in

ქართული პროექტი “სიზმრების რუკა” – როგორ სიზმარს ხედავს სხვადასხვა ქალაქი?

“ამ თვეში საბურთალოზე შეინიშნებოდა აპოკალიპტური განწყობები, ვაკეში ნახეს წითელი დრაკონი, ვაზისუბანში შედარებით სიმშვიდეა”


ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ სიზმარი ადამიანის ცხოვრების ამოუცნობ მაგიას წარმოადგენს. მასთან დაკავშირებით არაერთი თეორია არსებობს – უკვე დიდი ხანია, ადამიანი ცდილობს, გარკვეული ახსნა მოუძებნოს ჩვენი ღამის “ბიოლოგიურ ვირტუალურ რეალობას”, როგორც ამას ზურა ჯიშკარიანი, პროექტ “სიზმრების რუკის” ერთ-ერთი ავტორი აღნიშნავს. 

“სიზმრების რუკაზე” მუშაობა ზურა ჯიშკარიანმა დავით მაკარიძესთან ერთად, მისი ინსპირაციით დაიწყო. ახლა კი სანდრო ასათიანთან თანამშრომლობით ქმნის ადამიანთა სიზმრების ციფრულ სამყაროს. პროექტი ორი კომპონენტისგან – აპლიკაციისა და ვებგვერდისგან შედგება. აპლიკაციაში დარეგისტრირდების შემდეგ, მომხმარებელი საკუთარი სიზმრების დაარქივებას შეძლებს როგორც ტექსტურ, ისე აუდიო ფორმატში. თავის მხრივ, აუდიო ფორმატში ჩაწერილი სიზმარი, გუგლის ალგორითმის მეშვეობით, ტექსტად კონვერტირდება და შესაბამის ვებგვერდზე, სიზმრების დღიურში აიტვირთება.

ფსიქოლოგისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამისტის უშუალო თანამშრომლობით კი, სიზმრების ანალიზატორი გაკეთდება, რომელიც პირველ რიგში გაანალიზებს სიზმრის ტექსტის სიტყვებს, შემდეგ გაუკეთებს ე. წ. Sentient ანალიზს – ანუ, მიხვდება ტონსა თუ შინაარს და მომხმარებელს ამის მიხედვით დაუგენერირებს სიზმრის ახსნას, რაც თავის მხრივ, თვითჩაღრმავების წინაპირობად იქცევა… “ასევე, სიზმრები თეგების მიხედვით დახარისხდება. ამ ეტაპზე 16 თეგი გვაქვს შემუშვაბული, მაგალითად, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სიზმარი, ჰორორ სიზმარი, სექსუალური ჟანრის სიზმარი და ა. შ. ადამიანს შეუძლია რამდენიმე თეგიც მონიშნოს. თუ მეტი დაგვჭირდება დრო გვანახებს” – აღნიშნავს ზურა ჯიშკარიანი. 

მომხმარებლებს შეეძლებათ ნებისმიერი “ნიკნეიმით” დარეგისტრირდნენ და რაც მთავარია, კონფიდენციალურობა სრულიად დაცული იქნება. სურვილის შემთხვევაში კი სიზმრების ჟურნალის არა თუ პრივატულად წარმოებას, არამედ გასაჯაროვებასაც შეძლებენ. სწორედ ასე შეიქმნება ყველასათვის თვალსჩინო სიზმრების მსოფლიო რუკა – რომელი ქალაქი როგორ სიზმარს ხედავს? პირადი ჟურნალის გასაჯაროვების შემთხევვაში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან ჩაწერილი ერთიანი ბაზა და ვიზუალური რუკა იქმნება, სადაც სიზმრის მოძებნას შესაბამისი სიმბოლოების მიხედვით შევძლებთ.

ვინ იცის, იქნებ “სიზმრების რუკამ” მრავალ თეორიაზეც კი იქონიოს გავლენა. მაგალითად, რა იქნება, თუ არქეტიპულად მსგავსი ადამიანები ერთნაირ სიზმრებს ხედავენ? ამ მხრივ საგულისხმოა, რომ სისტემა “არაცნობიერის” დონეზე მსგავს ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებს, რისთვისაც სიზმრების თეგებსა და სიუჟეტებს დაეყრდნობა. ეს ფაქტობრივად სიზმრების, არაცნობიერის სოციალური ქსელი იქნება, სადაც დამეგობრდებიან ადამიანები, რომლებიც სიღრმისეულად, არაცნობიერად ისედაც ერთმანეთის მეგობრები არიან. 

“სიზმრები ჩვენი უფასო, ბიოლოგიური ვირტუალური რეალობაა. ევოლუციამ ვირტუალური რეალობა ჩვენამდე გამოიგონა და ის ჩვენს თავებშია და ირთვება, როდესაც ვიძინებთ. აქ უსაფრთხო სიმულაციური გარემოა, სიზმარში შეიძლება მოკვდე კიდეც, მაგრამ რეალური სიკვდილი არ გემუქრება” – აღნიშნავს ზურა. 

გარდა იმისა, რომ სიზმრისეული სამყარო ვირტუალურ რეალობას გვთავაზობს, შესაძლოა, ის ხელოვნებადაც მივიჩნიოთ… მაგალითად, გავიხსენოთ სიურრეალისტური სიუჟეტები, სადაც ყველაფერი სწორედ სიზმრის ფანტასტიკას “ემორჩილება”. ამ მხრივ, პროექტის ავტორების თქმით, “სიზმრის რუკით” სარგებლობა რეჟისორებს, მწერლებს, არქიტექტორებს, სოციოლოგებს, ანთროპოლოგებსა და მარკეტერებსაც შეუძლიათ. “მარკეტერებს შეუძლიათ ნახონ რომელ უბანში როგორი სიზმრებია, რა ხდება არაცნობიერში და ამის მიხედვით იმოქმედონ”. 

რომელი ქალაქიდან დაიწყებს სიზმრების მსოფლიო რუკა გავრცელებას? 

საწყის ეტაპზე თბილისის ინტერაქტიული სიზმრების რუკა გაკეთდება და ყოველთვიურ რეპორტაჟებსაც ვიხილავთ, რომლებიც ტექსტის ან ვიდეოს სახით გამოჩნდება ვებგვერდზე, როგორც ამინდის პროგნოზი – “ამ თვეში საბურთალოზე შეინიშნებოდა აპოკალიპტური განწყობები, ვაკეში ნახეს წითელი დრაკონი, ვაზისუბანში შედარებით სიმშვიდეა და ა. შ.”

შემდეგ კი გაკეთდება მისი ნარატივ და ინტერაქტიული ბიბლიოთეკა, რომელიც, შესაძლოა, მომავალ ქალაქს გადაეცეს საჩუქრად. “ვფიქრობთ, თბილისის შემდეგ მის დაძმობილებულ ქალაქებს შევთავაზოთ იგივე პროექტი და ვნახოთ რა ხდება სხვა ქალაქისა და კულტრის არაცნობიერში. ეს ერთგვარად არაცნობიერის გონზო ჟურნალისტიკაა” – აღნიშნავენ პროექტის ავტორები. 

დაბოლოს, როგორია ზურა ჯიშკარიანის სიზმრები?

“ჩემი სიზმრები სავსეა მკვდარი ადამიანებით, ვიდეოთამაშის ესთეტიკითა და NPC პერსონაჟებით, რომლებიც ცდილობენ რაღაც მნიშვნელოვანის თქმას, მე კი გამოღვიძებისას მავიწყდება რაც მითხრეს… ამ ბოლო დროს სიზმრებში სულ ვხედავ წიგნებს, რომლებიც რატომღაც მიაქვთ დათვებს, მგლებს და სხვა ცხოველებს”.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის ჩაეშვება პროექტი… მანამდე კი ჩვენი ფანტასტიკური სიზმრები მოვაგროვოთ.

ავტორი ქეთია ბელქანია


2022 წლისთვის SpaceX რაკეტების გასაშვებად მცურავ პლატფორმებს შექმნის

როგორ მოვიქცეთ, თუკი ბიზნესს ზაფხულში ვიწყებთ?