„კატიანი და მეგობრები“ ქართული ბრენდია, რომელიც მხოლოდ შინაური ცხოველების გამოსახულებით ქმნის სხვადასხვა ნივთს. ყველა ვიზუალს საკუთარი ხელით ხატავენ, რომელსაც შემდეგ ბეჭდავენ სხვადასხვა აქსესუარზე. „კატიანი და მეგობრების“ Storytelling-ად, ამბის თხრობის ხელოვნებად, ნამდვილი და გამოგონილი ამბები იქცა და ბრენდის ისტორიაც დაიწერა.
„ოთხი წლის წინ, შეყვარებული მყავდა, რომელსაც ჩემს კატაზე ალერგია ჰქონდა. ამიტომაც, რთული არჩევანის გაკეთება მომიწია და კატა სამტრედიაში გავუშვი. მიუხედავად ამისა, სიყვარული არ გამნელებია და მალევე მივხვდი, რომ ჩემი კატებისადმი დამოკიდებულება სხვანაირად უნდა გამომეხატა“, – ხატია ალფაიძე, „კატიანი და მეგობრების“ დამფუძნებელი. როგორია ბრენდის შექმნის, პროდუქციის წარმოებისა და კატებზე პოლარულად განსხვავებული აზრების მქონე წყვილის ურთიერთობის ისტორია, ხატია ალფაიძესთან ინტერვიუდან შეიტყობთ:
M: რას უკავშირდება „კატიანის“ შექმნა?
ჩემი კატის გაშვების შემდეგ, სულ ვფიქრობდი, როგორ უნდა გამომეხატა სიყვარყლი. შემტხვევით, გუგლში ინფორმაციის ძიებისას, წავაწყდი დამნაშავე კატის ფოტოს წარწერით: break down Christmas tree, რომელიც შევცვალე ასე: „გადმოვაგდე ვაზა“ და მომენტალურად გავხსენი ფეისბუკგვერდი – „კატიანი“. თავიდან მხოლოდ ჩემს კატაზე ვყვებოდი, თუმცა, გამოხმაურებებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ამბის განვითარება და ასე გაჩნდა ლეგენდის იდეაც, რომელიც პატარ-პატარა ამბებად, თავისივე ვიზუალებით იტვირთებოდა „კატიანზე“. ასე მაგალითად, ვაზის გადმოგდების გამო, ჩვენი დაპატიმრებული ფისო საკანში უსაქმოდ ვერ ჩერდებოდა და ითხოვდა სამუშაო პირობების შექმნას. საბოლოო ჯამში, მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და საკანში შეუტანეს საკერავი მანქანა, ნემსები, ძაფები, ფერადი ნაჭრები. შრომისმოყვარეობის გამო კი მალე ციხიდან გამოუშვეს და წარმოებაც დაიწყო.M: რატომ იქცა „კატიანი“ „კატიანი და მეგობრებად“?
გარკვეული პერიოდის შემდეგ ბევრმა მოგვწერა, ძაღლები რატომ არ გყავთო და ახალი წლიდან გადავწყვიტეთ, რომ ცუგებიც დაგვემატებინა. ამიტომაც, ახლა უკვე „კატიანი და მეგობრები“ ვართ. უახლოეს პერიოდში, თუთიყუშები და ზაზუნებიც გვეყოლება და ნელ-ნელა სხვა ცხოველებსა და ფრინველებს შემოვამატებთ, მოთხოვნიდან გამომდინარე.
M: სად და როგორ ხდება „კატიანი და მეგობრების“ პროდუქციის რეალიზება?
ჩვენ მიტანის სერვისი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მიწოდების სერვისი, ცენტრალურ მეტროსადგურებთან. თუმცა, ძირითადი წყარო არის მაინც ჩვენი მაღაზია, რომელიც ირაკლი აბაშიძის 22 ნომერში მდებარეობს.
M: რაც შეეხება თქვენს შეყვარებულს?
ოთხი წლის წინ შეყვარებული რომ მყავდა, ახლა ჩემი ქმარია, რომელმაც ბრიტანული კატა, სახელად მარგარეტ ტეტჩერი, იგივე მარგო მომიყვანა საჩუქრად. ახლა ორი კატა გვყავს სახლში და ერთი ძაღლი. ქალბატონი მარგო დიდი ქალია. ის ბრძანების საფუძველზე გახდა კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი და პერიოდულად იღებს მნახველებს ჩვენს მაღაზიაში.