კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, აგურის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. საწარმო 2019 წლის შემოდგომაზე ამოქმედდება და ყოველწლიურად 120, 000 ტონა პრდუქციას გამოუშვებს. „საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ. აშშ დოლარზე მეტია და 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
მათივე ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კერამიკული პროდუქციის საწარმო „საპარტნიორო ფონდის“, ესპანური კომპანია “Ceramika El TORRENTE”-სა და ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეს“ მხარდაჭერით ხორციელდება.
„ახალი საწარმო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებასა და რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში. სამშენებლო ინდუსტრია და უძრავი ქონების ბაზარი ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში, რომელიც სამუშაო ადგილებს მნიშვნელოვნად ზრდის. სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი ინვესტიციებს იზიდავს და ეს პროექტი ამის კარგი მაგალითია. მოცემული პროექტი ესპანეთში ევროპული სტანდარტების აგურის ქარხნის ანალოგის კასპში აშენებას გულისხმობს. ახალი სახის პროდუქტი, ეტაპობრივად, ძვირადღირებულ იმპორტირებულ სამშენებლო პროდუქციას ჩაანაცვლებს“, – ამბობს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.