in

ასე შეიქმნა ქართული არტიზანული სუნამო VENERA! – KAVEULI-ის კიდევ ერთი ნამუშევარი

ბუნებრივი არომატით გამოწვეული შეგრძნების სუნამოდ გადასაქცევად, თამარ ქაფიანიძეს 13 წელზე მეტი დასჭირდა. თუმცა, მაინც შეძლო ბავშვობის ოცნების ასრულება და ტყის სურნელი თვითმყოფად და უნიკალურ პარფიუმერულ ფორმულად აქცია. KAVEULI PARFUM-ის შესახებ ჩვენ ექსკლუზიურად გიამბეთ კიდეც. ცოტა ხნის წინ, KAVEULI-მა ახალი სუნამო გამოუშავა, სახელწოდებით VENERA. შთაგონება ავტორმა მხატვარ სანდრო გუნიას აპლიკაციით მიიღო. ნამუშევარმა, რომელზეც მხიარულებითა და თავდაჯერებულობით აღსავსე ქალია გამოსახული, ზუსტად უკარნახა სუნამოს არომატი და ასე დაიბადა KAVEULI-ის VENERA. არტიზანული სუნამოს შექმნის პროცესზე სასაუბროდ თამარ ქაფიანიძეს მივმართეთ.

M: როგორი იყო KAVEULI-ისეული VENERA-ს „დაბადება“?

„სუნამოს იდეა ორი წლის წინ, სანდრო გუნიას აპლიკაციის შთაგონებით გაჩნდა. მანამდე, სუნამო იმ სურნელთან ასოცირდებოდა, რომელიც გონებაში ან ცხვირში მქონდა. ამ შემთხვევაში, ინსპირაციად იქცა სანდროს ნამუშევარი „ვენერა“, რომელიც ავტორთან შეთანხმებით, შეფუთვაზე განვათავსეთ. ესაა „ვენერა“, რომელიც ცხოვრობს და ტკბება ამ მომენტით. ზოგადად, ადამიანები ძალიან დიდ დროს ვუთმობთ წარსულსა და მომავალზე ფიქრს. ამასობაში, აწმყო ყურადღების მიღმა გვრჩება და კონკრეტულ მომენტს ვუშვებთ ხელიდან. ამ აპლიკაციაში, ვენერა არის ძალიან ქალური, სრულიად თავისუფალი და არ სჭირდება ვინმეს აღიარება. ეს ჩანს ყველა დეტალში, რაც მის გარშემოა – ფერად წვიმაში, რომელიც ბედნიერების სახით „აწვიმს“, იმ სიგარეტშიც კი, რომლითაც ტკბება.

M: როგორ მიაგენით VENERA-ს ფორმულას?

ამ ნამუშევრით აღფრთოვანებული ვიყავი და ავტორს დიდხანს ვთხოვდი, მოეყიდა. თავიდანვე ვიგრძენი „ვენერას“ საოცარი ენერგია. როგორც იცით, ჩემი პირველი სუნამო აბასთუმნის ტყის სურნელის შთაგონებით შევქმენი. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რომ სუნამო ვიზუალიდან გადმომეტანა. დაუსრულებლად ვუყურებდი და ზუსტად ვხვდებოდი, რომელი ინგრედიენტები უნდა შემეზავებინა ერთმანეთში. ჩემთვის, VENERA უნდა ყოფილიყო წითელი, ამან ალუბლის არომატთან მიმიყვანა, რომლის ყვავილთან და ნაყოფთან გავაიგივე „ვენერას“ ნაყოფიერება და სიტკბოება. მისმა თავისუფლებამ და თავდაჯერებულობამ თამბაქოს გამოყენებისკენ მიბიძგა. მინდოდა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ სახელის მიუხედავად, ეს არ არის მხოლოდ ქალი. ესაა ყველა იმ ადამიანის ანარეკლი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ დატკბეს ცხოვრებით და იყოს თავისუფალი.

M: რით იყო გამორჩეული ამ სუნამოზე მუშაობა?

მე მყავს იტალიელი მასწავლებელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარფიუმერი და „ცხვირი“ – ადამიანი, რომელსაც 3000-ზე მეტი ინგრედიენტის განსხვავება შეუძლია. პირველ სუნამოზე მე მასთან ერთად ვიმუშავე, ხოლო VENERA-ს ფორმულა თავიდან ბოლომდე ჩემია. ამ სუნამოზე მუშაობაც სწორედ ამითაა განსაკუთრებული. მინდოდა, ზუსტად ის „ვენერა“ ყოფილიყო, რომელიც სანდრო გუნიას ნამუშევარში ვიგრძენი. როდესაც არომატი ვაჩვენე, არაფერი ვუთხარი – არც წარმომავლობა, წინაპირობა ან შემადგენლობა. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, სწორედ ის გამოვხატე ნამუშევარში, რაც მსურდა, თუ არა. მან მითხრა, რომ ესაა საოცრად მხიარული არომატი. ჩემთვის, ეს ზუსტად ის შეფასება იყო, რა ემოციის გადმოცემაც მსურდა.

იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, სასწრაფოდ დავიწყე წარმოებაზე მუშაობა. იტალიიდან შევუკვეთე ინგრედიენტები, შეფუთვაზეც წინასწარ ვიცოდი, რომ „ვენერას“ განთავსება მინდოდა. გიორგი ზვანელმა იმუშავა დიზაინზე. სუნამო უკვე იყიდება და მისი შეძენა შესაძლებელია მაღაზიებში: Aromateque, Sauvage და Ieri Store.


 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

აი, როგორ მუშაობს საქართველოს ბანკის უფროსი ანალიტიკოს-დეველოპერი

რეზინი, რომელიც ელექტრო მანქანების ინდუსტრიას უკეთესობისკენ შეცვლის