27
Apr
2017

ქართველი „მავერიკები“: ჯაბა ბოკუჩავა

27 Apr 2017

შოტლანდიური ვისკი — Glenfiddich-ი თავისუფალი მოაზროვნეების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ქვეყანას კონტრიბუციას უწევენ განათლების, კულტურის, ბიზნესის, ინოვაციის, მეცნიერებისა და სხვა დარგებში. Glenfiddich-ის დამაარსებლები — უილიამ გრანტი და მისი 9 შვილი, რომლებსაც დღეს „დაფთაუნის მავერიკ ვისკის მწარმოებლებს“ უწოდებენ,  ინოვაციური, რისკიანი და არაკონფორმისტი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი საქმის სჯეროდათ და საკუთარი ხელით მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთი ალაოს ვისკი შექმნეს.

ამჯერად, ქართველი სტარტაპერის — ჯაბა ბოკუჩავას შესახებ გიამბობთ, რომელმაც წარმატებული მარკეტინგული კარიერის შემდეგ, ჩვენს რეალობაში ინოვაციური, მრავალფუნქციური აპლიკაციების პლატფორმა — Tesla Toys-ი დანერგა. Glenfiddich-ის დასაგემოვნებლად, ჯაბა Davidoff-ის სიგარის სახლში მივიწვიეთ.

8 წლის იყო, მშობლებმა პირველი კომპიუტერი რომ უყიდეს. IT ტექნოლოგიებით, ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა იმ პერიოდში პროგრამისტის კარიერა მაქსიმუმ Windows-ის გადაყენებით შემოიფარგლებოდა: „ალბათ, ამ სფეროში ვინც დიდ მიზნებს მიაღწია, იმ დროს მხოლოდ ბილ გეიტსი და კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო, ამიტომაც, განათლების სტანდარტულ პროცესებში ჩავები, პროგრამირება კი საყვარელ საქმიანობად დარჩა — ამ მიმართულებით ყველა პრობლემის გადაჭრას თავად ვახერხებდი, სპეციალისტების დახმარების გარეშე“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების პერიოდი საქართველოში კლუბური ცხოვრების განვითარებას დაემთხვა. ელექტრონული მუსიკა მოსწონდა და მეგობრებთან ერთად რამდენიმე უცხოელი დიჯეი მოიწვია. „მაშინ თბილისის Music Hall-ი ახალი დახურული იყო, ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიის განვითარება სწორედ მაშინ იწყებოდა და რადგანაც, ჩვენი მცდელობები წარმატებული აღმოჩნდა, კომპანია Fast Forward-ი დავაარსეთ და ამ საქმიანობას სერიოზულად შევუდექით: პირველად Switch-ში ანტონ კუბიკოვი ჩამოვიყვანეთ, ამას რობერტ ბაბიჩის ვიზიტი მოჰყვა Night Office-ში, შემდეგ – ტროი პირსი, ჯონ კაიზერი და ანია შნაიდერი მოვიწვიეთ“. Fast Forward-ის ფარგლებს გარეთაც მუშაობდა: კვარიათში დაგეგმილ ღონისძიებებზე ბრუნო პრონზატო, მარეკ ჰემანი და იან ლუდვიგი მოიწვია, დიჯეები სხვადასხვა კერძო კომპანიების სპეციალური ღონისძიებებისთვისაც ჩამოჰყავდა.

სწორედ ამ ღონისძიებებმა დააინტერესა მარკეტინგით და სწავლის გაგრძელება ინგლისში, Durham-ის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე გადაწყვიტა.

