in

ყელსახვევების ქართული ბრენდი „კაშნე“

Startauperi
Startauperi

ქართულ ბაზარზე ქალისა და მამაკაცის ყელსახვევების ბრენდი „კაშნე“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს განსხვავებული დიზაინის პროდუქციას სთავაზობს. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ეს არის ნატურალური ქსოვილებით შექმნილი, უნიკალური დიზაინის პროდუქტი, რომელიც მზადდება საქართველოში. „კაშნე“ ოთხი მეგობრის – ანა ანდღულაძის, ნათია ხუგაშვილის, ნინი სუხიტაშვილისა და თამთა მეზვრიშვილის რამდენიმეთვიანი ფიქრისა და მუშაობის შედეგია, მათი პროდუქტი კი 8 ოქტომბრიდან გახდა ხელმისაწვდომი. ფუნქციონირების მცირე დროის მიუხედავად, ბრენდმა უკვე შეძლო საკუთარი სტენდის მოწყობა, რომელიც სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ 20 ოქტომბერს გაიხსნება.

აქამდე, ივენთ-მენეჯმენტის მიმართულებით ვმუშაობდით, „კაშნე“ ჩვენი პირველი მსგავსი წამოწყებაა. იდეა კი ძალიან უბრალოდ გაჩნდა, როცა ოთხი მეგობარი ვიყავით შეკრებილები და ყავას ვსვამდით. ვსაუბრობდით პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში არ იწარმოება და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ყელსახვევების ბრენდი. იდეამ დამუშავების ბევრი ეტაპი გაიარა, რამდენიმეთვიანი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, მივედით ბრენდამდე“, – გვიყვება „კაშნეს“ თანადამფუძნებელი, ანა ანდღულაძე.

ბრენდის სახელზე ფიქრისას, მეგობრებმა გადაწყვიტეს, ის კავშირში ყოფილიყო მათ პროდუქციასთან და ამასთან, მოხმარებელს ადვილად შეძლებოდა მისი დამახსოვრება. „კაშნეს“ შემქმნელები, ბაზარზე მის უპირატესობად ნატურალური ქსოვილებით წარმოებას, განსხვავებულ და ინდივიდუალურ დიზაინს მიიჩნევენ, რაც თავის მხრივ, გულისხმობს პროდუქციაზე პერსონალური წარწერის დაქარგვის შესახლებლობას. გარდა საცალო გაყიდვებისა, „კაშნე“ კორპორატიულ შეკვეთებსაც ასრულებს და ამ მიმართულებით, უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადასხვა კომპანიასთან.

რაც შეეხება პროდუქციის წარმოების პროცესს – „დიზაინერთან ერთად ვმუშაობთ თითოეულ ყელსახვევზე, შემდეგ ვწყვეტთ, რა მასალით უნდა იყოს შეკერილი. მასალიდან გამომდინარეც ხშირად შეგვიქმნია დიზაინი, ხანდახან, ქსოვილი თვითონ გკარნახობს, რა შეიძლება გააკეთო. გვაქვს პატარა სამკერვალო, სადაც მკერავები საბოლოო სახეს აძლევენ პროდუქციას“, -გვიყვება ანა ანდღულაძე.

ამჟამად, „კაშნეს“ შემოდგომა-ზამთრის კოლექცია აქვს წარმოდგენილი, რაც გულისხმობს აბრეშუმისა და შიფონის ქსოვილისგან დამზადებულ, ასევე, ნაქსოვ ყელსახვევებს. სამომავლოდ კი, ბრენდის პროდუქციის გამრავალფეროვნება იგეგმება:

ვცდილობთ, მოვერგოთ მომხმარებელს, რადგან გაჩნდა მოთხოვნა, ვაპირებთ, რომ დავამატოთ ჰალსტუხები და ბაფთები მამაკაცებისთვის, ასევე ქუდების წარმოებაზეც ვფიქრობთ. გვინდა, ქართული ელემენტები შევიტანოთ ჩვენს დიზაინში, რაც, ჩვენი აზრით, საინტერესო იქნება“.

“იზრუნე მშობლებზე სახლში!” – სარეკლამო სააგენტო Energy BBDO-ს ემოციური კამპანია

საერთაშორისო ციფრული სამიტი TOUCH თბილისში!