in

ქართველი „მავერიკები“: გიგი გვალია

ვისაც ერთი ალაოს შოტლანდიური ვისკის — Glenfiddich-ის დაგემოვნება გიყვართ, კარგად გემახსოვრებათ „შესანიშნავი ათეულის“ — უილიამ გრანტის ოჯახის წევრებისადმი მიძღვნილი სარეკლამო კამპანიაც, რომელსაც „დაფთაუნის მავერიკი ვისკის მწარმოებლები“ (The Maverick Whisky Makers of Dufftown) ჰქვია. დაფთაუნის გმირები — უილიამ გრანტი და მისი 9 შვილი, ინოვაციური, რისკიანი და არაკონფორმისტი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი საქმის სჯეროდათ და საკუთარი ხელით მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთი ალაოს ვისკი — Glenfiddich-ი შექმნეს. თუმცაღა, „მავერიკები“, ანუ ინდივიდუალისტები, ყველა ქვეყანაში არსებობენ. Glenfiddich-ის რუბრიკა იმ ქართველი თავისუფალი მოაზროვნეების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ქვეყანას კონტრიბუციას განათლების, კულტურის, ბიზნესის, ინოვაციის, მეცნიერების და სხვა დარგებში უწევენ.

 

წარმატებული ინტერიერის დიზაინის კარიერის შემდეგ, გიგი გვალიამ ენერგოდამზოგავ პროდუქტებზე დაიწყო ფიქრი და სანათების ახალი კონცეფცია — Immaru Concept-ი შექმნა: სულ მალე საქართველოში დამზადებულ კონცეპტუალურ სანათებს ვებ-გვერდის მეშვეობით ონლაინ-რეჟიმში მთელ მსოფლიოში შეიძენენ.

მშობლების სურვილი იყო, განათლება საზოგადოებრივი ურთიერთობების განხრით მიეღო, თუმცა გიგიმ კომპიუტერული გრაფიკის შესწავლა მოისურვა. იმ პერიოდში ეს პროფესია საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენდა და ფაკულტეტიც მხოლოდ 2 წლის გახსნილი იყო. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლა მაგისტრატურაზე გააგრძელა, პარალელურად მე-2 და მე-3 კურსელებს ლექციებს უკითხავდა. როდესაც მაგისტრატურა დაამთავრა, კომპანია „მაგისტილში“ ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე მიიწვიეს, სადაც რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე იმუშავა, 1 წლის შემდეგ კი გადაწყვიტა, სწავლა ლონდონში, კომპიუტერული გრაფიკის 1-წლიან კურსზე გაეგრძელებინა, რომელიც ინტერიერის დიზაინზე სპეციალიზდებოდა. სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე სასწავლო პროგრამა არ გასჭირვები, მალე კურსელებმა სთხოვეს, მათთვის კერძო გაკვეთილები ჩაეტარებინა.

 

გიგი გვალია: “2009 წლის ივნისში თბილისში დავბრუნდი. ომის შემდგომი პერიოდი იყო და ჩათვალეთ, არაფერი ხდებოდა — ყველა სამშენებლო კომპანია გაჩერებული იყო. 3 თვე ძალიან გამიჭირდა, შემდეგ კი გამიჩნდა იდეა, საკუთარი კომპანია დამეარსებინა. გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ვრისკავდი, რამდენიმე თვიანი ფიქრის შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალი ვიყავი და თუ რამე გამიჭირდებოდა, არსებობდნენ ადამიანები, ვისთვისაც შემეძლო მიმემართა. Gigi Gvalia Design-ი 2010 წლის იანვარში დავაარსე და უკვე მე-7 წელია არსებობს. ვქმნი ნებისმიერი ტიპის ინტერიერის დიზაინს, რაც კლიენტს ესაჭიროება: ვმუშაობთ საცხოვრებელი სახლების, კაფეების და რესტორნების, სასტუმროების და კაზინოს სექტორის პროექტებზე.”