მაგისტრატურის პარალელურად, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ დაიწყო მუშაობა — პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით: „იმ კომპანიაში ძალიან გავიზარდე, ფაქტობრივად, ყველაფერი პრაქტიკასთან ერთად ვისწავლე“. „ჯეპრას“ კვლევითი კომპანია — ACT მოჰყვა, სადაც მარკეტინგის კონსულტანტის თანამდებობა ეკავა. ერთ დღესაც, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა — „GIPA“-მ შესთავაზა თანამშრომლობა, ჟურნალისტიკის სკოლის მარკეტინგის და ტრენინგ-მენეჯერის პოზიციაზე. GIPA-ში აქტიურად მუშაობდა როგორც სხვადასხვა კურსის შექმნაზე, ასევე — გაყიდვების ახალი პრინციპების დანერგვაზე — „GIPA“-ს სასერტიფიკატო კურსები 2-დან 15-მდე გაიზარდა, პიარის კურსის მოთხოვნა კი იმდენად მაღალი იყო, რომ წელიწადში 6-ჯერ ტარდებოდა.

5-წლიანი სტაბილურობა მოსაწყენი აღმოჩნდა. გრძნობდა, რომ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება სურდა და გადაწყვიტა, ბავშვობის დროინდელი ინტერესის რეალიზება მოეხდინა: IT საქმიანობაში კარგად ერკვეოდა და თავისუფლად შეეძლო, დეველოპერისთვის სასურველი აპლიკაციების შექმნის პროცესები აეხსნა. ბევრი ძებნის შემდეგ, თანამოაზრეები იპოვა და ინოვაციური კომპანია — Tesla Toys-ი დააარსეს.

სტარტაპის ისტორია

„ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი, რაც ყველა სტარტაპს ახლავს, გუნდია. ადამიანების მოტივირება რთულია: ზოგს სტაბილურობა ურჩევნია და პირველი იმას გეკითხება, რამდენ ხელფასს სთავაზობ. შენ კი გიწევს აუხსნა, რომ 6 თვე შეიძლება, სულაც უხელფასოდ მოუწიოს შრომა, სამაგიეროდ, კომპანიის მფლობელი იქნება, მასთან ერთად გაიზრდება და ფინანსურ სარგებელსაც ნახავს“.

Tesla Toys-ი ზუსტად 1 წლის წინ დარეგისტრირდა. საბოლოო ჯამში, თანამოაზრეების პოვნა შეძლო და საქმეს შეუდგნენ: ფიქრის შედეგად, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სურდათ, ისეთი აპლიკაციები შეექმნათ, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესის ფუნქციონირებას გააუმჯობესებდა. „ეს აპლიკაციები გაცილებით უფრო პროდუქტიულ საქმიანობას ასრულებენ, ვიდრე სხვა პროგრამები ან სხვა აპლიკაციები, რადგანაც ერთგვარად ბიზნესის ფუნქციისა და მუშაობის გასაუმჯობესებელ ამოცანებს ემსახურება.“ დღეს, Tesla Toys-ი ნიჭიერ პროფესიონალთა გუნდისგან შედგება. გუნდის წევრები, ძირითადად, ციფრული სტრატეგიის სპეციალისტები, დიზაინერები, დეველოპერები, მარკეტინგისა და კომუნიკაციის სპეციალისტები, პროექტის მენეჯერები და ბიზნეს დეველოპერები არიან.

Tesla Toys-ის საქმიანობა

სახელწოდების შთაგონება ცნობილი სერბი-ამერიკელი ფიზიკოსი — ნიკოლა ტესლა გახდა. „ტესლას ბიოგრაფია ძალიან გვაინტერესებდა, მისი გამოგონებების უდიდესი თაყვანისმცემლები ვართ. ვფიქრობდით, კომპანიისთვის Tesla Apps-ი ან Tesla Business-ი დაგვერქმია, თუმცა საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, „სათამაშოებით“ (Toys) ჩვენი საქმისადმი ლაღი, თამამი დამოკიდებულება გამოგვეხატა. მუშაობის პროცესი ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო თემაა, მისგან სიამოვნებას ვიღებთ და შეიძლება, ითქვას, ვთამაშობთ“.

