in

ყავის დალევა პარკინსონის დაავადების რისკებს ამცირებს

კარგად ვიცით, რომ რასაც მივირთმევთ, პირდაპირ ზემოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე… ახალი კვლევა კი კიდევ ერთ ამგვარ კავშირს ავლენს, გვეუბნება, რომ ყავის დალევასა და პარკინსონის დაავადების შემცირებულ რისკებს შორის კავშირი არსებობს. თანაც ამაზე მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი 13-წლიან მონაცემებზე დაფუძნებით გვესაუბრება, რაც 184 024 ინდივიდს მოიცავს. პირდაპირ გეტყვით, მეცნიერთა თქმით, ყავის მომხმარებლები პარკინსონის განვითარების უფრო დაბალი რისკის ქვეშ არიან, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ყავას. 

M2
M2

უფრო ზუსტად, მკვლევრებმა სისხლში კოფეინის, პარაქსანტინისა და თეოფილინის პირველადი მეტაბოლიტების დონე გაზომეს და აღმოაჩინეს, რომ პარკინსონის განვითარების რისკთან საპირისპირო კავშირი ვლინდება. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი კვლევა, რომელმაც ყავის მოხმარებასა და პარკინსონს შორის კავშირი გამოავლინა, თუმცა იმაზე შორს მიდის, ვიდრე მანამე ჩატარებული კვლევები — პარკინსონის დაავადების დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე წლით ადრე კოფეინის ბიომარკერებს აკვირდება. 

კვლევის შედეგები ციფრებში აი, ასე გამოიყურება: ყავის მომხმარებელთა ტოპ 25%-ს პარკინსონის განვითარების 40%-ით ნაკლები რისკი აქვს, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ყავას. გაზომილი რისკები მერყეობდა ქვეყნების მიხედვით დაახლოებით 5-დან 63%-მდე. მართალია, კავშირი კვლავ ვლინდებოდა, როცა მოწევისა და დალევის ფაქტორებს ითვალისწინებდნენ, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ ეს ჯერ არ არის საკმარისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოსავლენად. მიუხედავად ამისა, მეცნიერებისთვის აშკარაა, რომ კოფეინსა და მის ინგრედიენტებში არსებობს რაღაც, რაც ადამიანის ტვინს იცავს.

თუ წინა კვლევებს დავეყრდნობით, კოფეინი ტვინში დოფამინის ნაკადს უზრუნველყოფს, რაც ამ ეფექტზე შეიძლება, იყოს პასუხისმგებელი. პარკინსონის დაავადება სწორედ დოფამინის შემცირებით ხასიათდება, ნერვული უჯრედების დაკარგვით, რასაც Substantia Nigra ეწოდება — ეს ნეიროპროტექტორული ეფექტები ჩვენს დასკვნებს ესადაგება, რომლებიც ავლენს შებრუნებულ კავშირს კოფეინს, პარაქსანტინს და თეოფილინსა და პარკინსონის დაავადების სიხშირეს შორის.

თუ სტატისტიკასაც გავიხსენებთ და ვიტყვით, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანია პარკინსონით დაავადებული, მიღებული კვლევის შედეგები მით უფრო მნიშვნელოვანი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა ჯერ არ იციან თავად პარკინსონის გამომწვევი მიზეზი…

ყავა მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული ფსიქოაქტიური სასმელია. პარკინსონის დაავადებაზე კოფეინის ბიოლოგიური ქმედების გამოვლენა მნიშვნელოვანია არამარტო საზოგადოების ჯანმრთელობისთვის, არამედ იგი აუმჯობესებს ჩვენს ცოდნას პარკინსონის დაავადების ეტიოლოგიის შესახებ და საშუალებას გვაძლევს, პრევენციის პოტენციური სტრატეგიები შევიმუშაოთ, — აცხადებენ მკვლევრები.

ახალი შესაძლებლობები ქართული ბიზნეს სექტორისთვის SBC Summit Tbilisi 2024-ის მასშტაბური დაბრუნება

Optimyzee კომპანიებს AI-მარკეტინგულ ხელსაწყოებს სთავაზობს — გაიცანით 500 Global in Eurasia-ს მონაწილე სტარტაპი