წარმატებულ ქალებზე არაერთხელ მოგვიყოლია, ბევრი ჯილდოც ერთად გვიზეიმია და გამარჯვებაც. თუმცა, რადგან მარტი ქალების თვეა, ახლა შესანიშნავი დროა მათთან პირდაპირ სასაუბროდ, რათა გავიგოთ, რა შექმნეს, რა შეცვალეს, რა შეცდომები დაუშვეს და რას გვირჩევენ დღეს… სწორედ ამიტომ, მარკეტერი წარმატებულ ქართველ ქალ მეწარმეებსა და ხელოვანებს დაუკავშირდა. მათ შორისაა კატო რამიშვილი, ელექტრონული კომერციის სპეციალისტი და QisaBags-ის დამფუძნებელი, დანარჩენი კი, მოდით, ერთად გავიგოთ:
M: კატო, გაგვაცანით თქვენი სტარტაპი…
ამ ეტაპზე ორი საქმიანობით ვარ დაკავებული: QisaBags — პრემიუმ ხარისხის ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიაა. 2018 წელს შევქმენით, იმ დროს მხოლოდ ერთი ტყავის ჩანთის დიზაინით შემოვიფარგლებოდით და ეს ბიზნესი ყველანაირი ინვესტიციის გარეშე დავიწყე. თავიდან პროდუქციას სხვადასხვა გამოფენასა და ბაზრობებზე მე თვითონ ვყიდდი და ძალიან მალევე გადავწყვიტე, რომ ბიზნესის გაფართოება მჭირდებოდა. პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანა სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ ბაზრებისა (Etsy, Amazon) და პლატფორმების მეშვეობით (Shopify) დავიწყე. დღეს QisaBags მთელ მსოფლიოში იყიდება და ჯამურად 10 000+ პროდუქციის ექსპორტი განვახორციელეთ სხვადასხვა პლატფორმიდან.
ხოლო Elcomspace 2023 წელს დავაარსეთ — ეს არის ელექტრონული კომერციის აქსელერატორი მეწარმეებისთვის. ამ პროექტის მიზანი სწორედ იმ გამოცდილების გაზიარებაა კურსების ფორმატით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ისწავლონ ისეთი საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება თავიანთი ბიზნესებისთვის, როგორებიცაა: Amazon, Etsy, Shopify, Meta, Google Ads და სხვა. ელქომსფეისში ვასწავლით არამარტო ონლაინ ბაზრებს, არამედ საერთაშორისო ონლაინ მაღაზიების აწყობას. ასევე, თუ როგორ უნდა გააგზავნონ და გაყიდონ პროდუქტი უცხოურ ბაზარზე.
ჩვენი კურსები და სერვისები მეწარმეებს საშუალებას აძლევს, ონლაინ გაყიდონ თავიანთი პროდუქტი როგორც საქართველოში, საკუთარი ონლაინ მაღაზიიდან, ისე საერთაშორისო ბაზარზეც. ეს პროექტი პროფესიონალური ფოტო-ვიდეო მომსახურების სერვისსაც მოიცავს, რომელიც აუცილებელია ონლაინ ვაჭრობის პირობებში. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველანაირად ხელი შევუწყოთ საქართველოში ელექტრონული კომერციის სფეროს განვითარებას და მცირე ბიზნესების დაწინაურებას საერთაშორისო ბაზარზე.
M: როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება „ქალი დამფუძნებლის“ სტატუსმა?
მიხარია და ვამაყობ, რომ ქალი მეწარმე ვარ და უკვე 8 წელია ამ სტატუსს თამამად ვატარებ, თუმცა, ასე არ გამოვარჩევ თავს, ჩემი თვალთახედვით, უბრალოდ ადამიანი ვარ, ვისაც ძალიან უნდოდა რაღაცის გაკეთება თუ მიღწევა და დიდი შრომის შედეგად ესეც გამოუვიდა.
M: როგორ ფიქრობთ, რა იყო/არის თქვენი წარმატების გასაღები?
ზოგადად, მეწარმეობამ და ამ სფეროში საქმიანობამ ბევრი თავდაჯერებულობა შემმატა და დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი შემიძლია, რის გაკეთებასაც სერიოზულად გადავწყვეტ. როდესაც მიზანს ვისახავ, მაქსიმალურად ვცდილობ, ბოლომდე მივყვე. თუ რაღაც არ გამოვიდა, არ ვნებდები და ალტერნატიულ გზებს ვეძებ მიზნის მისაღწევად. ვცდილობ, სულ რაღაც ახალი ვისწავლო და შემდგომ პრაქტიკაში გამოვიყენო ეს ცოდნა, თუნდაც, საკუთარი ბიზნესებისთვის.
M: გვესაუბრეთ შეცდომაზე, რომელიც დიდი გაკვეთილი გამოდგა თქვენი სტარტაპისთვის…
მთავარი შეცდომა, ალბათ, წვრილმანებზე ნერვიულობა იყო. ახლა უკვე ვცდილობ, დიდი სურათი დავინახო ნებისმიერი მიმართულებით და უფრო მსუბუქად ვუყურო იმას, რაც ჩემი კონტროლის ქვეშ არ არის.
M: ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ ქალებისთვის სტარტაპეკოსისტემაში, რა იქნებოდა ეს?
დაისახეთ მიზანი, ჩადეთ შრომა თქვენს საქმეში და მიჰყევით თქვენსავე ინტუიციას.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი