in

„კატანაკატა“ – მაშკა დავლიანიძის ხელნაკეთი კიმონოები, რეციკლირებული მატერიისგან

Startauperi
Startauperi

პირველად, მასზე 5 წლის წინ გიამბეთ. მაშინ, მაშკა დავლიანიძემ ხელნაკეთი ვინტაჟური ნივთების სალონი Ivy Design გახსნა. მეგობართან ერთად, ძველი ავეჯისა და აქსესუარებისთვის გაცოცხლებაზე მუშაობდა. შემდეგ, ამ ყველაფერს სხვა ჰობიც დაემატა, რომელიც მაშკასა და იაპონური კულტურის სიყვარულს უკავშირდება. ოცნება აისრულა და ტანსაცმლის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, კერძოდ კი, ფერად და ხასხასა კიმონოებზე, ყოველდღიურადაც რომ სიხარულით ჩაიცვამ და თამამად გაშრიალდები გარეთ… და ეს „კატანაკატა“ რაღას ნიშნავს? როგორც აღმოჩნდა, აქ იაპონური ცივი იარაღი მაშკამ თავის საყვარელ ცხოველებთან დააკავშირა და ასეთი სახალისო სახელწოდება მიიღო – აბა, სწრაფად თქვით: „კატანაკატა“… კიდევ უფრო სწრაფად სცადეთ, ცოტას გაერთობით, ჩვენ კი ამასობაში, მაშკას წამოწყებას მივუბრუნდეთ.

„კატანაკატას ტანსაცმლის მთავარი კონცეფცია არის „აფსაიქლინგი“, ანუ იმის ეკოლოგიურად გონივრული მოხმარება, რაც უკვე შექმნილია და რის შექმნაშიც უკვე დახარჯულია საკმაოდ დიდი რესურსი. ვყიდულობ საინტერესო ფარდებს, იაპონურ ქამრებს, დიდი ზომის ტანსაცმელს, რომლის „ფასონი“ მოდური არ არის და თანამედროვე კიმონოს ვქმნი. ამასთან, ხშირად ვმოგზაურობ და უცხო ნაჭრები ჩამომაქვს. რა თქმა უნდა, ქსოვილების ადგილობრივ ბაზარსაც ვსტუმრობ“, – გვიამბო მაშკა დავლიანიძემ.

M: როგორ იქმნება „კატანაკატას“ კიმონოები?

კატანაკატა არის მინიმალისტური სილუეტი, რომელიც უხდება აბსოლუტურად ყველა ასაკის და სქესის ადამიანებს. ეს არის ჩუმი, მოკრძალებული სილამაზე, რომელიც უფრო მკვეთრად აჩენს ადამიანის ინდივიდუალურობას. ჩემი ტანსაცმელი იქმნება პატარა სახელოსნოში. მას კერავს ჩემი უსაყვარლესი და უნიჭიერესი მეგობარი, ვერა თათარიანი, რომელიც განათლებით მკერავ-კონსტრუქტორი არის. კატანაკატები შეგიძლიათ ნახოთ, მოიზომოთ და შეიძინოთ ყოველ შაბათ-კვირას თბილისურ მარკეტ Stall-ზე.

M: თქვენი სტარტაპერობა Ivy Design-ით დაიწყო – როგორ უთავსებთ ამ ორ მიმართულებას ერთმანეთს?

საქართველოში სტარტაპერობა ცოტა ძნელია, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გქონდეს კიდევ ერთი დამატებითი შემოსავლის წყარო. თავიდან, სტარტაპს მაინც უფრო ჰობის დონეზე უყურებ, მაგრამ თუ ბევრი იშრომე, ერთ მშვენიერ დღეს შენი ძირითადი საქმიანობა გახდება. მთავარია, არ გაჩერდე და შენი თავის გჯეროდეს. „აივი დიზაინმა“ გადაიტანა პანდემია, მაგრამ გადარჩა და აგრძელებს სიცოცხლეს. ოქტომბერში, მონაწილეობას მივიღებთ ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაში, Etno Fest-ში, რომელიც ჩატარდება 14-15-16 ოქტომბერს, ექსპო ჯორჯიაში. სწორედ იქ წარვადგენთ ჩვენს ახალ ავეჯსა და სახლის აქსესუარებს.

M: ჯერ „აივი დიზაინი“, ახლა „კატანაკატა“, რას გეგმავთ შემდეგ?

ძალიან დიდი გეგმები მაქვს. დიდი სახელოსნოს გაკეთებას ვფიქრობ უფრო მეტი დანადგარის შეძენას ვაპირებ. ავეჯისა და კიმონოების პარალელურად, მინდა გავაფართოვო ასორტიმენტი და ლიმიტირებულ საბავშვო სერიაზე ვიმუშაო.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ნახეთ: ჯეიმს ვების სპირალური გალაქტიკის ფოტოები

ქალთა ჯანმრთელობის რეკლამები „ტაბუს დამრღვევია“