in

რა კავშირია ჩაძინების დროსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნას შორის?

22:00-დან 23:00 საათის ინტერვალში ჩაძინება ძალიან სასარგებლოა გულისთვის

სხვადასხვა დაავადების პრევენციის კუთხით რეგულარული ჯანსაღი ძილის როლი სულ უფრო აშკარა ხდება. მრავალ ექსპერიმენტს დაემატა კიდევ ერთი, ახლახან გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ძილსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირს სწავლობს. როგორც ჩანს, 22:00-დან 23:00 საათის ინტერვალში ჩაძინება ძალიან სასარგებლოა გულისთვის.

M2
M2

ცირკადიალურ რიტმსა და გულ-სისხლძარღვთა სიჯანსაღეს შორის არსებული კავშირის თვალსაზრისით, ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო კვლევა ვიხილეთ. ეს უკანასკნელი კვლევა კი ძირითად აქცენტს იმაზე აკეთებს, თუ რა პერიოდში სჯობს ჩაძინება საუკეთესო გულ-სისხლძარღვთა სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ამისათვის ავტორებმა 88 000 მონაწილის მონაცემი შეისწავლეს, რომელთა დაძინებისა და გაღვიძების დროს მაჯაზე მოთავსებული მოწყობილობა აფიქსირებდა. თითოეული მონაწილე განხილულ იქნა დემოგრაფიულ, ცხოვრების წესისა და ფიზიკური ჯანმრთელობის კონტექსტში. ასევე, მკვლევრებმა შეაფასეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მოწევის სტატუსი, სხეულის მასის ინდექსი, არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე.

ამის შემდეგ, მკვლევრები სუბიექტებს 5.7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რათა გულ-სისხლძარღვთა დაავადების ახალი დიაგნოზის გავრცელების სიხშირე შეესწავლათ. როგორც აღმოჩნდა, 88 000 მონაწილიდან მხოლოდ 3172 პირს შეექმნა პრობლემები, რაც პროცენტული მაჩვენებლით 3.6-ს შეადგენს. სიხშირე განსაკუთრებით მაღალი იყო მათ შორის, ვინც შუაღამეს ან კიდევ უფრო გვიან იძინებდა — ამ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის 25 პროცენტით მეტი რისკი იყო, ვიდრე მაშინ, როცა სუბიექტები 22:00-დან 22:59 საათამდე ინტერვალში იძინებდნენ. 23:00-23:59 შუალედში რისკი 12%-ს შეადგენდა.

“ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ ძილის ოპტიმალური დრო სხეულის 24-საათიანი ციკლის კონკრეტულ მომენტშია და დარღვევები, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანო იყოს. ყველაზე სარისკო დრო შუაღამის შემდეგ დგება, რადგან ეს დილის შუქის ნახვის ალბათობას ამცირებს, რაც ბიოლოგიურ საათს აბრუნებს” — ამბობენ მკვლევრები.

გარდა ამისა, მეცნიერების თანახმად, ქალებში გულის დაავადების გაზრდილ რისკსა და ძილის დაწყებას შორის უფრო ძლიერი კავშირი არსებობს… თუმცა ამის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია. მათი თქმით, შეიძლება, გენდერული განსხვავება არსებობდეს იმაში, თუ როგორ რეაგირებს ენდოკრინული სისტემა ცირკადიალური რიტმის დარღვევაზე. ამის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად მენოპაუზის შემდგომი პერიოდი სახელდება, რადგან ამ დროს ქალებში განსაკუთრებით იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

“მიუხედავად იმისა, რომ შედეგები მიზეზობრივ კავშირებს არ გამოკვეთს, ფაქტია, ძილის დრო დაავადებების პოტენციურ რისკს წარმოადგენს და იგი სხვა რისკ-ფაქტორებისა თუ ძილის მახასიათებლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. თუ ეს შედეგები სხვა კვლევებითაც დადასტურდება, დრო და ძილის ძირითადი ჰიგიენა შეიძლება, ჯანმრთელობის შენარჩუნებ მარტივ გზად იქცეს”. 

WoodfloW — ხის ნაჭრებისგან შექმნილი ხელოვნების ნიმუშები და ორმხრივი ოპტიკური ილუზია

Shop69.ge-ზე ტკბილეულის კატეგორია დაემატა! [18+]