Tesla Toys-ის თითოეული პროექტი იმ სფეროს სიღრმისეულ შესწავლას ემყარება, რომელსაც აპლიკაცია ეკუთვნის. დღეს, კომპანიის პორტფოლიო რამდენიმე აპლიკაციას მოიცავს — თითო პროექტი, თავის მხრივ, საკითხის შესწავლის პერიოდით დაწყებული, დიზაინითა და ტექნიკური განხორციელებით დასრულებული, მინიმუმ, 3-4-თვიან მუშაობას მოითხოვს.

ჯაბას განცხადებით, მრავალფუნქციური აპლიკაციების განვითარებას ქართული APP Store-ის გახსნა განაპირობებს, რომელიც წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი: საქმე იმაშია, რომ დღეს, სხვადასხვა აპლიკაციის ყიდვა რთულია, რამდენადაც, მხოლოდ ამერიკული საბანკო ბარათით ან მისამართითაა შესაძლებელი, წლის ბოლოს კი მომხმარებელი ამ მომსახურებას ქართული ბარათებითაც მიიღებს. შედეგად, ქართული აპლიკაციების რეიტინგებიც გამოჩნდება.

Back2School

Tesla Toys-ის გუნდი ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად სკოლის სამართავი სისტემის — Back2School-ის შექმნას მიიჩნევს: ერთგვარი ელექტრონული დღიური მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას 1 გარემოში აერთიანებს. „მაგალითად, როდესაც მოსწავლე კონკრეტულ ნიშანს მიიღებს, ამის შესახებ მშობელი იმ წუთშივე იგებს, აპლიკაციის საშუალებით. ამ პროექტზე მუშაობისას რამდენიმე საკითხს იმდენად ჩავუღრმავდით, რომ კომპანიას, რომელმაც დაკვეთა მოგვცა, რამდენიმე კადრის ადგილიც კი გაუთავისუფლდა და ის ადამიანები სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს. ამ პროგრამამ ადმინისტრაციასაც მნიშვენლოვნად გაუმარტივა სამუშაო: შეიქმნა თანამშრომლების ბაზები და მოსწავლეების პროფილები, რომლებიც ამა თუ იმ მოსწავლის პროგრესსაც უჩვენებს. საბოლოო ჯამში, ძირითადი აპლიკაცია პროექტის მეორეხარისხოვანი კომპონენტი გახდა — ჯერ გარკვეული სისტემა შეიქმნა და შემდეგ მას აპლიკაცია მიება“.

Back2School-მა პატარა სტარტაპსაც ჩაუყარა საფუძველი: ამ სისტემის დანერგვას სხვადასხვა კერძო სკოლას შესთავაზებენ.

სოციალური მეწარმეობის განვითარება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით

ჯაბა არა მხოლოდ საკუთარი სტარტაპის განხორციელებაზე, არამედ — სხვა სტარტაპერების განათლების კუთხითაც მოღვაწეობს: არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელია, რომლის ერთ-ერთი მიმართულება სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაა. ორგანიზაციის მიზანია, ქართულ სოციალურ საწარმოებს იდეების არეალის გაფართოებასა და ბიზნესის განვითარებაში დაეხმაროს.

„მათ ხომ იმავე ბიზნესგარემოში უწევთ მოღვაწეობა, სადაც ყველა სხვა კომპანია ოპერირებს, მსგავსი დამოკიდებულების მქონე საწარმოებს კი ყოველთვის ბიზნესი უგებს. ჩვენი სურვილია, სოციალურ საწარმოებს სტანდარტული ბიზნესკომპანიასავით ფიქრი ვასწავლოთ და დავეხმაროთ, კომპანიის მართვაში, სოციალური მიზნები განახორციელონ. საზღვარგარეთ, ასეთი მოდელით მოქმედი კომპანიები ძალიან ბევრია — დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიების 80% სოციალურ საწარმოებს წარმოადგენს“.

[R]

განხილვა