11
Apr
2019

29 წლის ქალი, რომლის დამსახურებითაც კაცობრიობას შავი ხვრელის ფოტო აქვს

11 Apr 2019

ვისაც შავი ხვრელის შესახებ სმენია, ალბათ, უნახავს მისი ილუსტრაციები და შესაძლოა, დარწმუნებულიც კი იყოს იმაში, რომ ეს გამოსახულებები კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ადგილის ვიზუალს ზუსტად აღწერდა. თუმცა, 2019 წლის 10 აპრილამდე, კაცობრიობას არ ჰქონდა ნანახი შავი ხვრელის რეალური ფოტო, შესაბამისად, არ არსებობდა საფუძვლიანი წარმოდგენები მის ფორმაზე.

10 აპრილს, ასტროფიზიკოსებმა, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე შექმნილი შავი ხვრელის ფოტო წარადგინეს. შავი ხვრელი M87 ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ფაქტს, თავისთავად, დიდი მნიშვნელობა აქვს კოსმოსის კვლევის მიმართულებით. 2017 წელს, მსოფლიოს 4 კონტინენტზე არსებული 8 ტელესკოპისა და უამრავი ასტროფიზიკოსის გაერთიანებით მიღებული ინფორმაცია 2 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, იმისათვის, რომ შავი ხვრელის ფოტო მიგვეღო. მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებლობა კი 29 წლის მეცნიერს – ქეითი ბოუმანსა და მის გუნდს ჰქონდა.

ქეითი ბოუმანი 3 წლის განმავლობაში, თავის გუნდთან ერთად ცდილობდა ისეთი ალგორითმის შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ასტრონომიული მონაცემების დამუშავებასა და ერთ ფოტოდ ქცევას. სწორედ, მისი და მისი გუნდის წყალობით გახდა შესაძლებელი 5 პეტაბაიტიანი მონაცემები 100 კილობაიტიან ფოტოდ ქცეულიყო. ცნობისთვის, ეს იყო მონაცემები, რომლებიც მყარ დისკებზე ინახებოდა და ნახევარ ტონას იწონიდა.ქეითი ბოუმანი EHT-ის გუნდს ექვსი წლის წინ შეუერთდა. ამ დროისათვის, მან არაფერი იცოდა შავი ხვრელების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ქეითიმ The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი სფერო კომპიუტერული მეცნიერება და ელექტროინჟინერია იყო და არა ასტროფიზიკა. თუმცა მისი სურვილი იყო „მოეძებნა გზა იმისათვის, რომ დაენახა, ან გაეზომა შეუძლებელი რამეები“.

ქეითის მხოლოდ ალგორითმი არ შეუქმნია. ის ცდილობდა გუნდისთვის აზროვნების ახალი გზა შეეთავაზებინა. Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს: „ვცდილობდი, შემომეტანა გუნდში საკუთარი თავის გამოცდის კულტურა“.

ჯერ კიდევ 2017 წელს, ერთ-ერთი გამოსვლისას ის გვიხსნიდა, თუ როგორ უნდა გადაგვეღო შავი ხვრელის ფოტო:

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა