წარმოიდგინეთ, გირჩის ფორმის ვერცხლის გულსაკიდში ბავშვობის საუკეთესო გამოცდილება რომ გესხათ… მსუბუქი, ჰაეროვანი, მალე აქროლადი… რას გაიღებდით ამ სურნელისთვის? რა ხერხს მიმართავდით, თქვენი გულსაკიდის სანუკვარი სუნით შევსება მუდმივად რომ შეგძლებოდათ? და რისი სუნი ექნებოდა მას?
თამარა ქაფიანიძემ თითქმის 13 წელი მოანდომა, ბუნებრივი არომატით გამოწვეული შეგრძნება სუნამოდ ექცია. მის მიერ შექმნილ სუნს წიწვოვან ტყეში შებიჯების ძალზე ცხადი შეგრძნება მოაქვს. ძირითად ნოტს დიდებული კავკასიური სოჭი ქმნის. სუნამოს, ასევე, დაჰკრავს ციტრუსის, წიწაკის, კიპარისისა და ჩინური ღვიას სურნელი, თან სიმშვიდისა და სიმსუბუქის შეგრძნებაც რომ მოჰყვება.
დღეს, ახალ ქართულ არტიზანულ სუნამო – KAVEULI PARFUM-სა და მის შემქმნელს – თამარა ქაფიანიძეს გაცნობთ, პარფიუმერობაზე, უფრო ზუსტად კი, სუნამოს შექმნაზე ბავშვობიდან რომ ოცნებობს:
ძალიან ხშირად არდადეგებს აბასთუმანში ვატარებდი. იქაური წიწვოვანი ტყის სურნელი აღტაცებას მანიჭებდა. მინდოდა, მისი სუნი სულ მეგრძნო… ამ სუნამოთი კი მსურდა ბავშვობისდროინდელი შეგრძნებისა და მოგონების ურბანულ გარემოში გადატანა, – თამარა ქაფიანიძე.
ყველაზე დიდი დრო სწორედ ფორმულის შექმნას დასჭირდა. თამარას შექმნილი სუნი უნდა ყოფილიყო თვითმყოფადი, უნიკალური, ნატურალური ინგრედიენტებისგან აწყობილი, როგორც ვთქვათ, ტყის სუნი – რომლის ხელახლა განცდის შესაძლებლობაც მხოლოდ ტყეში უკან დაბრუნებით გვენიჭება. ასეთივე შეგრძნება უნდა მოეტანა KAVEULI PARFUM-ის მალე აქროლად სურნელებასაც, სახეს რომ არ იცვლის, არ მძიმდება და მისი კომპოზიციით განმეორებითი სიამოვნების მისაღებად, მხოლოდ მისი მოხმარებაა გამოსავალი – შუშის ბოთლით გულსაკიდის სურნელოვანი სითხით შევსება.
M: თამარა, როგორც წესი, ბავშვის ინტერესების ფორმირებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის გარემო, რომელშიც იზრდება… საიდან იღებს სათავეს თქვენი განსაკუთრებული მგრძნობიარობა სუნებთან?
ჩემს დიდ ოჯახში სუნამო ყოველთვის ყველაზე სასურველი და პოპულარული საჩუქარი იყო. პირველი სუნამო მახსოვს, ბებიაჩემის დიორის „დიორისიმო“ იყო. მისგანვე ვიცი, რომ სუნის გაცნობისთანავე მისი ძირითადი ინგრედიენტი ამოვიცანი. მაშინ, რა თქმა უნდა, ეს არ ვიცოდი, მაგრამ შროშანი თავიდანვე შევიგრძენი. მიზეზი ჩემთვის ამ მცენარის ძალიან ახლობელი სუნი აღმოჩნდა. ის ხომ გაზაფხულის ერთ-ერთი პირველი ყვავილია და განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, ქალთა დღესასწაულებთან ასოცირდებოდა.
ბებიამ შროშანი ეზოშიც კი დამირგო. გახარებას არასდროს ვაცლიდი. თავებს ვაწყვეტდი და მათგან წვენის გამოდევნას ვცდილობდი. ყველა ყვავილს, სახლში თუ გარეთ, ფოთლებს ვაცლიდი და ვჭყლეტდი.
ალბათ, ასე იწყება ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება სუნებთან, რაც დღესაც გრძელდება: მთელი ჩემი სახლი პატარა ბოთლებითა და ქილებითაა სავსე. აქ ნახავთ ყველაფერს – ურეკის ქვიშიდან დაწყებული, მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოტანილი ხავსით დამთავრებული. დღესაც იმ საჭყლეტს ვიყენებ, ბავშვობისდროინდელ კერამიკის ქვასანაყს, ბებიამ რომ მაჩუქა. სულ ვაგროვებ ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომელთაგანაც თავადვე, სახლის პირობებში, ეთერზეთები გამომყავს. მიყვარს სინთეტიკური ინგრედიენტებიც, რომლებსაც ხშირად ბუნებრივ კომპონენტებს ვურევ.
