თუ თქვენ აქამდე ფიქრობდით, რომ ელექტროენერგიის მიღების ყველა გზა შესწავლილია, ეს ასე არ არის… ან თუ წარმოგიდგენიათ, რომ ახალი გზა დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, არც ეს არის სწორი. საქართველოში 15 წლის სკოლის მოსწავლეებმა — საბა ხაბურზანიამ, ანი ესართიამ და დავით რუსიამ ელექტროენერგია თერმული წყლებისგან მიიღეს.
ყველაფერი სტემის აკადემიის გაკვეთილებიდან დაიწყო. სკოლის მოსწავლეები კონკურსისთვის გაერთიანდნენ, საერთო იდეა მოიფიქრეს და გაიმარჯვეს. ახლა კი ფიქრობენ, რომ პროექტ „თერმული წყლების“ დანერგვა საქართველოს ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს.
პროექტის შესახებ უფრო დეტალურად იდეის ავტორები გვესაუბრებიან.
M: რისგან შედგება „თერმული წყლების“ მინიმოდელი?
მინიმოდელში პელტიერის ელემენტი ორ კვადრატულ მილს შორის არის მოთავსებული. ერთ მხარეს ცივი წყალი გადის, მეორეში — ცხელი. ტემპერატურის სხვაობა მილებს შორის პოტენციალთა სხვაობას იწვევს, რაც ძაბვას წარმოქმნის. მიღებული ენერგიის სიმძლავრე პელტიერის ელემენტის რაოდენობაზეა დამოკიდებული. გამოდის, რაც უფრო მეტი ელემენტი იქნება, მით მეტ ენერგიას გამოვიმუშავებთ. პელტიერის ელემენტი მსგავსი გზით ჯერ არავის გამოუყენებია. შესაბამისად, პროექტი ინოვაციურია. მოწყობილობაში მუდმივი ელექტროენერგია ცვლად ელექტროენერგიად გარდავქმენით, იმისათვის, რომ თუნდაც სახლში, საყოფაცხოვრებო მიზნით გამოგვეყენებინა. ასევე, გავაკეთეთ მიღებული ძაბვის გარდამქმნელი, რათა 1 ნათურა აგვენთო. მინიმოდელის შექმნით კი დავამტკიცეთ, რომ თერმული წყლებისგან ელექტროენერგიის მიღება ნამდვილად შესაძლებელია.
M: რა უპირატესობა აქვს თერმულ წყლებს, სხვა ენერგიის წყაროებთან შედარებით?
პროექტი ბუნებაში ჩარევას თითქმის არ მოითხოვს, საქართველოში სულ 300-ზე მეტი თერმული წყლის საბადო არსებობს, რომლის უმეტესობაც საერთოდ არ გამოიყენება. ჩვენ კი არსებულ თერმულ წყლებს არა მარტო ელექტროენერგიის მისაღებად, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის ცხელი და ცივი წლის მუდმივი მომარაგების მიზნით გამოვიყენებთ. მაშინ, როცა ალტერნატიული ენერგიის მიღების საშუალებები — მაგალითად, ჰესი, მოსახლეობასა და ბუნებას აზიანებს, ბევრი რესურსი და ადგილი სჭირდება, თერმული წყლები ეკოლოგიურად სუფთა და ელექტროენერგიის მიღების უფრო ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
M: როგორ დაიწყეთ ამ იდეის განხორციელება?
2021 წელს ჩვენ მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი’’ მონაწილეობა მივიღეთ. 6 თვის განმავლობაში კონკურსისთვის იდეის ჩამოყალიბებაზე ვმუშაობდით და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი რამ, რითაც საქართველოში არსებულ მდიდარ რესურსს ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ გამოვიყენებდით. პროექტზე მუშაობისას, დავით სონღულაშვილის ვირტუალურ-რეალურ ლაბორატორიას აქტიურად ვიყენებდით,რაც ფიზიკური პროცესების დაკვირვებისა და რეალობასთან მიახლოებული კვლევების ჩატარების საშუალებას გვაძლევდა. შევქმენით მინიმოდელი, წარმატების მიღწევაში კი ჩვენი მენტორები — უტა კილასონია, დავით სონღულაშვილი და მარეხ მაზანაშვილი დაგვეხმარნენ.
M: განვითარების რა ეტაპზე ხართ დღეს?
ამჟამად ჩვენი პროექტის საჩვენებელი მოდელი გვაქვს, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოში ამ პროექტის რეალურად დანერგვას შევძლებთ. მივიღებთ ელექტრო ენერგიას, რომელიც მინიმალური ხარჯებით საქართველოს ეკონომიკისთვის სარგებლის მომტანი იქნება. რეალურად, დანერგვისთვის მეტი მატერიალური და ადამიანური რესურსია საჭირო. მიღებული შედეგი კი ნამდვილად აღემატება იმ დანახარჯს, რა სარგებელსაც პროექტი საქართველოს ეკონომიკას მოუტანს.
M: როდის ჩათვლით ამ პროექტს წარმატებულად?
წარმატების პირველი წინაპირობა აღიარებაა, საზოგადოებამ ჩვენი პროექტის მნიშვნელობა გაიგო და შესაბამისად, კონკურსში პირველი ადგილიც დავიკავეთ. ახლა სახელმწიფოსა და საზოგადოების ჯერია, ჩვენი ინოვაციური მიგნება სწორად გამოიყენონ. თუ პროექტი ფართოდ დაინერგება, ჩავთვლით, რომ მიზანი მიღწეულია.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი