in

როგორ შექმნეს ქართველმა ილუსტრატორებმა Rick And Morty-ისთვის პოსტერები

ანიმაციური სერიალის Ricky And Morty ოფიციალურ სოციალურ არხებზე ნიკოლოზ გურიელიძისა და ანა მარკოზაშვილის ილუსტრაციები გამოჩნდა. ნამუშევრები ახალი სეზონის დაწყების მოახლოებას გვამცნობენ. თანამშრომლობა Warner Bros. Discovery-ის ქსელის კომპანია Adult Swim EMEA-სთან ერთი პოსტერით უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქართველი ილუსტრატორების საცდელმა ნამუშევარმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, დამკვეთმა გადაწყვიტა სოციალური მედიისთვის ექვსივე პოსტერის შექმნა ქართული გუნდისთვის მიენდო. თითოეული პოსტერი ანიმაციის თითო პერსონაჟის თავგადასავალს ასახავს. პოსტერების განთავსება უკვე დაიწყო ევროპული ბაზრის საკომუნიკაციო არხებზე. Adult Swim EMEA-სთან თანამშრომლობასა და შემოქმედებით პროცესზე პროდიუსერ ნინიკო ბოჯგუას და ილუსტრატორებს – ნიკოლოზ გურიელიძესა და ანა მარკოზაშვილს ვესაუბრეთ.

M: როგორ შედგა Rick and Morty-სთან დაკავშირებული თანამშრომლობა?

ნინიკო ბოჯგუა: ანა მარკოზაშვილსა და ნიკოლოზ გურიელიძესთან, DemLab-ის პროექტ „სხვა ლეველის ოდისეაზე“ ვმუშაობთ, რომელიც აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება. სწორედ ამ პროექტის წარსადგენად ვიყავი წასული ტულუზაში, Cartoon Forum-ზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ევროკავშირის მედია პროექტის ფარგლებში. იქ არის შესაძლებლობა, რომ გაიცნო სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი. პირველსავე დღეს გავიცანი მარკ ტაინონი, Adult Swim EMEA-ს (Warner Bros. Discovery-ის ქსელის ნაწილია) ხელმძღვანელი. დიდი ენთუზიაზმით მოვუყევი იმ პროექტზე, რომლითაც ვიყავი ჩასული. მითხრა, რომ ეძებდნენ ტალანტებს ევროპის მასშტაბით, ვინც მსგავსი ტიპის პროექტში ჩაერთვებოდა. წარვუდგინე ჩვენი ნამუშევრები და შემოგვთავაზეს საცდელი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც Rick And Morty-ისთვის რამდენიმე პოსტერი უნდა შექმნილიყო, რომელიც ახალი სეზონის გამოსვლამდე დარჩენილ დღეებს შეახსენებდა მაყურებელს. სულ, 6 პოსტერი უნდა შექმნილიყო და დროშიც შეზღუდულები ვიყავით. ძალიან ბევრი კონცეფცია გავუგზავნეთ და შეგვარჩიეს. ეს იმ ამბებიდანაა, ფილმებში რომ გვინახავს და არც მოგვსვლია აზრად, ჩვენც თუ გადაგვხდებოდა და ასე თუ დააფასებდნენ ჩვენს შრომას.

M: როგორი იყო შემოქმედებითი ჯგუფის დავალება?

ნიკოლოზ გურიელიძე: დავალება იყო, რომ სეზონის დაწყებამდე, Countdown-ისთვის, რიცხვების შესაბამისად შეგვექმნა პოსტერები და კონცეფცია იმ რიცხვთან ყოფილიყო ინტერაქციაში, რამდენი დღეც იქნებოდა დარჩენილი პრემიერამდე. პოსტერები სოციალური მედიისთვის იყო გათვალისწინებული, ამდენად, გარკვეული წესები უნდა გაგვეთვალისწინებინა მუშაობისას.

ანა მარკოზაშვილი: თავდაპირველად, ერთ პოსტერზე იყო საუბარი, თუმცა ჩვენი სკეჩი იმდენად მოეწონათ, გადაწყვიტეს ექვსივე ჩვენთვის დაეკვეთათ. შემოქმედებითი თვალსაზრისით, თავისუფლები ვიყავით.

M: როგორ შემუშავდა პოსტერების კონცეფცია?

ნიკოლოზ გურიელიძე: პოსტერების გამაერთიანებელი კონცეფცია პერსონაჟის იდენტობიდან გამომდინარე მოვიფიქრეთ. მაგალითად, პოსტერში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, პერსონაჟის კლონია ასახული, რომელიც ანიმაციურ სერიალში კოსმოსში მოგზაურობს. მისი მებრძოლი ხასიათიდან გამომდინარე, ვესტერნის სტილი ავარჩიეთ. ასევე, ეს პერსონაჟი ვეტერინარია და ცხენებს გულზე უკეთებს ოპერაციებს, ამიტომაც პოსტერზე ცხენის გულზე ნაკერს შეამჩნევთ. ვეცადეთ, ასეთ დეტალებში გადმოგვეცა კონტექსტი და ფონიც სახასიათო შეგვერჩია.

M: როგორი იყო სამუშაო პროცესი?

ნიკოლოზ გურიელიძე: პოსტერებზე მუშაობა ერთი კვირის წინ დავიწყეთ. პროცესი რამდენიმე ნაწილად დავყავით. მე და ანა – ორივე ჯერ კონცეფტის სკეტჩებს. სულ ექვსი პოსტერი უნდა შექმნილიყო – თითოეულ მათგანზე Ricky And Morty-ის თითო პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ასახული. დამკვეთმა თავად მოგვცა  მიმართულება, თუ რომელ რიცხვს რომელი პერსონაჟის სიუჟეტი შეესაბამებოდა. ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა ეკეთებინა კონკრეტულ პერსონაჟს და როგორ შესულიყო ინტერაქციაში კონკრეტულ რიცხვთან. ვფიქრობდით, კონკრეტული პერსონაჟების ხასიათსა და გარემოებას რა სახალისო სიტუაციები მოუხდებოდა. პროცესში, ნინიკოს დახმარებით, მუდმივად ვიყავით კომუნიკაციაში დამკვეთთან – ვუგზავნიდით სკეჩებს, ისინი ირჩევდნენ, შემდეგ ანა აკეთებდა ფერების ტესტს. საქმეები გადავინაწილეთ, რათა დრო მოგვეგო. ვადები ძალიან კონკრეტულად გვქონდა გაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ დავალება რთული იყო, ვფიქრობ, თავი კარგად გავართვით და დროშიც ჩავეტიეთ. ორი პოსტერი უკვე დაიდო რამდენიმე საერთაშორისო საკომუნიკაციო არხზეს. სეზონის დაწყებამდე კიდევ ოთხი გამოქვეყნდება.

ანა მარკოზაშვილი: ნამუშევრები ნიკოლოზის სტილს მოვარგეთ და საქმე გადავინაწილეთ. მე ჩართული ვიყავი სკეჩების ფერებისა და არტ-დირექციის კუთხით და ერთად შევქმენით ექვსი პოსტერი. ასე ვთქვათ, ჩვენი საყვარელი პერსონაჟების საშუალო არითმეტიკული გამოვიყვანეთ. პოსტერებში ისეთ სიტუაციები შევქმენით, რომლებიც მტლიანად ჩვენი მოფიქრებულია ძალიან დაგვიფასდა ეს კრეატივი. დიდი ხანია მომწონს ნიკოლოზის სტილი და ძალიან მიხარია, რომ ამ პოსტერებში შევძელით სრულყოფილად გამოყენება – პერსონაჟებსაც მოუხდა და ტექსტურებიც კარგად აქვს მორგებული. „6“ და „5“ დღის შესაბამისი პოსტერები უკვე განთავსდა და ეტაპობრივად, დანარჩენებიც დაიდება სოციალურ მედიაში.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროექტი?

ანა მარკოზაშვილი: Rick And Morty-ს ძალიან დიდი ხანია ვუყურებ. პროფესიულადაც ძალიან დიდი შთაგონება მომცა. არტბუქებიც მაქვს ამ ანიმაციის და ხშირად ვადევნებდი თვალს, როგორ ჰქონდათ პროცესი აწყობილი, რადგან საქართველოში არ კეთდება 2D ანიმაციური სერიალები. ეს კი ძალიან დიდი მასალა იყო ჩემთვის, როგორც კრეატორისთვის და როგორც მაყურებლისთვის. ცოტა მიჭირს კიდეც იმის გაცნობიერება, რაც მოხდა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ შედგა თანამშრომლობა და აღებული ვალდებულება არამხოლოდ შევასრულეთ, არამედ მოლოდინს გადავაჭარბეთ. ძალიან კმაყოფილი დარჩა დამკვეთი. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შემოქმედებითი თავისუფლება მოგვცეს და დაფასებულად ვიგრძენით თავი.

ნიკოლოზ გურიელიძე: თინეიჯერი ვიყავი, როცა Rick And Morty-ს ვუყურებდი. ძალიან მომწონდა, განსაკუთრებით, პირველი სეზონები. ვუფიქრდები ხოლმე, ჩემს იმ წარსულ ვერსიას, რომელსაც ასე ძალიან მოსწონდა Rick And Morty, როგორ ვეტყოდი, აი, მომავალში მათთან ითანამშრომლებ-მეთქი. მგონია, რომ კარგი დასაწყისია სხვა, პოტენციურად წარმატებული პროექტებისკენ მიმავალ გზაზე.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რა აერთიანებთ „მეტალიკას” ვოკალისტს, რალფ ლორენსა და როუენ ატკინსონს? – მანქანების სიყვარული

ბათუმში ქეი ეფ სის მეორე რესტორანი გაიხსნა!