in

აქციეთ ტექსტი ვიდეოდ რამდენიმე წამში Katalist-ის დახმარებით — გაიცანით 500 Global in Eurasia-ს მონაწილე სტარტაპი

2024 წლისთვის ციფრული ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვლება, რაც პროცესებში AI-ს ხელსაწყოების მასიურად ინტეგრაციით, მომხმარებელთა მოთხოვნილებებისა და მდგრადობაზე აქცენტების ზრდით იქნება განპირობებული.

ციფრულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი ინსტრუმენტი ვიდეოკონტენტია. 

2024 წლის მონაცემებით, სმარტფონი მოსახლეობის 60.42%-ს აქვს, ამიტომ ვიდეოკონტენტის შექმნა და გავრცელება კომპანიების მარკეტინგული აქტივობების მთავარ ქვაკუთხედად იქცა.  

თუმცა, მზარდი სამომხმარებლო ბაზის მიუხედავად, გამართული ნარატივის მქონე მაღალი ხარისხის კონტენტის ბიუჯეტურად გადაღება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ვიდეოკონტენტის შექმნაში, როგორც წესი, ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული პროფილის მქონე ადამიანი არის ჩართული, რაც წარმოების ხარჯებს ზრდის, ხოლო კომპანიებსა და კონტენტ-კრეატორებს პროდუქტის მასშტაბირების საშუალებას არ აძლევს. ამ პრობლემების აღმოფხვრა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიძლება, რაზედაც სლოვენიური სტარტაპი — Katalist მუშაობს.

Katalist ამჟამად 500 Global in Eurasia–ის სტრატაპების აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობს, სადაც საერთაშორისო აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად საკუთარი ბიზნესის სწრაფ ზრდასა და მასშტაბირების შესაძლებლობების შექმნაზე მუშაობს. 

რა გამოარჩევს Katalist?

Katalist-ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი დამკვეთის დავალებას, ანუ ტექსტს აანალიზებს და მის საფუძველზე ვიდეოებს ქმნის, რაც, როგორც კომპანიაში ამბობენ, წარმოების ხარჯებს ამცირებს, ხოლო პროცესს ოთხჯერ აჩქარებს.

ახალი თაობის საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნის აუცილებლობა Katalist-ის დამფუძნებლებმა — ანდრაზ ზვონარმა და ბლაზ ბლოკარმა Spotify-ში, Nike-სა და Unilever-ში მუშაობისას აღმოაჩინეს, სადაც იმ AI-მოდელებს ქმნიდნენ, რომლებზეც დღეს ეს ბრენდები დგანან. 

„მუშაობის პროცესში ვხედავდით, რომ ვიდეოკონტენტის წარმოებაში უამრავი ხარვეზი იყო, მაგრამ ამ ნაპრალის ამოვსება და ამბის თხრობის იდეით შთაგონებული ნებისმიერი ადამიანისთვის პლატფორმის შექმნა გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს შეეძლო. Katalist-ი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რადგან ის, თავისი არსით, საკომუნიკაციო ხელსაწყოა, რომელიც ტექსტს აფერადებს და ვიდეოდ აქცევს“, — ამბობენ კომპანიის დამფუძნებლები.

Katalist-ის პირველი ნაბიჯები

ყველაფერი ეს 2023 წლის მაისში დაიწყო, როცა Katalist-ის კლიენტებს შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მარკეტინგული და საკომუნიკაციო სააგენტო, ფრანგული Publicis Groupe გამოჩნდა. ამ პარტნიორობამ სტარტაპს სწრაფი განვითარების საშუალება მისცა და რამდენიმე თვეში Katalist-მა ინდუსტრიაში AI პერსონაჟების პირველი ბიბლიოთეკა შექმნა, რომლითაც კლიენტებს მათთვის ნაცნობი პერსონაჟების გამოყენება სხვადასხვა ნარატიული თხრობის დროს შეუძლიათ. მოგვიანებით Katalist-ის დამფუძნებლებმა პლატფორმა ProductHunt-ზე განათავსეს და გლობალური აღიარება მოიპოვეს. Katalist-ის მომლოდინეთა სიაში ამ დროისთვის 5,000-ზე მეტი ადამიანი და კომპანიაა რეგისტრირებული. სლოვენიური სტარტაპის ხელსაწყოებს 2,000-ზე მეტი მომხმარებელი უკვე იყენებს.

