9
Jan
2019

ქართული სამეცნიერო კლასიკა მსოფლიოს დიდ ბიბლიოთეკებში

9 Jan 2019

ქართული სამეცნიერო ნაშრომები ინგლისურად გადაითარგმნება და მსოფლიოს დიდ ბიბლიოთეკებში მოხვდება. NOVA Science მთელი მსოფლიოს გარშემო არჩევს, გამოსცემს და ავრცელებს სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სამედიცინო ლიტერატურას. გამომცემლობამ ქართული სამეცნიერო ნაშრომების გამოცემის სურვილი გამოთქვა. ამ მიზნით, NOVA Science კინოცენტრ “ქართულ ფილმ აფხაზეთს” დაუკავშირდა, რომელიც 2005 წლიდან, კინემატოგრაფიასა და განათლების სფეროში მოღვაწეობს. სამეცნიერო ნაშრომებს “ქართული ფილმი აფხაზეთი” შეარჩევს და თარგმნის, ბეჭდვასა და გავრცელებას კი NOVA Science საკუთარ თავზე აიღებს. ინიციატივის შესახებ, ნიუ-იორკიდან ჩამოსულმა სტუმრებმა, 8 იანვარს, ხელის ჩრდილების თეატრის “ბუდრუგანა გაგრა” სპეკტაკლის პრემიერაზე განაცხადეს. “ბუდრუგანა გაგრა” “ქართული ფილმი აფხაზეთის” ჩრდილების თეატრია. დასს წარმოდგენები ორმოცამდე ქვეყანაში აქვს გამართული. სპეკტაკლს, რომელიც მაყურებელმა პირველად, 8 იანვარს, რუსთაველის თეატრში იხილა, “მათეს ვნებანი” ეწოდება. პერფორმანსი იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა და მისი პრემიერისთვის დასი სამი წლის განმავლობაში ემზადებოდა.

ფოტო: ბექა ჯავახიშვილი

გიორგი ლიპარიშვილი, “ქართული ფილმი აფხაზეთის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: “თეატრის დასის წევრები ასევე წარმოადგენენ ქართულ ფილმ აფხაზეთს. ამიტომაც დავამთხვიეთ ამ იდეის წარდგენა და სპეკტაკლის პრემიერა ერთმანეთს. პრემიერას ესწრებოდნენ აკადემიკოსებიც, რომლებიც თავად არიან სამეცნიერო ნაშრომების ავტორები ან შეუძლიათ სხვას გაუწიონ რეკომენდაცია. რაც შეეხება კინოცენტრს, “ქართული ფილმი აფხაზეთი”, გარდა კინოწარმოებისა, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებითაც მუშაობს. ჩვენი პროექტების ფარგლებში, მეცნიერები, განათლების სფეროს წარმომადგენლები დაგვყავდა რეგიონებში, ჯარში, პენიტენციალურ დაწესებულებებში, სადაც საგანმანათლებლო შეხვედრებს ვატარებდით. NOVA Science-სთვის ცნობილია ჩვენი საქმიანობა, იცნობენ ჩვენს პროექტებს, თეატრს, კინოწარმოებას, მოსწონთ და ამის საფუძველზე, გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობა.”

 

განხილვა