 Immaru Concept 

საქართველოში ჩვენს სფეროში უდიდესი პრობლემა მოკლე ვადებია: როდესაც კლიენტი მოგმართავს, აღმოჩნდება ხოლმე, რომ პროექტი „გუშინ“ უნდა ჩაგებარებინა 🙂 ადგილობრივ ბაზარზე კარგი ხარისხის პროდუქტის მცირე არჩევანია, სხვა ქვეყნიდან გამოწერის დრო კი არ რჩებოდა და გვიწევდა, გარკვეული ავეჯი თუ განათება ინდივიდუალურად დაგვემზადებინა, თუმცა ამ მხივ იძულებულები ვიყავით, არსებულ ტექნოლოგიებს მოვრგებოდით. დღეს გაცილებით უკეთესი სიტუაციაა: სხვადასხვა საწარმოები მიხვდნენ, რომ საჭიროა მუდმივად ახალი დანადგარების შეძენა და ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

თითქმის ყველა პროექტისთვის გვჭირდებოდა სანათები, თანაც ისე დაემთხვა, რომ 2014 წელს კომპანია „ახალმა ნათებამ“ მონაწილეობის მიღება შემომთავაზა პროექტში — „დამზადებულია საქართველოში“: რამდენიმე სანათის დიზაინი უნდა შემექმნა და მათ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე გამეტანა. სწორედ მაშინ მქონდა პირველად შეხება განათების დიზაინსა და პროდუქტის წარმოებასთან. გამოფენა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, დიდი გამოხმაურება მოიპოვა და კოლექცია მთლიანად გაიყიდა: ერთ-ერთი მთავარი სანათი Art Café Home-მა შეიძინა, დანარჩენები კი — კერძო პირებმა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, სანათების მწარმოებელი კომპანია შეგვექმნა, რომელიც მხოლოდ საქართველოში დამზადებულ პროდუქტს შექმნიდა, თუმცა სტრუქტურისგან გამომდინარე, დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა: სანათების ტექნიკური მხარე ძალიან რთულ კომპონენტებს მოითხოვს და  ამიტომ ბოლომდე ქართული პროდუქტის შექმნას დღემდე ვერ ვახერხებთ.

2016 წლის დასაწყისში „ტექნო პარკი“ გაიხსნა და პირველი ბიზნეს-ინკუბატორი გამოაცხადა: მათი მოთხოვნა იყო, 1 წლის განმავლობაში კომპანია დაგეარსებინა, პროდუქტი შეგექმნა და მისი წარმოება დაგეწყო. პირველი ნაკადის ბიზნეს-ინკუბატორში მოვხვდით, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მოგვცა: სახელმწიფოსგან 5,000-ლარიანი გრანტი მივიღეთ, რაც ყალიბების შექმნას და კოლექციაზე მუშაობას მოხმარდა, დაგვიფინანსეს წვრთნებიც. ბიზნეს-მოდელის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში მენტორები და მწვრთნელები გვეხმარებოდნენ, საბაზისო ცოდნა მოგვცეს, რომელიც ყველა დამწყებ მეწარმეს სჭირდება განვითარებისთვის. ასევე, წარმოების ტექნიკურ ნაწილსაც შეეხნენ: გვასწავლეს, როგორ უნდა დაიგეგმოს პროდუქტი დიზაინის პროცესში სწორად, მისი წარმოება მარტივად შესასრულებელი რომ იყოს.

ასე შექიმნა კომპანია Immaru Concept-ი: „იმარუ“ ძველი შუმერული სიტყვაა და ნათებას ნიშნავს. პირველი კოლექცია კონკერტულად ბიზნეს-ინკუბატორის პროექტისთვის გაკეთდა — შეიქმნა პროტოტიპები, რომლებიც ქართულ რეალობაში ძალიან რთულად შესასრულებელი იყო, რადგან ყველა დეტალი, დიზაინიდან გამომდინარე, ხელით უნდა გაკეთებულიყო: ქართულ ბაზარზე მათი ანალოგები არ არსებობდა და არც ხელოსნებს ჰქონდათ მსგავსი ყალიბები. ჩინეთში წარმოებული სტანდარტული ნაწილები არ გამოგვიყენებია, ყველაფერი საკუთარი ხელით ავაწყე: ბევრი ძებნის შემდეგ, კარგი ხარატი გავიცანი, რომელმაც ჩვენი ნახაზების მიხედვით ჭანჭიკების და ხრახნების დიზაინი შეგვიქმნა. გარკვეული დეტალები იუველირებმა ჩამოგვისხეს — იმავე ტექნოლოგიით, რითაც საქორწილო ბეჭდებს ამზადებდნენ. მოკლედ, როგორც იქნა, შევქმენით პროტოტიპები, რომლებიც 2016 წლის 25 ნოემბერს ინვესტორებს წარვუდგინეთ და პირველი კოლექციის პრეზენტაციაც იქ მოხდა.

