in

კაცობრიობის მსვლელობა ცივი გონებიდან სენტიმენტებამდე და კოლექტივიდან ინდივიდამდე

რაციონალობიდან სენტიმენტებზე გადართვა საგრძნობლად დააჩქარა სოციალური მედიის განვითარებამ

თანამედროვეობას ხშირად “პოსტ-ჭეშმარიტების ეპოქას” უწოდებენ, რაც საზოგადოების დიდ ნაწილში გაკვირვებას იწვევს. თუ თქვენც საზოგადოების ამ ნაწილში შედიხართ, სჯობს, უკეთ დავაზუსტოთ. ეს გამოთქმა მიუთითებს იმაზე, რომ უკანასკნელ პერიოდში ადამიანებმა შეწყვიტეს ობიექტური, საყოველთაო ჭეშმარიტებების ძიება. ასევე, დაკარგეს ინტერესი ყველაფერი  რაციონალური, ემპირიული თუ სხვა სახის ლოგიკური დასაბუთებებისადმი. სწორედ ამაზე მიუთითებს ვაგენინგენისა  და ინდიანას უნივერსიტეტების კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ინტერესი კოლექტივიდან ინდივიდზე, რაციონალურობიდან კი სენტიმენტებზე გადაერთო.

M2
M2

რაციონალურობიდან სენტიმენტებამდე

მილიონობით წიგნის ენის ანალიზით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სიტყვები, რომლებიც დაკავშირებულია მსჯელობასთან — “დეტერმინაცია” (განსაზღვრა) და “დასკვნა”, სისტემატურად იზრდებოდა 1850 წლიდან. მეორე მხრივ,  მცირდებოდა  ისეთი სიტყვების მნიშვნელობა, როგორიცაა “გრძნობა” და “რწმენა”. თუმცა ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს ტენდენცია საგრძნობლად შეიცვალა, ფაქტობრივად, საპირისპირო მხარეს შემობრუნდა — ასე გადაულოცა უპირატესობა რაციონალურმა მიდგომებმა გრძნობისმიერს. გარდა ამისა, წიგნის ენაში მხოლობითი და მრავლობითი ნაცვალსახელების თანაფარდობის მნიშვნელოვანი ცვლილებით, როგორიცაა “მე”/”ჩვენ” ნათლად ჩანს, რომ ადამიანების ფოკუსი კოლექტივისტურიდან ინდივიდუალისტურზე გადაერთო. 

“წიგნის ენაში ამ სინქრონული ცვლილების ინტერპრეტაცია კვლავ რთულია.  თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს შემობრუნება ხდება, როგორც მხატვრულ, ისე არამხატვრულ ლიტერატურაში. ასევე,  ჩვენ ვაკვირდებით ცვლილებას სენტიმენტალურ და რაციონალურ სიტყვებს შორის ნიუ-იორკ თაიმსის სტატიებშიც, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საკვლევი წიგნების კორპუსი არ არის ხელოვნურად შერჩეული და ის რეალურ მაჩვენებლებზეა დაფუძნებული”, — ამბობს კვლევის თანაავტორი იოჰან ბოლენი ინდიანას უნივერსიტეტიდან.

მიზეზები 

კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი მარტინ სხეფერი, 1850-1980 წლებში რაციონალური მიდგომების მზარდი ტენდენციის გამომწვევ მიზეზებზე საკუთარ თეორიას გვთავაზობს. მისი აზრით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და მათმა სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით მოტანილმა სიკეთეებმა, მეცნიერული მიდგომის სტატუსის ამაღლება გამოიწვია. ეს  თანდათან გავრცელდა კულტურაში, საზოგადოებასა და მის ინსტიტუტებში. მეცნიერული მიდგომის მზარდმა ტენდენციამ თანდათან ყველა სფერო მოიცვა — დაწყებული  განათლებით და დამთავრებული პოლიტიკური პროცესებით. ის იხსენებს მაქს ვებერის მტკიცებას, რომ მოდერნიზებულ, ბიუროკრატიულ და სეკულარიზებულ საზოგადოებებში, სპირიტუალიზმის (სულიერების) როლი საგრძნობლად მცირდება. 

უფრო რთული სათქმელია, რამ  გამოიწვია ასეთი გრძელვადიანი და ძლიერი ტენდენციის შემობრუნება. ავტორების აზრით, ეს, შესაძლოა,  ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებისგან გამოწვეულ საყოველთაო დაძაბულობას უკავშირდებოდეს, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში წარმოიქმნა. ეს პროცესი რაციონალური არგუმენტებით გახლდათ განმტკიცებული და დასაბუთებული, თუმცა მის შედეგად მიღებული სარგებელი, უსამართლოდ, არათანაბრად იყო განაწილებული. 

სოციალური მედია

კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ რაციონალობიდან სენტიმენტებზე გადასვლა,  დაახლოებით 2007 წლიდან დაჩქარდა, როდესაც სოციალური მედიის როლი საგრძნობლად გაიზარდა. სოც.მედიის განვითარებისას ფაქტებთან დაკავშირებული სიტყვების სიხშირე შემცირდა, ხოლო ემოციებით დატვირთული ენა გაიზარდა. ამის პარალელურად, მნიშვნელოვნად ძლიერდებოდა კოლექტივისტური მიმართვების ინდივიდუალისტურზე გადართვის ტენდენციაც. 

დაბოლოს, თანაავტორი ინგრიდ ვან დე ლემპუტი, ვაგენინგენის უნივერსიტეტიდან, კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, საინტერესო დასკვნას გვთავაზობს. მისი აზრით, “პოსტ-ჭეშმარიტების ეპოქა” დაკავშირებულია დიდ ისტორიულ პროცესთან, რომლის დასასრულიც აზროვნების ორი ფუნდამენტური მოდელის,მსჯელობისა და ინტუიციის ბალანსია. 

“შესაძლოა, საზოგადოებებს ახალი ბალანსის პოვნა სჭირდებათ, რათა ნათლად გააცნობიერონ ინტუიციისა და ემოციის მნიშვნელობა. მეორე მხრივ კი მაქსიმალურად გამოიყენონ რაციონალურობისა და მეცნიერების მეტად საჭირო ძალა”, — განმარტავს ლემპუტი.

ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა სავარაუდო სუპერმთვარე აღმოაჩინეს

Bottega Veneta-მ ჩინეთის დიდ კედელზე მწვანე გიგანტური ინსტალაცია განათავსა