ისე, ბაბუას ბოლო საჩუქარიც სუნამო იყო. მაშინ 17 წლის ვიყავი და ფლაკონს დღემდე ვინახავ.
პირველი ორსულობის პერიოდში მივხვდი, რომ სუნები, რომლებიც მანამდე მომწონდა, უკვე მაღიზიანებდა. ბავშვის გაჩენის მერე ჩემს ძველ სუნამოებს ვეღარ ვიყენებდი. მათ სიმძიმეს ვეღარ ვიტანდი. ძნელად გადიოდა ეს სუნი და სულ ვგრძნობდი კანზე, ტანსაცმელზე, ოღონდ უკვე სრულიად განსხვავებული, დამძიმებული არომატით. მაშინ მივხვდი, რა არ მომწონდა, მაგრამ ბევრი დრო დამჭირდა, ტექნოლოგიურად გადამეწყვიტა, როგორი უნდა ყოფილიყო სუნი, რომელიც მომეწონებოდა.
ხშირად მსმენია, რომ ადამიანებს უფრო მეტად მოსწონთ არომატები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იგრძნობა… არადა, როგორც წესი, ასეთი არომატები გარემოს, სამოსისა თუ კანთან შეხების დროს, სახეს იცვლიან და მძიმდებიან.
M: აღტაცებას იწვევს თქვენი თავდადება, მიგეგნოთ იმ გზისთვის, რომლითაც ბუნებრივი არომატით გამოწვეულ შეგრძნებას სუნამოდ აქცევდით… საინტერესოა, როგორი იყო თქვენთვის ძიების ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი?
ამ სუნამოს ფორმულაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყე. პროცესი ძალიან საინტერესო იყო, ამასთან საკმაოდ რთულიც. სასურველ შედეგამდე ვერ მივდიოდი. იყო პერიოდები, როდესაც მიღებული სუნი მომწონდა, მაგრამ რაღაც დროის გასვლის შემდეგ ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მინდოდა. მერე ვიწყებდი ისევ თავიდან და ეს დაუსრულებელი პროცესი საკმაოდ დიდხანს, თითქმის 13 წელს გაგრძელდა.
მანამ, სანამ ერთ დღესაც, ჩემმა დამ, მარიამმა ჩემი დახმარება არ გადაწყვიტა. მარიამი იტალიაში ცხოვრობს, ცნობილ იტალიელ არტიზან პარფიუმერს ჩემი ფორმულა აჩვენა და იდეაც გააცნო. პარფიუმერმა ჩემი „ნახევარფაბრიკატი“ მოიწონა და თქვა, რომ მას განვითარება სჭირდებოდა.
ამის კეთება მთელი ცხოვრება მინდოდა, უბრალოდ, არ ვიცოდი, რა მინდოდა და როგორ.
იტალიელმა პარფიუმერმა ჩემი თავდაპირველი ფორმულა მნიშვნელოვნად გაამდიდრა უნიკალური და იშვიათი ინგრედიენტებით, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვყიდულობთ. სუნამოში ძირითადი ნოტი ქართულია, რომელიც შევინარჩუნეთ, მაგრამ ამასთანავე, ბევრი ექსპერიმენტიც ჩავატარეთ და მაგალითად, ვეტივერი იაპონური ვეტივერით შევცვალეთ.
მოკლედ, მასტერკლასი ჩვენი სუნამოს ჩამოსხმითა და KAVEULI PARFUM-ის, როგორც საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტის დაბადებით დასრულდა.
M: იტალიაში ისხმება KAVEULI PARFUM, თუ საქართველოშიც გვაქვს ამისთვის შესაბამისი პირობები?
საქართველოში რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია არსებობს, თუმცა სუნამოს ჩამოსხმასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნია. ამიტომ, KAVEULI PARFUM იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება.
ვინაიდან, სუნამოს იტალიაში ვასხამთ, საჭირო გახდა ამისთვის სერტიფიცირების გავლაც, რამაც დაადასტურა, რომ ჩვენი პროდუქტი წარმოებისთვის, აბსოლუტურად, უსაფრთხოა.M: სუნამოს ფლაკონის ფორმაზე რომ შევჩერდეთ… რა ფუნქციური დატვირთვა აქვს თქვენივე შექმნილ სამკაულს – გულსაკიდს სუნამოს მოხმარების პროცესში?
უკვე ორი წელია, ორ ნიჭიერ ოქრომჭედელთან ერთად სამკაულს „კავეულის“ სახელით ვაკეთებთ. „კავეული“ რკინისგან დამზადებულ სხვადასხვა წვრილ ნაკეთობას ნიშნავს. ეს სახელი ჩემმა მეგობარმა რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ მოიფიქრა და მგონია, რომ ზუსტად ის არის, რაც უნდა იყოს. ბრენდის კონცეფცია თანამედროვე ფორმების გამოყენებასა და ინოვაციური ტექნოლოგიებით, ექსპერიმენტირებას ემყარება. თითოეული ნივთი ხელნაკეთია და წარმოადგენს როდირებული ან მოოქროვილი ვერცხლის, მარგალიტისა და ნახევრად ძვირფასი თვლების კომბინაციას.
სუნამოს ჩამოსხმაც თავიდანვე სამკაულში მქონდა გადაწყვეტილი. ჩვენ ორი პროდუქტი ერთში გავაერთიანეთ, უფრო კონკრეტულად, შევქმენით ვერცხლის გულსაკიდი, რომელშიც შესაძლებელია 5 მლ სუნამოს გადატანა. გულსაკიდის გირჩის ფორმა სუნმა განაპირობა. პროდუქტს მოჰყვება 30 მილიგრამიანი შუშის ბოთლი – გულსაკიდის სუნამოთი შევსების ფუნქციით.
თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ გარდა გირჩის ფორმის ვერცხლის გულსაკიდიანი ფლაკონისა, სუნამო, „ლუტეციას“ წარმომადგენლების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ვერცხლით დაფერილი, რეფელიანი ბოთლებითაც ხელმისაწვდომი იქნება.
M: როდესაც ვსაუბრობთ KAVEULI PARFUM-ზე, გონებაში რა ტიპის მომხმარებელი წარმოგიდგებათ?
„კავეულის“ სუნამო განკუთვნილია ქალებისა და მამაკაცებისთვის. ჩვენი მომხმარებელი არის ის, ვინც უპირატესობას უნიკალურ, არტიზანულ წარმოებას ანიჭებს, არ უყვარს ინდუსტრიული პროდუქტი და სიამოვნებას განსხვავებული სტილითა და ინდივიდუალიზმის გამოხატვით იღებს.
ვფიქრობთ, ასევე, ჩვენი სუნამო საინტერესო იქნება უცხოელებისთვის. რამდენადაც ვიცი, ტურისტები ხშირად კითხულობენ არის, თუ არა, ადგილობრივად, რაიმე უნიკალური პროდუქტი. აქედან გამომდინარე, როგორც „ლუტეცია ჯგუფში“ გვეუბნებიან, სურთ, ქართულ წარმოებასა და მის პოპულარიზებას ხელი შეუწყონ.
თუნდაც, მარტივი პროდუქტების შექმნის უკან, უამრავი შრომა, დრო და ადამიანი დგას. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. სრული პროდუქტის შექმნაში ყველაზე დიდი წვლილი მე და ჩემმა დამ – მარიამმა შევიტანეთ. თუმცა ჩვენ უამრავი მეგობარი და პროფესიონალი დაგვეხმარა და რომ არა ისინი, ამას მარტო ვერ შევძლებდით.
საკმაოდ ბევრი ვიწვალეთ, თუმცა ეს იყო ძალიან სასიამოვნო პროცესი, რომელმაც ბევრ კარგ ადამიანთან შემახვედრა. მაგალითად, ახლაც არ ვიცნობ ადამიანს, რომელმაც შესაფუთი პარკები მაჩუქა. პროდუქტზე მუშაობის პერიოდში უამრავი ასეთი სასიამოვნო გამოცდილება და მხარდაჭერა მივიღე. KAVEULI PARFUM-ის მიღმა მთელი არმია დგას ასეთი ადამიანებისა.
M: და რაც შეეხება თქვენს გამოცდილებას, რამდენად რთულია სუნამოს სრულყოფილი პროდუქტის შექმნა საქართველოს პირობებში?
ხშირად ვხუმრობთ, რომ სუნამოსთვის მთელი მსოფლიოდან ვაგროვებთ ინგრედიენტებს, რომელიც იშვიათად, ზოგჯერ 10 წელიწადში ერთხელ ყვავის და ამ დროს, თბილისში ყუთების პარკით შეფუთვა გაგვიჭირდა. თავის მხრივ, ყუთებიც ხელით არის თბილისში აწყობილი. მინდა, რომ ერთ დღეს, მთლიანი პროდუქტი – სუნამოდან დაწყებული, ყველა დამხმარე საშუალებით დამთავრებული, აქ ვაწარმოოთ.
სერვისების მიმართულებით, ჩვენი ქვეყანა, ჯერჯერობით, სერიოზული გამოწვევის წინაშეა.
KAVEULI PARFUM-ს აუდიტორიას, დღეს, 28 დეკემბერს, კონცეპტ მაღაზია „იერიში“ წარადგენენ. საწყის ეტაპზე ქართული არტიზანული სუნამო სწორედ აქ გაიყიდება (მოლაპარაკება „ლუტეციას“ წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობს).
მერე კი, ვნახოთ, როგორ მიიღებს აუდიტორია KAVEULI PARFUM-ს… ვისთვის აღმოჩნდება ახლობელი აბასთუმნის წიწვოვანი ტყის სურნელით, ბავშვობისდროინდელი მოგონებებით შთაგონებული სუნი…
ავტორი: თიკა გეგენავა