წელს ქართული შრიფტის დიზაინი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რაც არაერთ კონკურსში გამარჯვებითა და ქართული ტიპოგრაფიის წიგნის გამოშვებით დასრულდა. ამიტომ, მათ შორის გამორჩეულებს მოვუყარეთ თავი და ახლა ჩვენეულ ხედვას გაგიზიარებთ, თუ როგორი იყო ქართული შრიფტის დიზაინი 2023 წელს:
Nocturno — ანა სანიკიძე
2023 წელს ანა სანიკიძის ერთი შრიფტების ოჯახი გახდა საჯარო. იგი სტუდია Typotheque-ის ფონტების ოჯახზე — Nocturno Text-ზე, Nocturno DIsplay-სა და Nocturno Stencil-ზე გვესაუბრა, რომლებიც „ახალი ქართული შრიფტების“ კოლექციის ნაწილია. ფონტების პრეზენტაციასთან ერთად, წიგნის New Georgian Type წარდგენაც გაიმართა, რომელიც 30 ფონტის ოჯახს აერთიანებს…
„Nocturno უკომპრომისოდ კალიგრაფიული შრიფტია. ქართულში კალიგრაფიის ინსპირაცია განსაკუთრებით კარგად ჩანს დახრილ (Italic) სტილში. მუქი, ფართომხრებიანი ასოების სილუეტები უზრუნველყოფს მაღალ კითხვადობას, ოთხი წონა კი მკაფიო ტექსტური იერარქიის შექმნის საშუალებას იძლევა. სრული ფონტების სისტემა კარგადაა მორგებული სარედაქციო დიზაინის სირთულეებზე. სტილების მრავალფეროვნება დიზაინერს საშუალებას აძლევს, შრიფტი გამოიყენოს როგორც დიდი საკითხავი ტექსტებისთვის, ასევე სასათაურედ, სარედაქციო და ბრენდინგ დიზაინში“, — გვეუბნება ანა სანიკიძე.
Lava — აკაკი რაზმაძე
შრიფტი Lava აკაკი რაზმაძეს ეკუთვნის, რომელიც წელს TDC69-ის გამარჯვებული გახდა:
„ამ შრიფტებზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ იმ მიზნით, რომ მაღალი ხარისხის ქართული შრიფტების კოლექცია შევსებულიყო, typotheque-ს საიტზე დღეს არაერთი ქართული შრიფტია ხელმისაწვდომი, მათ შორის არის ორი გამორჩეული, რომელიც TDC-ს შრიფტების კონკურსზე იყო 2023 წელს წარდგენილი და ორივე შრიფტმა გაიმარჯვა. ამ შრიფტებიდან ერთ-ერთი — ლავა, არის კლასიკური სერიფ ფორმების შრიფტი, რომელიც მეტწილად ჟურნალების და მოცულობითი ტექსტებისთვისაა გათვლილი. მეორე შრიფტი — ნოემბერი არის თანამედროვე, მარტივი და დახვეწილი ფორმებით გამორჩეული, რომელიც როგორც მცირე, ისე დიდ ზომებზე ადვილად კითხვადი რჩება. ორივე შრიფტი შეიცავს ქართული სიმბოლოების სრულ კომპლექტს როგორც თანამედროვე მხედრულ, ისე ძველ — ასომთავრულ და ნუსხურ დამწერლობებს“.
November — აკაკი რაზმაძე
TDC69-ში გამარჯვებასთან ერთად, აკაკი რაზმაძის შრიფტი November 2023 წლის RedDot-ის დიზაინ დაჯილდოების Best of the Best-ის კატეგორიის გამარჯვებული გახდა, თუმცა ამ შემთხვევაში არა კონკრეტული დამწერლობა, არამედ მთელი შრიფტი.
სოსლან სანაკოთის ნამუშევრები:
საამური — ნიკა ხიპაშვილი
„საამური ქართული კლასიკური შრიფტის შთაგონებით შექმნილი სერიფ ფონტია, როგორც სტანდარტულად სერიფ შრიფტი, გამოირჩევა მაღალი შტრიხის კონტრასტით. ასო ნიშნების დაბოლოებების ხარჯზე დარღვეულია მათი სიმეტრია, მცირე ზომებში სამუშაოდ კი დამატებული აქვს მელნის მახეები. საამურს აქვს 9 წონა და ლიგატურები” .
