საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკი „AI-ის მიმართულებით ფინანსურ სექტორში 2023 წლის ინოვატორების“ კატეგორიაში „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის გამარჯვებულად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს ქართული ენის გაციფრულებას. ამაზე კი უფრო დეტალურ ინფორმაციას ირაკლი გოგატიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი გვიზიარებს.
M: გვიამბეთ პროექტზე „ქართული მეტყველების ტექნოლოგიები“ და რა წვლილი მიუძღვის საქართველოს ბანკს მის განვითარებაში?
ენა, რომელიც ჩამორჩება ტექნიკურ პროგრესს, დაკნინდება და დაკარგავს ფუნქციას. ქართული კაცობრიობის ენების გაციფრულების საერთო ტრენდს ჩამორჩენილი იყო, ვინაიდან ტექნოლოგიურ გიგანტებს კომერციულად არ აინტერესებდათ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, თავად დაგვეწყო ქართული მეტყველების ტექნოლოგიების აქტიურად განვითარება. ამისთვის შევქმენით აუდიოს გამტექსტებელი, ენის მოდელი, მრავალდარგობრივი ცოდნის ბაზები, რასაც გამუდმებით ვხვეწთ და ვამდიდრებთ. ამ ყველაფრის ტექნიკური მიზანი მანქანური მეთოდებით წერილობითი თუ ხმოვანი ტექსტის შინაარსის გაგება და აზრის გამართულად ჩამოყალიბებაა.
M: როგორც ვიცით, საქართველოს ბანკი 2020 წლიდან მუშაობს ქართული ენის გაციფრულებაზე… ვრცლად რომ ვისაუბროთ, რა ხედვას და მიზანს ემსახურება ეს ინიციატივა? ფინანსური ინსტიტუტის პერსპექტივით რატომაა ის მნიშვნელოვანი?
უპირველესად, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ქართულს, იყოს სიცოცხლისუნარიანი. ამავდროულად, გვსურს, რომ ჩვენი ბიზნესი გახდეს უფრო მეტად ადამიანური, მზრუნველი, რისთვისაც საჭიროა, პირდაპირი გაგებით, გვესმოდეს ჩვენი მომხმარებლის, თანამშრომლების, პარტნიორების. აქ იგულისხმება საჭირბოროტო საკითხების გაგებაც და ემოციაც. ქართულენოვანი ციფრული პროდუქტებით შეგვიძლია ინოვაციური გამოცდილება შევუქმნათ ყოველ მათგანს. მასშტაბურად ამის მიღწევის წინაპირობაა ენის მანქანური დამუშავება. მეტყველების ტექნოლოგია უდევს საფუძვლად ვირტუალურ ასისტენტებს, რომელთა ფუნქციაც შეიძლება იყოს ინფორმირება, რეკომენდაციის გაცემა, სწავლება, ოპერაციების შესრულება. ეს ყველაფერი ადამიანური რესურსით საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. თუკი ხელოვნურ ინტელექტს აღვჭურავთ ამ შესაძლებლობებით, რესურსსაც დავზოგავთ და მასშტაბირების ხარჯსაც ავირიდებთ — ანუ ეს კომერციულადაც საკმაოდ მომგებიანია.
M: რას ნიშნავს Global Finance-ის მიერ გამარჯვებულად დასახელება საქართველოს ბანკისთვის და რა ახალ პერსპექტივებს გიხსნით ეს?
მნიშვნელოვანი აღიარება და პრესტიჟია. ეს მიგვანიშნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გამორჩეული წინსვლა გვაქვს. Global Finance-ის მიერ ასეთი აღიარება გვიხსნის ახალ პერსპექტივებს, როგორიცაა გაზრდილი ხილვადობა, სანდოობა და პოტენციური ბიზნეს შესაძლებლობები. ბანკს წარმოაჩენს, როგორც ლიდერს ინდუსტრიაში, ხელს უწყობს ნდობას და მოიზიდავს პოტენციურ კლიენტებსა და პარტნიორებს.
M: ვისაუბროთ საქართველოს ბანკისა და ზოგადად ხელოვნური ინტელექტის კავშირის შესახებ — რას აკეთებთ ამ მიმართულებით?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლის კმაყოფილება, ასევე საოპერაციო წარმადობაც. ორივე მიმართულება დამოკიდებულია ხელოვნური ინტელექტის ეფექტურ გამოყენებაზე.
