბილი“ და სამი თაღი. თუ ორ კბილს ხაზებს დავუსვამთ ზემოდან ქვევით, გააკეთებს ჰორიზონტალური თაღის კვეთას და იქნება იგივე, რაც აქვს „ევროს“. შეიძლებოდა ყოფილიყო ჰორიზონტალური ხაზები, მაგრამ მსგავსი დიზაინით უკვე არსებობს ფუნტის აღმნიშნვნელი. მერე მოგვიწევდა იმის ახსნა, რომ აქ დამწერლობა არის ქართული. ავარიდე ამ ყოველივეს თავი და გავაკეთე ორი ვერტიკალური ხაზი.

M: თუმცა, ახლა საუბარი იმაზეა, რომ ლარის ნიშანი ევროსას ჰგავს.

რაც შეეხება მსგავსებას, იტალიისა და ინგლისის ფულის ნიშნები კი არ გავს, ფაქტობრივად, ერთნაირია. ჩემი აზრით, მაშინ იტალიაში თქვეს, ეს არის ვალუტა, არის „ელი“ და უნდა იყოს ერთნაირი. როდესაც არსებობს „ევრო“ ასეთივე გადაკვეთით და გაქვს შანსი შენი ვალუტის მაჩვენებლის ცნობადობას შეუწყო ხელი, რატომაც არა? თუ გიწყობს ხელს ასოს მოხაზულობა, გახადო ის მარტივად აღსაქმელი, ვფიქრობ, ასეც უნდა მოიქცე. პრინციპულად არ ჩავთვალე საჭიროდ, განსხვავებული ყოფილიყო ევროსგან. არადა არსებობდა საამისოდ ყველა პირობა. „ლასი“ სხვანაირადად შეიძლება დაიწეროს. თუ მიდის უნიფიცირება, და ჩვენ, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ ევროზონაში, რთულად აღსაქმელი არ იქნება ლარის ნიშანი.

M: აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა „ლასის“ „ფეხსაც“. ითქვა, რომ უკეთესი იქნებოდა ლარის ეს ნიშანი „სადგარის“ გარეშე

ქართული შრიფტი მონუმენტალურია და მას „სადგარი“ აქვს. ჩემი აზრით, ეს უფრო ასტაბილურებს, ვიდრე ორი ვერტიკალური ხაზი. როცა ასო ნიშნები გაჩნდა, ყველა დეტალს თავისი თვისობრივი აუცილებლობა ჰქოდა. რატომ აქვს ასეთი „ფეხი“ მხოლოდ 2 ასოს? როცა ნიშნის რაიმე დეტალი ქრება, რაღაც იკარგება. არა მარტო ესთეტიკისა და პრაგმატიკის გამო, არამედ იმ აუცილებელი ნიუანსის გამო, რომელსაც პატივისცემა ჰქვია. ეს უნდა დაიტოვო. არ გაქვს უფლება, ერთმა პიროვნებამ მოწყვიტო ეს რუდიმენტი.

kartuli erovnuli valutis laris simbolo 85

ერთი სიტყვით, მინდოდა, ლარის სიმბოლო ყოფილიყო მარტივი, „ევროს“ მსგავსი და ამავდროულად – ეროვნული. მინდოდა, შეენარჩუნებინა ქართული „ლასის“ „ფეხი“ და ორი „კბილი“, რაც თაღს ქმნის. შეიძლებოდა, კუდი ყოფილიყო რკალური ან დაღმავალი, მაგრამ როგორიც საბოლოდ შევარჩიე, ამან უფრო მისცა სტაბილურობა ამ ნიშანს. მუშაობაში გაჩნდა იდეა, რომ კუთხეები ერთი მიმართულებით ყოფილიყო დახრილი. დანარჩენ დეტალებზე დავა, შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს. აკეთებ რაღაც სილუეტურ მონახაზს და როდესაც ის შენში ესთეტიკურ ტკბობას იწვევს, მერე უსადაგებ მას იმ ქარგას, რასაც მათემატიკური ქვია და არა, პირიქით. ეს არ არის ზუსტი მეცნიერება. ეს არის დიზაინი, სადაც თუ არ არის ცოტა აღმაფრენა და ცოტა გაფრენა, ისე არაფერი გამოვა.

M: გამოვიდა „აღმაფრენა და გაფრენა“?

არის მასში ეს აღმაფრენაც. რაც მთავარია, არის ცოცხალი. თითქმის არ არსებობს ხელოვნებაში დასრულებული ნამუშევარი. ყველაფრის გაგრძელება და განვითარება შეიძლება. ამ ნიშანსაც აქვს უფლება, თვითონ, ოღონდ ამავე ჩარჩოში, განვითარდეს. ზომაში მოიმატოს, მოიკლოს „გასუქდეს“ „გახდეს“.

M: რამდენად მნიშვნელოვაია ფულს ჰქონდეს ნიშანი?

ეს ყველაფერი სახელმწიფოებრიობას ავითარებს. ქვეყნისთვის, პრაქტიკული თავლსაზრისით რომ თქვათ, ერთი კონკრეტული ნიშნის დაწერა უფრო ადვილია, ვიდრე – გელლ –ის. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალებისაგან შენდება, რომელსაც აქვს საკუთარი პატარა „წანაზარდებიც“ და დიდი სტაბილური „ქვებიც“. ორივე მათგანი ერთნაირად მნიშვნელოვანი და აუცილებელია სახელმწიფოსთვის. ფულის ნიშანიც არის ზუსტად ასეთი პატარა დეტალი, რომელიც სძენს მას ინდივიდუალობასა და სახიერებას. ამიტომ, ვთვლი, რომ ეროვნულ ვალუტას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი სიმბოლო.

OLD SPICE-ის სარეკლამო კამპანია ქალებისათვის

ავტო კოლონა მძღოლების გარეშე!