მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ ალცჰაიმერის დაავადება ტვინში კალციუმის ჭარბი დაგროვებით არის გამოწვეული. ახლად გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, შესაძლოა, ჩვენს მობილურ ტელეფონებს რაიმე კავშირი ჰქონდეს ამ დაავადებასთან… ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ დაბალი ინტენსივობის ელექტრომაგნიტურ ველებს (EMF), რომლებსაც ტელეფონები ასხივებს, კალციუმის დაგროვების გამოწვევა ან გაძლიერება შეუძლია.
კვლევის მიხედვით, ცხოველთა მოდელები ამ თეორიას უჭერს მხარს.
„EMF-ები პიკური ელექტრული და დროში ცვალებადი მაგნიტური ძალებით მოქმედებს, ნანოწამის მასშტაბით. შეიძლება ნებისმიერმა მათგანმა ნამდვილი კოშმარი გამოიწვიოს — ალცჰაიმერის დაავადების ადრეული ეტაპი“, — ამბობს კვლევის ავტორი მარტინ პოლი. მისი თქმით ახალგაზრდებს, რომლებიც მობილურ ტელეფონს ან Wi-Fi-ს მრავალი საათის განმავლობაში მოიხმარენ, ციფრული დემენციის განვითარების რისკი აქვთ.
ალცჰაიმერის ასოციაციის მონაცემებით, 65 წელზე მეტი ასაკის 6,5 მილიონზე მეტი ამერიკელი ცხოვრობს ამ დაავადებით. 75+ ასაკის შემთხვევაში კი პროცენტული მაჩვენებელი 73-მდე იზრდება. მოსალოდნელია, რომ 2050 წლისათვის ალცჰაიმერის მქონე ადამიანთა რიცხვი 13 მილიონს მიაღწევს.
საგულისხმოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც EMF-ს ჯანმრთელობის პრობლემებთან აკავშირებენ. მიუხედავად იმისა, რომ კიბოს ეროვნული ინსტიტუტის თქმით, EMF-სა და კიბოს შორის რაიმე სახის კავშირი ნაკლებ სავარაუდოა და მისი ნორმალური რაოდენობა არ მოქმედებს ადამიანებზე, Healthline განმარტავს: არსებობს სხვა უფრო გავრცელებული პრობლემები, რომელთანაც დაკავშირებულია გაღიზიანება, თავის ტკივილი, უძილობა და სხვა პრობლემები.
ნებისმიერი კავშირი ალცჰაიმერის დაავადებასა და მობილურ ტელეფონებს შორის ჯერ კიდევ საკმაოდ მცირეა, მაგრამ ის დამაინტრიგებელია. ამიტომაც, მეცნიერები დამატებითი კვლევების ჩატარებას გეგმავენ.











