in

„KataLizatori“ — შუასაუკუნეებისა და თანამედროვეობის სინთეზი ილუსტრაციებში

KataLizatori, ოღონდ ის კატალიზატორი არა, რომელსაც ქიმიასთან ან ავტომობილთან მიმართებით რომ ვიცნობთ… ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ „ერთი ადამიანის შემოქმედებითობის თავშესაყარზე“, რომელიც შუასაუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნების მახასიათებლების დღევანდელობაში გადმოტანაზეა ფოკუსირებული.

„შეიძლება ითქვას, რომ შუალედური „სასაუბრო ენის“ შექმნა მინდა, რომელიც იყენებს ტრადიციულ ელემენტებს, თუმცა სავსებით ერგება თანამედროვე ხელოვნების სტანდარტებს. რა თქმა უნდა, ეს ყველა ნამუშევარში ცალსახად არ იკვეთება, მაგრამ მცირე დეტალების, ტექნიკური მახასიათებლის მეშვეობით მაინც მარტივია მიხვდე, რომ ძირითადი შთაგონების წყარო შუასაუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერაა“,ამბობს ლიზი უგულავა, „კატალიზატორის“ შემქმნელი.

სხვა მხრივ თითოეული ნახატი ინდივიდუალური დატვირთვის მატარებელია — ცდილობს, ერთ კონკრეტულ სტილში მუშაობას მოერიდოს, ვინაიდან თავადვე ეკარგება მისადმი ინტერესი. ყოველი ნამუშევარი გარკვეული ემოციური მდგომარეობის გამომსახველია, თუმცა განზოგადებული სახე აქვს, სწორედ მოცემული მახასიათებელი ეხმარება მნახველს საკუთარი ინდივიდუალური ემოციური კავშირი დაამყაროს ნახატთან, სადაც ლიზის, როგორც შუამავლის როლის შესრულება აღარაა საჭირო.

ძირითადად, ნამუშევრები მეტად პოზიტიური ხასიათისაა, თუმცა ლაიტმოტივად გარკვეული მელანქოლია გასდევს — ემოციათა მსგავსი თამაში, შეიძლება ითქვას, ქაოტურობაც კი. „აბსოლუტურად ჩემი პიროვნებისთვისაა დამახასიათებელი ეს ყველაფერი. ამიტომ ვცდილობ, მსგავსი ავთენტური მახასიათებელი არ დავკარგო“.

სახელის შერჩევაზე ბევრი არ უფიქრია — ცხოველები ძალიან უყვარს და სახლში კატაც ჰყავს. ამიტომ, ისეთ ვერსიაზე შეჩერდა, რომელშიც კატაც ფიგურირებს და საკუთარი სახელით.

„ზოგადად, ძალიან მიჭირს ჩემი ნამუშევრების ვინმესთვის ჩვენება, მით უფრო რომ საჯაროდ გამოქვეყნება, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი თავს სოციალურ ქსელში გამეზიარებინა ისინი. საბოლოო ჯამში, ჩემი მეგობრების დიდხნიანი, დაჟინებული თხოვნით, მხოლოდ წელს გადავდგი ეს ნაბიჯი და 3 მარტს შევქმენი KataLizatori-ს Facebook გვერდი. თავიდან მთლიანი წამოწყების მთავარი მიზანი ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად თითო ნამუშევრის ატვირთვა იყო, რათა გარკვეულწილად შინაგანი დისციპლინა ჩამომეყალიბებინა, თუმცა ამ დროის მანძილზე არაერთი გამოწვევის წინაშე დავდექი; აღმოვაჩინე, რომ შემოქმედებითად საკმაოდ ბევრი კომპლექსი გამაჩნია, რისი გააზრება და გადალახვაცაა საჭირო. მოცემულ პრობლემებთან გამკლავება კი მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს პროცესი არც ისეთი მარტივი გადასალახი აღმოჩნდა, შესაბამისად, კვლავაც მიწევს ჩავუღრმავდე რიგ საკითხებს, გავაანალიზო რა მიქმნის დისკომფორტს და მაქსიმალურად ავთენტურად გადმოვცე ეს ემოცია კონკრეტულ ნამუშევარში“.

Hot Dog-ები? არა, გმადლობთ! Skoda გვირჩევს, როგორ დავიცვათ სიცხეში ძაღლები მანქანაში გადახურებისგან

QWERTY-ის კიდევ ერთი წარმატება