in

რატომ უნდა ვიყოთ ქართულ Wikipedia-ზე და როგორაა ეს შესაძლებელი?

ქართული Wikipedia-ს ერთ-ერთი რედაქტორი “ყველაზე ადვილად დაგუგლვად” საშუალებაზე გვესაუბრება

2001 წლის 15 იანვარს, ინტერნეტ სივრცეში ონლაინ ენციკლოპედია Wikipedia გამოჩნდა. მომდევნო 20 წლის განმავლობაში, პლატფორმამ შეძლო 495 მილიონიანი აუდიტორიის შემოკრება. მხოლოდ აშშ-ში, ონლაინ ენციკლოპედიას ყოველთვიურად, 117 მლნ ადამიანი ეცნობა. შესაბამისად, Wikipedia ინფორმაციის მოპოვების გარდა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო პლატფორმადაც იქცა. მასზე ინფორმაციის განთავსება და განახლებაა შესაძლებელი, რაც სრულიად უფასოდ იძლევა ფართო აუდიტორიაზე წვდომას. მაინც, რატომაა საჭირო, რომ ვიყოთ წარმოდგენილი Wikipedia-ზე ან როგორაა ეს შესაძლებელი?

გიორგი ჩუბინიძე

“მოგეხსენებათ, ვიკიპედია მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ ენციკლოპედიაა, რომელიც ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ვიკიპედია მოხალისეების მიერ შექმნილი პროდუქტია და მასში საქმიანობა არაა სამსახური, არაა ვალდებულება, არის დიდი ენთუზიაზმი და ცალკეული ადამიანების ჰობი, რომლებმაც ინფორმაციის მიღების გარდა, ინფორმაციის შეკრება და გავრცელება დაისახეს მიზნად. ვიკიპედია არის მრავალენოვანი, მათ შორის ენა-დიალექტების დონეზეც. მისი ქართულენოვანი განყოფილება 2003 წლის ნოემბრიდან არსებობს და შესაბამისად ქართულენოვან მომხმარებელს აძლევს ენციკლოპედიურ ინფორმაციას მთელ რიგ საკითხებზე,”გვიამბო გიორგი ჩუბინიძემ, ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთმა შემმოწმებელმა და რედაქტორმა.

M: ვის და როგორ შეუძლია მასალის განთავსება ვიკიპედიაზე?

ქართულ ვიკიპედიაზე ინფორმაციის განთავსება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც წერს გამართული ქართულით, აქვს ზომიერების შეგრძნება, არის ობიექტური, ნეიტრალური, რომ მისი სტატიაც ამავე ღირებულებისა შეიქმნას. თუ მომხმარებელს გაუჭირდა ვიკიპედიის არც თუ ისე რთულ თავისებურებებში გარკვევა, ამისთვის არაერთი რედაქტორი დაიშურებს ძალას და ენერგიას დაეხმაროს ახალ მომხმარებელს, ვინაიდან ჩვენთვის ინფორმაციის შემოტანა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.

M: კომუნიკაციის თვალსაზრისით, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ ვიკიპედიაზე ვიყოთ წარმოდგენილი?

ალბათ იმიტომ, რომ ვიკიპედიაზე მოხვედრა, ინფორმაციის განთავსება დღემდე შეიძლება ვთქვათ პრივილეგიად ითვლება, რადგან ცალკეული პირების, ორგანიზაციების, თუ მოვლენების ყველაზე კარგად წარმოსაჩენი, ადვილად ,,დაგუგლვადი” საშუალებაა. ხშირია შემთხვევები, როცა მაგალითად კომპანიების PR მენეჯერებს შემოაქვთ ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ და ტექსტი თითქმის მთლიანად სარეკლამო ხასიათისაა. ასეთი სტატიები ხშირად პირდაპირ იშლება, ან რედაქტირდება იმ დონეზე, რომ ენციკლოპედიური მნიშვნელობა დარჩეს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ კომპანიაზე, თუ პიროვნებაზე ინფორმაცია იყოს გავრცელებული სანდო და რეიტინგულ მედია სივრცეში, რომელიც ვიკიპედიაზე არსებულ სტატიას დაამოწმებს, ნამდვილად არსებობს და ნამდვილად აქვს თუ არა მას ენციკლოპედიური მნიშვნელობა.

M: რა კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი, მასალის შექმნისას? არსებობს რაიმე სტანდარტი?

შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ვიკიპედიაზე მოსახვედრად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები მოქმედებს, ვინაიდან პიროვნებების, დაწესებულებებისა, თუ ორგანიზაციების მოხვედრა  ძალიან მოთხოვნადია. ხშირადაა შემთხვევა რომ ჩვენ, რედაქტორებსაც პირადად გვიკავშირდებიან და დახმარებას გვთხოვენ. ჩვენც ჩვენი დროიდან გამომდინარე ვცდილობთ ან გავცეთ რჩევა, როგორ დაამატონ სტატია, ან თავად ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა.

პიროვნებებზე ინფორმაციის დამატების კრიტერიუმი ჩვენს თანამედროვეობამდე მცხოვრები ადამიანების მიმართ განსხვავებულია. ამისთვის საჭიროა მათზე ინფორმაცია იყოს წიგნში, ჟურნალ-გაზეთებში და ა.შ. თანამედროვეობაში მცხოვრებ ადამიანებზე კი მათი ცნობადობა, საზოგადოებრივი ავტორიტეტი, მედია მხარდაჭერა, რამდენად პოპულარულია, რამდენად მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება პროფესიულად. ყვითელი პრესის და ბლოგების გარეშე. კომპანიებს რაც შეეხება, ჩვენი წესების თანახმად კომპანიის შესახებ უნდა იყოს ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე და სხვა ნეიტრალურ მხარეს, ასევე სოლიდურ და გავლენიან მედიაში (გაზეთი, ჟურნალი, საინფორმაციო სააგენტო, ტელევიზია). ზოგადი მოვლენის  შესახებაც ანალოგიურად, ინფორმაცია უნდა იყოს ე.წ. ,,დაგუგლვადი” და სხვა სანდო მასალებში თავმოყრილი.

M: მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ იქმნება ქართული ვიკიპედია?

ვიკიპედიის შექმნის პრინციპი ყველგან, მათ შორის საქართველოში, არის შემდეგი: რეგისტრირდები და ავტომატურად ხარ ვიკიპედიის რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაწეროს ან რედაქტირება გაუკეთოს უკვე არსებულ სტატიებს. შემოტანილ მასალებს გადახედავენ ვიკიპედიის უკვე გამოცდილი შემმოწმებელი რედაქტორები და შეძლებისდაგვარად გადაამოწმებენ ინფორმაციის სანდოობას. აუცილებელია ინფორმაციის წყარო იყოს გადამოწმებადი (სქოლიოს სახით). მთავარი პრინციპია, რომ ტექსტი იყოს ენციკლოპედიური, არა სარეკლამო. თუ სტატია შემმოწმებელმა მოიწონა, როგორც ენციკლოპედიური მნიშვნელობისა, მაშინ სტატია შემოწმდება და დარჩება, თუ არადა წაიშლება.

ვიკიპედიაზე არ არსებობს იერარქიული პრინციპი, ესაა (უნდა იყოს) ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანობა, მაგრამ არის გარკვეული ფუნქციები გამოცდილებისა და ვიკისტაჟიდან გამომდინარე:

ყველაზე მცირე ფუნქციის მქონეა რეგისტრირებული მომხმარებელი, ვინაიდან მას არ აქვს შესაძლებლობა ავტომატურად, შემოწმების გარეშე დაწეროს სტატია. თუ მომხმარებელმა გააგრძელა ვიკიპედიაზე მუშაობა, ისწავლა მისი მუშაობის სპეციფიკა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მას ენიჭება სანდო მომხმარებლის სტატუსი. შემდგომში თუ ეს ფუნქცია აქვს, შეუძლია კენჭი იყაროს ვიკიპედიის შემმოწმებელ რედაქტორად. ბუნებრივია, ვიკიპედიას ბიუროკრატიული თავისებურებების, ტექნიკური მხარის მოსაგვარებლად სჭირდება ადმინისტრატორი, რომელსაც სხვა შემმოწმებლებთან შედარებით მეტი დრო აქვს, ამათ ირჩევენ ვიკიპედიის გამოცდილი, დიდი წვლილის მქონე რედაქტორები, მათივე რიგებიდან. ამჟამად ასეთი სამი ადმინისტრატორია. თუ ისინი ვერ დააგროვებენ შესაბამის წვლილს, ვალდებულება აქვთ დატოვონ ადმინისტრატორის მოვალეობა. ქართულ ვიკიპედიაში, სამწუხაროდ, ეს წესი წესად რჩება და ადმინისტრატორები ხშირად საჭირო რაოდენობის წვლილის გარეშეც განაგრძობენ მუშაობას.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება

$100 მილიონი ნახშირჟანგის “მოპოვების” ტექნოლოგიის სანაცვლოდ – ილონ მასკის კონკურსი