დღეისთვის დანერგილი გვაქვს ქართული ენის მანქანური მოდელი ჩეტბოტში. ჩატში შემოსული მომხმარებლების დაახლოებით მესამედი ბოტისგანვე იღებს ამომწურავ პასუხს და აღარ ხდება ოპერატორთან გადამისამართება. სულ ახლახან, ჩატის ოპერატორებისთვის დავნერგეთ ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლის ყოველ მომართვაზე რამდენიმე სავარაუდო პასუხს სთავაზობს. რაც უფრო რელევანტურია შეთავაზება, მით მეტი დრო ეზოგება ოპერატორს პასუხის გაცემასა და აკრეფაზე. ამ პროდუქტით გამიზნული გვაქვს, რომ თანამშრომლის დროის 30% დავზოგოთ.
კიდევ ერთი ახალი პროდუქტია აუდიო ჩანაწერებში ტექსტური ძიების შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომხმარებელთან საუბრები იწერება. ტექსტური ძიებით, შესაბამის მიმართულებებს შესაძლებლობა ექნებათ, დაყოვნების გარეშე და მასშტაბურად დაადგინონ აქტუალური თემები, რათა ადეკვატურად და ოპერატიულად შეძლონ მოქმედება. ესაა მილიონობით დიალოგის გაანალიზების უნიკალური შესაძლებლობა.
ვმუშაობთ ქართულ გენერაციულ მოდელზეც, რომელსაც შეეძლება, დააგენერიროს ადამიანური პასუხი მიღებული მიმართვისა და ცოდნის ბაზების საფუძველზე.
M: რატომ მიგაჩნიათ ხელოვნური ინტელექტი იმ სფეროდ, რომლისკენაც ყურადღება უნდა მიმართოთ? რა გაძლევთ ამის შთაგონებას და სურვილს?
აქ არის საზოგადოებრივი და ბიზნეს ინტერესები. მხოლოდ ტექნოლოგიური საზოგადოება შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი და ჩვენ გვსურს აქ მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ. ასევე, ხელოვნური ინტელექტი არის ის შესაძლებლობა (enabler), რომლის გარეშეც თანამედროვე ბიზნეს სამყაროში ვერ იქნები წარმატებული, ვინაიდან იძლევა უზარმაზარ ბერკეტს კლიენტების გამოცდილების გასაუმჯობესებლად, პროცესების გასამარტივებლად, რუტინული ამოცანების ავტომატიზებისთვის და მონაცემებიდან ღირებული ინფორმაციის მისაღებად. ხელოვნური ინტელექტის ათვისებით, ბანკს შეუძლია, იყოს ტექნოლოგიურად მოწინავე, კონკურენტუნარიანი, ეფექტური მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან და ეკოსისტემის პარტნიორებთან და ამას მოახერხებს იმ ამოცანების მასშტაბური გადაწყვეტით, რასაც ადამიანური რესურსი არ ეყოფოდა.
M: ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე რას იტყვით? მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში თუ გაქვთ უკვე რაიმე დაგეგმილი?
უახლოესი გეგმებია გენერაციულ მოდელებზე დაფუძნებული ვირტუალური (მათ შორის ხმოვანი) ასისტენტების ფართოდ დანერგვა, რომელთა საშუალებითაც გამარტივდება მომხმარებელთა და თანამშრომელთა ინფორმირება, განვითარება, რეკომენდაციების გაცემა და გარკვეული საბანკო ოპერაციების განხორციელებაც.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გავზრდით ყველგან, სადაც შესაძლებელია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება და კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოპერაციო ეფექტურობის მიღწევა.
M: როგორ ფიქრობთ, თქვენი ძალისხმევა როგორ აისახება ზოგადად ქვეყნის ტექნოლოგიურ წინსვლაზე?
საქართველოს ბანკის ძალისხმევას შეუძლია, მძლავრი მუხტი მისცეს ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ინოვაციურ გამოცდილებას ვუქმნით ფართო მომხმარებელს, ვაუმჯობესებთ საოპერაციო ეფექტურობას და მაგალითს ვაძლევთ სხვა ორგანიზაციებსაც ქვეყნის შიგნით. გარდა ამისა, ბანკის ინვესტიციები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ხელს შეუწყობს ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტების ზრდას და ტექნოლოგიური წინსვლის კულტურის ჩამოყალიბებას, რაც კასკადურად იმოქმედებს ტექნოლოგიური ეკოსისტემისა და ეკონომიკის განვითარებაზე.