M: რა ეტაპზე ხართ ახლა?

ამ ეტაპზე წარმოების ხაზის აწყობა მიმდინარეობს. საკმაოდ რთულ გეომეტრიულ ფორმებთან გვაქვს შეხება: მეტალის ლაზერზე ჭრა თუ სპეციალური ხის დანადგარებზე მუშაობა, რომელიც გარკვეულ ფორმებს მილიმეტრული სიზუსტით იღებს, საკმაოდ ძვირი ჯდება, სერიულ წარმოებაში კი სწორედ ესაა მნიშვნელოვანი — მოდელის ფორმა და ზომა 100-ივე მოდელში აბსოლუტურად იდენტური უნდ აიყოს.

თითო სერია 3-იდან 5-მდე მოდელს გააერთიანებს. მთლიანობაში 10-იდან 15-მდე მოდელი გაყიდვაში ზაფხულის დასაწყისისთვის ჩაეშვება და მათი ფასი 400-იდან 3-4,000 აშშ დოლარამდე იქნება. წარმოებაში აბსოლუტურად ბუნებრივ მასალებს ვიყენებთ: რკინას, თითბერს, ხეს, კვარცს და ა.შ. რადგან ბრენდის კონცეფცია სწორედ ბუნებრივი მასალებისგან მიღებულ, გადამუშავებადი პროდუქტის შექმნას გულისხმობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ენერგოეფექტური ნატურები გამოვიყენოთ.

M: ვინ არის Immaru Concept-ის ძირითადი მომხმარებელი ?

გათვლა ამერიკის და დუბაის ბაზარზე გვაქვს, სადაც ხელნაკეთი სანათები ფასობს. ბოლო წლებში ექსკლუზიური დიზაინის მქონე პროდუქტებით სასტუმროებიც ძალიან დაინტერესდნენ: ინდივიდუალური დაკვეთით დამზადებულ პროდუქციას უფრო ითხოვენ, ვიდრე რომელიმე ბრენდის 100,000$-იან ბესთსელერს, რაც დიზაინერებს ზრდაში ეხმარებათ, თავად სასტუმროებს კი — განსხვავებული სტილის შექმნაში.

M: როგორია ბაზარზე შესვლის სტრატეგია ?

მოვახერხეთ მოლაპარაკება რამდენიმე ქართულ და ასევე ჩინურ ქარხანასთან, რომლებიც 10-15 ერთეულს დაამზადებენ და სწორედ მათი საშუალებით დავწყებთ ბრუნვას, ასევე მომხმარებელს საშუალებას მივცემთ, პროდუქტის ფერსა და ფაქტურაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს. კლიენტის მოთხოვნების მიხედვით, შეკვეთა 3-4 კვირაში დამზადდება, შემდეგ კი მისი გაგზავნა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნება შესაძლებელი. იქმნება ვებ-გვერდი, რომელიც ონლაინ-ყიდვის მსურველებს მოემსახურება.

M: სახელმწიფოს მხრიდან რა სახის ხელშეწყობა არსებობს ?

ამ ეტაპზე ექსპორტის გადასახადისგან ვართ გათავისუფლებულები. როდესაც საკმარის საწარმოო აპარატურას შევიძენთ და საშუალება გვექნება, პროდუქტი თავიდან ბოლომდე საქართველოში ვაწარმოოთ და შესაბამისად, „დამზადებულია საქართველოში“ დავაწეროთ, სავარაუდოდ სახელმწიფოც დაგვეხმარება. ჯერჯერობით Immaru Concept-ის დაფინანსება Gigi Gvalia Design-ის მოგების ხარჯზე ხდება.

სიახლე ნიდერლანდებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის – LEAF

სპეციალური სასმისი შეყვარებული წყვილებისთვის – Burger King–ის სიურპრიზი ვალენტინობასთან დაკავშირებით