სიტრო / უსახელო — ნიკა ხიპაშვილი
„მეორე შრიფტი სიტრო, მაგრამ სჯობს, უსახელოთი მოვიხსენიოთ, რადგან პირობითი სახელი დავარქვი ფაილს. სასათაურე შრიფტი ვესტერნული ხასიათით, შებრუნებული შტრიხის კონტრასტებით. მსგავსი შრიფტები ხშირად გვხვდება ძველ პლაკატებსა და აბრებში” .
იახტ კლუბი — სანდრო ლალიაშვილი
„ქართულ რეალობაში სერიფ ფონტებით განებივრებული არ ვართ. მით უმეტეს, თუ ის თან სტენსილურიცაა. აღნიშნული ფონტი კი სწორედ სტენსილური სერიფ ფონტია, რომელიც Old Money სტილის შთაგონებით შევქმენი. თუ იგი ადამიანებს დახვეწილობისა და სიმდიდრის ასოციაციას გაუჩენს, ჩავთვლი, რომ მან საკუთარი მისია შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შექმნისას იახტით არ გადავაადგილდებოდი, ვფიქრობ, იგი ჰარმონიულად შეძლებდა თანაცხოვრებას ისეთ ბიზნესთან, როგორიცაა ქართული იახტ კლუბი“.
ყავის სახლი — სანდრო ლალიაშვილი
„ამ ფონტზე მუშაობისას ბევრი ყავა დაილია. როდესაც მას ვქმნიდი, თვალწინ მედგა ყავის კაფე, მისი აბრა, ვიტრინები, ერთჯერადი ჭიქა, მენიუ… ვცდილობდი, ჰქონოდა მაქსიმალურად რბილი ხასიათი, რომელიც ადამიანებში ისეთ სასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავდა, როგორც ამას კარგი ყავის არომატი აკეთებს“, – ამბობს სანდრო ლალიაშვილი
ხორცის მარკეტი — სანდრო ლალიაშვილი
გოთიკა — ლაშა გიორგაძე
CYBER — ლაშა გიორგაძე
„კიბერის“ ინსპირაცია თამაში Cyberpunk 2077 იყო:
სერგო ტიტენკოვის ნამუშევრები:
„2023 Წელი დაიწყო ახალ შექმნილ სააგენტო Playmakers-ში მუშაობით და Წელს შეიქმნა ჩემთვის რეკორდული შრიფტების ნუსხა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა უნიკალურ შრიფტებზე. Playmakers-ში შექმნილი შრიფტებიდან გამოვყოფდი კალიგრაფიულ შრიფტს, რომელიც შეიქმნა ლისი დეველოპმენტის პროექტი „ბუკნარი“-სთვის“:
PLMKRS RECEIPT
Setantica
Ten Waffle Studio-ს გუნდში მუშაობისას, ალექსანდრე სუკიასოვთან ერთად, შეიქმნა Setantica — გლობალური Setanta-ს კორპორატიული შრიფტი: „ამ პროექტისთვის ჩვენ შევიმუშავეთ შრიფტების ყველაზე დიდი ოჯახი, ის მოიცავს 81 წონას, 270 სიმბოლოს თითო წონაში და 25 ენაზეა შესაძლებელი წერა, რა თქმა უნდა, ქართულიც მათ შორისაა“:
Happy Journey
კომპანია „ვისოლი“-ს რებრენდინგის ფარგლებში შეიქმნა შრიფტი Happy Journey:
თოკო კოპალეიშვილის ნამუშევრები:
„ვფიქრობ, ტიპოგრაფიაზე მუშაობა მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას დიზაინერისგან, რათა ჩემს მიერ შექმნილმა თითოეულმა ფორმამ, რომელიც ვიზუალშია გამოყენებული, გარკვეული ემოცია მიიტანოს მნახველამდე. ზემოთ ნაჩვენები ვიზუალებიდან უმეტესობა არ არის დასრულებული ფონტის სახით, თუმცა უახლოეს მომავალში ვგეგმავ ამ მიმართულებით მუშაობას და „ჩანახატების“ ფონტებად ქცევას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი