ადამიანები გამუდმებით სენსორული ინფორმაციის ნაკადის ქვეშ ვიმყოფებით, იქნება ეს ქუჩიდან სახლში შემომავალი ხმაური, ვიღაცის მოულოდნელი შეხება თუ სხვა… თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველ მათგან არ და ვერ ვაქცევთ ყურადღებას. ამის ნაცვლად, მხოლოდ გარემოს გარკვეულ მნიშვნელოვან ელემენტებზე ვფოკუსირდებით — სხვა დანარჩენი კი ერთგვარ ფონურ კადრებად იქცევა.
საინტერესოა, როგორ ახერხებთ გარკვეული სტიმულების უგულებელყოფას და თქვენი გარემოს მხოლოდ ერთ ასპექტზე კონცენტრირებას? ეს არის ე. წ. სელექციური, შერჩევითი ყურადღების მაგალითი… გარდა იმისა, რომ სელექციური ყურადღება ინფორმაციის დადებითად გაფილტვრაში გვეხმარება, მას ბევრი ნეგატიური ასპექტი ახლავს თავს.
უფრო კონკრეტულად, სელექციური ყურადღება არის მექანიზმი, რომელიც კლინიკური პრობლემების ფართო სპექტრის შენარჩუნებას ემსახურება. თუნდაც, ბევრი არასასურველი აზროვნების სტილი (ე. წ. „შავ-თეთრი აზროვნება“, „გონებრივი გაფილტვრა“) სელექციური ყურადღების მაგალითია და საფუძვლად უდევს მდგომარეობას, როგორიცაა დეპრესია ან შფოთვა. საკუთარ თავზე ორიენტირებული ყურადღება (სელექციური ყურადღების სხვა ფორმა) გადამწყვეტია სოციალური შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში.
ჩვენი ყურადღება სიბნელეში წარმოქმნილ შუქს ჰგავს. თავის მხრივ, შეგვიძლია შეგნებულად ავირჩიოთ საითკენ მივმართავთ შუქს, მაგრამ ხშირად ჩვენი არაცნობიერი ნაწილი ავტომატურად ირჩევს, რას მივაქციოთ ყურადღება.
ნეგატიური კუთხით, სელექციური ყურადღება ნიშნავს ყურადღების მხოლოდ ფაქტებზე მიქცევას და დანარჩენის იგნორირებას. ამის გაკეთება შეგვიძლია როგორც განზრახ (შეგნებულად), ისე ავტომატურად (არაცნობიერად). ჩვენს რწმენას კი ძალიან დიდი გავლენა აქვს იმაზე, რაზეც ვფოკუსირდებით.
სელექციური ყურადღება პრობლემების გახანგრძლივებას ან შენარჩუნებას რამდენიმე გზით იწვევს:
შესაძლოა, გამოტოვოთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენი რწმენის უარყოფა შეუძლია. ამრიგად, კვლავ არასწორი ან უსარგებლო რწმენის ქვეშ დარჩებით.
- რწმენა — სამყარო საშიშია
- მოქმედება — ყურადღების მიქცევა იმისთვის, რაც საფრთხეზე მიუთითებს
- განზრახული შედეგი — საფრთხის პოვნა მისი არსებობის შემთხვევაში
- გაუთვალისწინებელი შედეგები — შეუძლებელია უსაფრთხოების მაგალითების პოვნა, რასაც საფრთხის რწმენის შერყევის ძალა გააჩნია. საფრთხის ნებისმიერი ნიშანი ადასტურებს რწმენას, რომ სამყარო საშიშია
თუ ირგვლივ არსებულ სამყაროს სელექციურად აღიქვამთ, მხოლოდ მტკიცებულებების მიკერძოებულობას მიიღებთ. გაგიჩნდებათ მიკერძოებული ინტერპრეტაცია და შედეგად, შეინარჩუნებთ მიკერძოებულ მეხსიერებას იმის შესახებ, რაც მოხდა. მაგალითისთვის:
- რწმენა — სამყარო საშიშია
- პროგნოზი — გარეთ რომ გავალ, მეტკინება
- შერჩევითი ყურადღება — ყურადღების მიქცევა სახიფათო გარეგნობის ადამიანებისთვის
- მიკერძოებული ინტერპრეტაცია — აქ ხალხს ეშინია. თუ ფრთხილად არ ვიქნები, შეიძლება, საფრთხის წინაშე აღმოვჩნდე
- მიკერძოებული მეხსიერება — მოგონებები საფრთხისა და დანაკარგების შესახებ
ადამიანები, რომლებიც მეტ ყურადღებას თავიანთი აზრების, გრძნობებისა და სხეულებრივი შეგრძნებებისკენ მიმართავენ, მეტად ადანაშაულებენ საკუთარ თავს მოვლენების შედეგებში, თუნდაც ეს მათი ბრალი არ იყოს.
პრობლემურ საკითხებზე გადაჭარბებული ფოკუსირება ხელს გვიშლის სხვა ყველაფერზე დაკვირვებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაკლებ ცოდნას ვიძენთ და ნაკლებ უნარებს ვეუფლებით, რაც ცხოვრებისეულ წინსვლას აფერხებს.
თუ ყურადღება ავტომატურად გადაინაცვლებს კონკრეტულ საკითხზე, შესაძლოა, იგრძნოთ, რომ „თქვენი გონება უკონტროლოა“.











