მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე „პაცას“ თანადამფუძნებელი ქეთი პაპავა გვიყვება.
როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე დავფიქრდი, ჯერ ერთი ფაქტი გამახსენდა, მერე მეორე და შემდეგ მესამეც დაემატა. საკუთარ თავთან დავიწყე იმის გარკვევა, ამ სამიდან რომელი უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში და მივხვდი – როგორც შინაარსობრივად, ასევე ფაქტობრივად, სამივე ერთმანეთთან ისე იყო გადაბმულ-დაკავშირებული, რომ ამ ჯაჭვის გაწყვეტა და მხოლოდ ერთი რგოლის ამოღება, არ იქნებოდა სწორი. ამიტომ, გიზიარებთ სამს, როგორც ერთ დიდ გადაწყვეტილებას, რამაც ჩემი ცხოვრება, ალბათ, სამუდამოდ შეცვალა.
1. გადაწყვეტილება N1 – ეს იყო ჩემი და ჩემი მეუღლის გასტრონომიული კვლევა საქართველოს მასშტაბით, რომლის ჩატარებაც, თავდაპირველად პირადი მიზნებისთვის გვინდოდა, თუმცა, მალევე გადავწყვიტეთ, ამის კვლევის წიგნად გამოცემა. ეს იყო პირველი დიდი პროექტი და შესაბამისად, უზარმაზარი პასუხისმგებლობა, ამით ანგარიშვალდებული გავხდით როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორთან. შედეგად, გამოვეცით 700 გვერდიანი, ორენოვანი წიგნი – “ქართული გემოს მემკვიდრეობა”, მივიწყებული და თანამედროვე ქართული გასტრონომიული კულტურის ფაქტობრივად სრულად აღწერით.
2. მეორე მნიშვნელოვანი რგოლი, ანუ გადაწყვეტილება, იყო ძალიან რთული. მე ხასიათით ინტროვერტი ვარ – ხალხი, საზოგადოება, საჯაროობა, ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტია. და აი, ასეთ ადამიანს, ურეკავენ და სთავაზობენ ტელეწამყვანობას – კერძოდ, რუსთავი 2-ის დილის გადაცემაში, კულინარიული ბლოკის წაყვანას. ამაზე თანხმობის გაცხადება, ჩემთვის უზარმაზარი ფიქრის, ნერვიულობისა და სტრესის გავლით მოხდა, თუმცა სწორედ ამ გადაწყვეტილების დამსახურებაა ის, რომ ადამიანი, რომელსაც ინტროვერტობის გამო, თავისუფლად დიალოგის გამართვაც კი მიჭირს, უკვე 4 წელია, ტელეკომპანია ფორმულას დილის გადაცემიდან და სამზარეულოს ომებიდან, ათიათასობით და ასიათასობით ადამიანს ვესაუბრები, რაც ადრე სრულიად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის.
3. და ამ ჯაჭვის ბოლო რგოლი – ტელევიზიით და კულინარიული ბლოგის დახმარებით მოპოვებული ცნობადობის იმედითა და ჩვენი წიგნის, „ქართული გემოს მემკვიდრეობის“ რეალიზაციიდან შეგროვებული 6000 ლარით, გადავწყვიტე, რომ დრო იყო, ჩვენი კულინარიული წერტილი გვქონოდა. ამაზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, ამიტომ მოკლედ გეტყვით – იცით როდის მივხვდი, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორი და უმნიშვნელოვანესი იყო? ერთი თანამშრომლით დაწყებულ საქმეს, დღეს რომ 25 ადამიანი აღარ ვყოფნით.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს გადაწყვეტილებები თითქოს ერთმანეთთან, ფაქტობრივად, არაა კავშირში, მაგრამ დღეს თუ რამე გამაჩნია კარიერულად, სწორედ ამ სამი გადაწყვეტილების თანმიმდევრულად მიღების ხარჯზე მოხდა და ამ ჯაჭვის გაწყვეტა, უსამართლობა იქნებოდა. ამ გადაწყვეტილებებს, საერთო ის აქვთ, რომ ყველამ ერთი რამ მასწავლა – რამდენჯერაც კომფორტის ზონას დავაღწიე თავი, იმდენჯერ გადავდგი ნაბიჯი წარმატებისკენ.
რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.