თუ ცოტა დრო მაინც გაგიტარებიათ კატებთან, შეამჩნევდით, როგორ უყვართ პატარა, მყუდრო ყუთებში მოკალათება. თუმცა, ალბათ, არ იცით, რომ კატა იტაკზეც კი, წარმოსახვით ყუთებში ჯდება…
“კატები მხიარული და უცნაური არსებები არიან, ამიტომაც გვიყვარს ისინი. თუმცა სწორედ ეს ართულებს მათ შესწავლას, რადგან ნამდვილად არ არიან გაწვრთნისკენ მოტივირებულები” – ამბობს გაბრიელა სმიტი, ცხოველთა ქცევის მკვლევარი.
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლების შემეცნების შესახებ უამრავი გამოკვლევა ჩატარდა, ბევრ მეცნიერს არ უცდია კატების შესწავლა. მაგალითად, ზუსტად არავინ იცის, რატომ სიამოვნებთ კატებს ყუთში ჯდომა, მაგრამ ფაქტია, ისინი იქ თავს უფრო მშვიდად, დაცულად და კომფორტულად გრძნობენ.
იმის დასადგენად, თუ რამდენად რეალურია კატებისთვის იატაკზე ილუზორული ყუთების წარმოდგენა, მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის მიზანიც ცხოველთა ვიზუალურ აღქმაზე დაკვირვება იყო. მკვლევრებმა საწყის ეტაპზე 500 მოხალისე კატა შეარჩიეს, რომელთა პატრონებმაც სპეციალური ინსტრუქციები მიიღეს – მათ იატაკზე სამი ვარიანტის ფორმის შექმნა დაევალათ: kanizsa-ს ილუზია, კვადრატის რეალური მონახაზი და Pac-Man-ის ფორმის შეტრიალებული კვადრატი.
იმისათვის, რომ პატრონებს კატის არჩევანზე გავლენა არ ჰქონოდათ, რამდენიმე მოთხოვნის შესრულება მოუწიათ, მათ შორის მუქი სათვალის გაკეთებაც. ცდა ბოლომდე მხოლოდ ოცდაათმა მოხალისემ მიიყვანა. როგორც აღმოჩნდა, ცხოველთა უმეტესობამ წარმოსახვითი ფიგურები ნამდვილისგან ვერ განასხვავა და შიგნით ჩაჯდა.
“ეს კვლევა ემთხვევა წინა კვლევას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანების მსგავსად, კატებიც მგრძნობიარენი არიან მრავალფეროვანი ვიზუალური ილუზიებისადმი” – კრისტინ ვიტალი, კატების მკვლევარი. მაგალითად, წინა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კატები, მოჩვენებითი მოძრაობის დანახვისას, ნადირობის მსგავს ქმედებას იყენებენ.
ასევე, 1988 წელს ლაბორატორიაში ჩატარდა გამოკვლევა, რომლის მონაცემებიც ახლაც გამოიყენეს. ექსპერიმენტის ფარგლებში საკვების მისაღებად, ორი კატა ცხვირით ღილაკს უნდა შეხებოდა, მას შემდეგ, რაც ეკრანზე კვადრატული ფორმა გამოჩნდებოდა. მათ დავალებას ძალიან კარგად გაართვეს თავი.
მცირე მასშტაბის მიუხედავად, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს კვლევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მსგავსი ექსპერიმენტი სახლის პირობებში არასდროს ჩატარებულა.