Katalist-ის კონკურენტული უპირატესობა

რა არის Katalist-ის კონკურენტული უპირატესობა და რატომ სჯობს სლოვენიური სტარტაპის მიერ შექმნილი მოდელი იმ მოდელებს, რომელსაც, მაგალითად, OpenAI ავითარებს?

როგორც კომპანიაში ამბობენ, Katalist ერთადერთი გენერაციული AI პლატფორმაა ბაზარზე, რომელიც კორპორაციული ვიდეოწარმოებისთვისაა განკუთვნილი. 

„ჩვენს პლატფორმას ორი უპირატესობა აქვს, ესენია წარმოების სიჩქარე, რაც ნიშნავს, რომ სრული ვიდეოს გენერირება დამკვეთს ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია; და პროცესზე შემოქმედებითი კონტროლი, რაც სხვა მოდელების შემთხვევაში შეუძლებელია. გვესმის, რომ ბრენდის მესიჯის გამართულად და სწორად გადმოცემა სკრუპულოზურ მუშაობას მოითხოვს, რის გამოც კომპოზიციის, პერსონაჟების პოზისა თუ კამერის კუთხის არჩევა თავად კომპანიებს შეუძლიათ, თანაც რეალურ დროში“, – ამბობენ Katalist-ში და დასძენენ, რომ კომპანია მომხმარებლებს ანალიტიკურ ხელსაწყოებსაც სთავაზობს, რომელთა დახმარებით კონტენტის ეფექტიანობის გაზომვაა შესაძლებელი.

მიმდინარე წელს Katalist AI-სტუდიის შექმნას აანონსებს. დამფუძნებლების თქმით, კონკრეტული კლიენტები ამ სერვისს უკვე იყენებენ და ისეთ ვიდეოებს ქმნიან, რომლებიც თავს YouTube-ზე იყრის, სადაც რეალური კონტენტისგან მათი გარჩევა უბრალოდ შეუძლებელია. სამომავლოდ, Katalist-ის დამფუძნებლებს ისეთი სისტემის შექმნაც სურთ, რომელიც ბრენდს გაანალიზებს და მას შემადგენელ ნაწილებად დაშლის, რაც კომპანიებს მრავალჯერადი წარმოების ხარჯებს შეუმცირებს. Katalist-ის მიზანია, ვიდეოკონტენტის და მომავალი საკომუნიკაციო მედიუმების მთავარ პლატფორმად იქცეს, რაშიც სლოვენიურ კომპანიას 500 Global in Eurasia ეხმარება, რომელიც ანდრაზ ზვონარსა და ბლაზ ბლოკარს მენტორების, კურსდამთავრებულებისა და ინვესტორების უზარმაზარ ქსელზე აძლევს წვდომას.

500 Global in Eurasia- მეექვსე ნაკადის გადამზადება აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი საქართველოში ვენჩურული კომპანია 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობთ ხორციელდება. მასში მონაწილეობა უკვე 60-ზე მეტმა ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა მიიღო. წელს მეექვსე ნაკადისთვის მენტორებმა ცხრა სტარტაპი შეარჩიეს. ისინი შვიდ სექტორსა და ექვს ქვეყანას წარმოადგენენ კავკასიის, ცენტრალური აზიის და ევროპის რეგიონიდან.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გავუმკლავდეთ შფოთვას?

სასტუმრო „პარკ ჰოტელი“ Welcome to Georgia!-ს Best Value for Money Accommodation გამარჯვებულია