იმ დროს, როდესაც უკრაინის ცაში ჭურვები ელავს, მის ქალაქებს კი „სამშვიდობოდ მოსული“ მტერი ანადგურებს, არავის რჩება ყურადღების მიღმა, ქვეყნის პრეზიდენტი – ვოლოდიმირ ზელენსკი. მისმა გამბედაობამ, სიმტკიცემ და პრინციპულობამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია და აიძულა ემოქმედათ მაშინ, როდესაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შიშს ჰგვრიდათ. ომის ეპიცენტრში მედგრად მდგომი პრეზიდენტის შემართებამ ერთ მუშტად შეკრა უკრაინელი ერი, რამაც არამხოლოდ ბრძოლის მიმდინარეობა შეცვალა ძირეულად, არამედ, თავად ქვეყანას შეუძღვა ევროკავშირში. თუმცა, სულ ორიოდე წლის წინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტად აირჩიეს, მის მიმართ სრულიად სხვა შეფასებები იყო. იუმორისტისა და შოუმენის კარიერის გამო, არასერიოზულად აღიქვამდნენ. ფაქტია, რომ შეცდნენ. მისი განვლილი კარიერული გზა კიდევ უფრო მეტს საუბრობს მის ხასიათზე. ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც მხიარულთა და საზრიანთა ქართული და უკრაინული გუნდები ერთად თამაშობდნენ, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კომედიანტებთან მეგობრობდა – იხსენებენ ტელე-შოუ „კაცების“ წამყვანები. როგორც ჩანს, ერთად, დიდი გეგმებიც ჰქონდათ. ამის შესახებ, კითხვებით ირაკლი კაკაბაძეს მივმართეთ. მოდით, ამჯერად, სწორედ მათი თვალსაწიერიდან გადავხედოთ უკრაინელ პრეზიდენტს, როგორც ქართველების მეგობარ ზელენსკის.
M: როგორ შედგა თქვენი ნაცნობობა?
ვოლოდიმირ ზელენსკის მეც ვიცნობ და მაშინდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებიც. სტუდენტები ვიყავით, როდესაც სოჭის ფესტივალზე მოვხვდით, საიდანაც უკრაინის ლიგაში გადაგვანაწილეს. სწორედ იქ, ჩვენთან ერთად, თამაშს ზაპაროჟიე-კრივოი როგის გუნდი „95-ე კვარტალი“ იწყებდა. გუნდის კაპიტანი იყო ვოლოდიმირ ზელენკი – ჩვენნაირი, იუმორით აღსავსე ბედნიერი სტუდენტი. ერთად ვთამაშობდით, ამიტომ ამ გუდთან მალე დავმეგობრდით. უმაღლეს ლიგაშიც ერთად მოვხვდით, მოსკოვსა და იურმალაშიც ერთად ვთამაშობდით. კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვოლოდიმირი იყო გუნდის სახე და გამოკვეთილი ლიდერი. ნებისმიერ მოლაპარაკებაზე ის ჩანდა, მის რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად.
შემდეგ, არეულობის წლები დაიწყო და გარემოებამ ერთმანეთს დაგვაშორა. ჩვენი გუნდი მსკ-ს ჩამოშორდა. ზელენსკიმ კი, გააგრძელა თამაში და დიდი ვარსკვლავიც გახდა – მიჰყავდა ფესტივალები, მონაწილეობდა ფილმებში…
M: როგორც ახსენე, ერთობლივი ფილმის გადაღებასაც გეგმავდით…
2012 წელს, ქართულ-უკრაინულ თემატიკაზე ფილმის გადაღების სურვილი გაგვიჩნდა. გავიხსენეთ ძველი მეგობრები „95 კვარტალიდან“ და დავუკავშირდით. გაუხარდათ, შევხვდეთო. ჩავედით და შევხვდით ზელენსკისა და მის რედაქტორებს. იმ დროისთვის ისინი ძალიან წარმატებულები იყვნენ. საქმიანად ვისაუბრეთ, გვითხრეს, გაგვეგზავნა სცენარი და შემდეგ, ერთად მოგვეფიქრებინა, როგორ გვემუშავა. ჩამოვედით, გავამზადეთ აუტლაინი. როდესაც ასეთი წარმატებული ხარ, ალბათ, ბევრი გწერს და გეუბნება, ძალიან მაგარი იდეა მაქვსო. ამიტომ, არ გაგვიკვირდებოდა, მათი ეს წინადადება ზრდილობიანი უარი თუ აღმოჩნდებოდა. თუმცა, ორიოდე დღეში მივიღეთ პასუხი – დაინტერესდნენ.
ისევ ჩავედით, დავიწყეთ იდეის დეტალურად განხილვა. ეს უნდა ყოფილიყო კომერციული ფილმი, რომელიც უკრაინისა და საქართველოს კინოთეატრებში გავიდოდა. მისი მთავარი გმირი უკრაინელი ახალგაზრდა ბიჭი უნდა ყოფილიყო, რომლის ადგილზეც ზელენსკი წარმოგვედგინა. ვმსჯელობდით დეტალებზე, გეგმებზე… სცენარზე სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნებულებმა, სულ ცოტა ხანში გავიგეთ, რომ პუტინი უკრაინას თავს დაესხა, დაიკავა ყირიმი და მოხდა ის, რაც უკვე იცით. ბუნებრივია, ფილმისთვის აღარავის ეცალა…
M: როგორ გახსენდება ზელენსკი, როგორც მოთამაშე?
