წარმოიდგინეთ, რომ ხვალ ახალი სამსახურის გასაუბრება გაქვთ. ზოგიერთი ჩვენგანი იმაზე დაიწყებს ფიქრს, რა კითხვებს დაუსვამენ ან ინტერვიუს შემდგომი მოვლენების განვითარებას წარმოიდგენს. ამასთან, განსხვავდება განწყობა — იმედიანად ხართ განწყობილი თუ პირიქით, ნერვიულობთ და ეჭვი გეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში? თუ ამ უკანასკნელს მიეკუთვნებით, „კატასტროფირებისკენ“ ხართ მიდრეკილი.
ე. წ. კატასტროფიზაცია არის ტენდენცია, როდესაც ადამიანი ვარაუდობს, რომ ყველაზე უარესი სცენარი განვითარდება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად საპირისპიროზე მეტყველებს ფაქტები, ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის ცუდი მოლოდინებისკენ არის პიროვნება მიდრეკილი. ზოგადად, ისინი, ვინც ყველაფრის კონტროლის მანიით არის შეპყრობილი, განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ამ ტენდენციისკენ. ამასთან, ეს გარკვეულ შფოთვასთან ასოცირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხშირი კატასტროფირება მენტალური ჯანმრთელობის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია.
საგულისხმოა, რომ ფენომენს ერთგვარი თავდაცვის სურვილი უდევს საფუძვლად. როგორც ცნობილია, ამ დროს ადამიანი ფიქრობს, თითქოს, თუ ცუდ სცენარს წინასწარ წარმოიდგენს, უკეთ დაიცავს თავს მოსალოდნელი ზიანისგან. თუმცა ეს მიდგომა მხოლოდ იმ შემთხვევაში ამართლებს, თუ „წინასწარმეტყველება“ სწორი აღმოჩნდება.
როდესაც სამომავლო მოვლენებს წარმოვიდგენთ, ამ წარმოსახვით ამბებზე შესაბამის ემოციურ პასუხს ვიღებთ — პასუხს, თუ როგორ ვიგრძნობთ თავს ამ ფიქრების მატერიალიზაციის შემდეგ. უბრალოდ, მომავლის პროგნოზირების ეს გზა ხშირად არასწორია, რადგან ყველაფერს წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ არასწორ ემოციურ რეაქციებს შევქმნით.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფენომენს დადებითი შედეგებიც მოჰყვება ხოლმე. კერძოდ, ადამიანებს, რომლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი (ან თუნდაც რეალისტურად) მომავლის მიმართ, უფრო მეტად სურთ რაიმე ახლის ცდა. მეორე მხრივ, ცუდ ფაქტს ის წარმოადგენს, რომ ადამიანები, რომლებიც კრახს წააწყდებიან, ნაკლებად ცდილობენ ახალი ნაბიჯების გადადგმას — ცუდი შედეგები მათ მეხსიერებაში ინახება და იმ მიზეზებს ემატება, თუ რატომ არ უნდა სცადონ მომავალში რაღაც ახალი.
შედეგად, კატასტროფირებამ შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი სტრესი და შფოთვა და ხელი შეგიშალოთ ისეთი საქმის კეთებაში, რაც ნამდვილად მოგწონთ.
თუ სტრესის ან შფოთვის დროს მიდრეკილი ხართ კატასტროფირებისკენ, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც ამის გამოსწორებაში დაგეხმარებათ.
1. მიიღეთ გადაწყვეტილებები დილით
ღამღამობით ძირითადად ნეგატიური ფიქრები გვაქვს მომავალთან დაკავშირებით. როდესაც დაღლილი ვართ, ჩვენი ტვინის რაციონალური ნაწილის აქტივობა მცირდება და ემოციური ნაწილი აქტიურდება. შედეგად, ბუნებრივად მიდრეკილნი ვართ, მომავალი სწორედ ამ ემოციური ფონის შესაბამისად წარმოვიდგინოთ. ასევე, ძილის ნაკლებობასაც შეუძლია, უფრო მგრძნობიარე გაგვხადოს ისეთ საკითხებზე, რასაც საფრთხედ მივიჩნევთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყოველთვის შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ გადაღლილზე ან ღამით რაციონალურად ვერ იფიქრებთ. ამიტომაც, უმჯობესი იქნება, თუ გათენებას დაელოდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად.
2. ასწავლეთ თქვენს შინაგან კრიტიკოსს, უფრო თანამგრძნობი იყოს
კატასტროფირების გამოწვევა ჩვენს შინაგან კრიტიკოსსაც შეუძლია — როგორც წესი, საკუთარი თავის მიმართ იმდენად კრიტიკულები ვართ, რომ მკაცრი ენით განვსჯით ჩვენს თითოეულ ქმედებას. ეს კი შესაბამის ემოციებს წარმოშობს.
როდესაც ეს შინაგანი კრიტიკოსი გაიღვიძებს, შეეცადეთ, მას სხვისი თვალებით შეხედოთ. გამოიყენებდით ასეთ მკაცრ ენას სხვებთან საუბრისას? ან იტყოდით იმავეს სხვებზე? ან რამდენად სასარგებლოა ასეთი დამოკიდებულება თქვენთვის? უმეტეს შემთხვევაში ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითი იქნება, რაც პრობლემის გამოსწორებაში მეტად დაგეხმარებათ.
3. მოიფიქრეთ უკეთესი ამბავი
მაშინაც კი, თუ წარსულში რაღაც არასწორად წარიმართა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდგომშიც ასე მოხდება. უბრალოდ, ეცადეთ, ყველაფერი უფრო ნათელ ფერებში წარმოიდგინოთ — იფიქრეთ, როგორი იქნება მოვლენების დადებითად განვითარების გზა. ამგვარად მნიშვნელოვნად შეამცირებთ სტრესის დონეს და პოზიტიური განწყობაც მოიმატებს.
კიდევ ერთი სტრატეგია არის არა ერთი, არამედ რამდენიმე დამაჯერებელი ისტორიის მოფიქრება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს. ის დაგეხმარებათ შეგახსენოთ, რომ ისტორიები, რომლებსაც თქვენ თავად თხზავთ, მხოლოდ ისტორიებია. პოზიტიური შედეგის მქონე ისტორიებზე ფოკუსირება ასევე დაგეხმარებათ ნაკლებად შფოთვა ან ნერვიულობა იგრძნოთ.
4. იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ
შეეცადეთ, იყოთ უფრო თანამგრძნობი საკუთარი თავის მიმართ, როდესაც თქვენს მომავალზე ფიქრობთ. ეს იმაზე ძნელია, ვიდრე წარმოიდგენთ, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალიან თანამგრძნობი და გამგებია სხვების მიმართ.
თანაგრძნობასა და მხარდაჭერას ძირითადად სხვების მიმართ ვიჩენთ, საკუთარ თავს კი ისე ვექცევით, როგორც უცხოებს… თუმცა კარგად თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ისევე შეგიძლიათ თქვენი თავის მხარდაჭერა, როგორც სხვების.