გამოკვეთილი ლიდერი იყო. მსკ-ს სფეროში ძალიან ბევრი სპეციფიკა და ტექნიკაა. ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, საიდანაც შეფასების ქულები გროვდება: როლს, კაპიტნის კონკურსს, კითხვა-პასუხზე გასვლას, საკუთარ თავზე იღებდა. თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ მოიგეს და ჩემპიონობა მოიპოვეს, ე.ი. თავს ძალიან კარგად ართმევდა. მსკ-ს გუნდში 20 ადამიანია. 20 ხელოვანის მართვა ძალიან რთული საქმეა. კარგად გამოსდიოდა ხელმძღვანელობა და ეს შედეგითაც გამოჩნდა. არის ძალიან საქმიანი და საქმეში სულ ხუმრობს, ეს ფილმზე მუშაობის პროცესიდანაც მახსოვს.
M: რა უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მსკ-ში ითამაშოს?
ძალიან მეცინებოდა, როდესაც თავიდან ამბობდნენ, „კლოუნი“ გახდა უკრაინის პრეზიდენტიო. კარგი იუმორი რომ აკეთო, აუცილებელია იყო განათლებული – სხვანაირად ხარისხიან იუმორს ვერ შექმნი. ბილწსიტყვაობით და სიშიშვლით ადამიანებს თუ აცინებ – ამას განათლება არ სჭირდება. აი, კარგი ხუმრობა რომ თქვა ისეთ თემებზე, რაც ხალხს სტკივა და ამით „გული მოაფხანინო“, ამას სერიოზული განათლება სჭირდება – უნდა ადევნებდე თვალს მიმდინარე მოვლენებს, კარგად იცოდე ისტორია, ენა, სათქმელის სწორად ფორმულირება და ისე თქმა, რომ ადამიანი გააცინო.
ამ სფეროში მნიშვნელოვანია იყო ბრძოლისუნარიანი. სულ რეჟიმში ხარ – თვიდან თვემდე უნდა მოამზადო ისეთი პროგრამა, სხვა გუნდს რომ აჯობებს. მზად უნდა იყო სწრაფი ცვლილებებისთვის – თუ ხედავ, რომ სხვა გუნდი ბევრად ძლიერია, ისევ შეკრიბო გუნდი და თუნდაც ღამის გათენების ხარჯზე, შექმნა ბევრად კონკურენტუნარიანი პროგრამა. მეორე დღეს კი, სცენაზე გამოსულ გუნდს დაღლილობაც არ ეტყობოდეს. ამ ყველაფერს ძლიერი ხელმძღვანელი სჭირდება.
M: ბუნებრივია, იუმორმა ადამიანს ღიმილი უნდა მოჰგვაროს, თუმცა ამხელა ინტელექტისა და შრომის მიუხედავად, რატომ აღიქვამს საზოგადოების ნაწილი ამ სფეროს ნაკლებად სერიოზულად?
ასეთი დამოკიდებულება უფრო საბჭოთა გადმონაშთი მგონია. დასავლურ ქვეყნებში იუმორისტები ძალიან დაფასებულები არიან. ტარდება შეჯიბრებები, შეკრებები… კომედიანტს მიყჰავს წამყვანი ღონისძიებები, არამხოლოდ იუმორისტული, არამედ, მაგალითად ოსკარის დაჯილდოება და სხვა. თუკი ჩვენთან იუმორის სფერო მსკ-დან წამოვიდა, იქ – Stand-up-დან. გულდასაწყვეტია, არასერიოზული დამოკიდებულება, რადგან ეს რთულია. ალბათ, ესეც განათლების ნაკლებობის ბრალია – ვინც არაა ჩახედული, თვლის რომ ეს არასერიოზული და „ღლიცინია“.
M: ალბათ, ზელენსკის სახელმწიფოს მეთაურად მოსვლამ, რაღაც დონეზე, შეასუსტა ეს არასერიოზული დამოკიდებულება იუმორისტული სფეროს მიმართ… როგორ მოახერხა ეს?
არამგონია, რომ მან მხოლოდ ეს სტერეოტიპი შეცვალა. მან აჩვენა, რომ პოლიტიკოსობისთვის არ არის აუცილებელი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ან დიპლომატიის სკოლის დამთავრება. მთავარია, იყო განათლებული ადამიანი, გიყვარდეს სამშობლო და საქმე, რომელსაც აკეთებ. გქონდეს ორგანიზატორული ნიჭი და იყო პრინციპების ერთგული. კარგი ლიდერი შეიძლება იყოს იუმორისტიც, მოჭადრაკეც და ფიზიკოსიც. ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ სწორედ ეს ფაქტორებია მთავარი და შემდგომ – პოლიტიკური განათლება. ამის გარეშე, პოლიტიკურ განათლებას აზრი არ აქვს.
ფილმის ამბების შემდეგ, აღარ გვქონია კონტაქტი. შორიდან ვადევნებ თვალს, როგორ გახდა ვარსკვლავი და ამ მოვლენების ფონზე, გაოცებული ვარ – საოცარი უნარები გამოავლინა. როგორ უნდა მოახერხო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ასე შეკრა. როგორ შეძლო, ასე დადგომოდა, თან ასეთ მტერს. ზოგიერთ ვიდეოზე ცრემლის შეკავებაც კი მიჭირს.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი