უახლეს კვლევას თუ დავეყრდნობით, მეცნიერებმა ადამიანებში სტრესის დონის განსაზღვრის ახალ მეთოდს მიაგნეს — კერძოდ, ის, თუ როგორ ბეჭდავენ ადამიანები კლავიატურაზე და იყენებენ კომპიუტერის მაუსს, უკეთესი ინდიკატორია, ვიდრე გულისცემა.
ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ETHZ) მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათ ახალი მონაცემებისა და მანქანათმცოდნეობის გამოყენებით, ინოვაციური მოდელი შექმნეს. ეს უკანასკნელი სამსახურში სტრესს მხოლოდ იმაზე დაფუძნებით განსაზღვრავს, თუ როგორ ბეჭდავენ ადამიანების კლავიატურაზე და როგორ იყენებენ მაუსს.
კვლევის ფარგლებში ETHZ-ის მკვლევრებმა ლაბორატორიაში 90 მონაწილე შეისწავლეს. აქ მათთვის ოფისთან მიახლოებული გარემო იყო შექმნილი და იდეალურად შეესაბამებოდა ისეთი დავალებების შესრულებას, როგორებიცაა შეხვედრების დაგეგმვა ან მონაცემთა ჩაწერა და ანალიზი. თავის მხრივ, მეცნიერები თითოეული მონაწილის ქცევას იწერდნენ კლავიატურასთან და მაუსთან მიმართებით. ამავდროულად, რეგულარულად ამოწმებდნენ მათ გულისცემას და ეკითხებოდნენ, რამდენად განიცდიდნენ სტრესს მოცემულ მომენტში.
მაშინ, როცა მონაწილეთა ნახევარს მუშაობაში არაფერი უშლიდა ხელს, ნაწილს რეგულარულად წერდნენ მესიჯებს და სამუშაო გასაუბრებებში მონაწილეობას სთხოვდნენ. როგორც აღმოჩნდა, დასტრესილი ადამიანები მოდუნებულებისგან განსხვავებულად ბეჭდავდნენ კლავიატურაზე და მაუსსაც სხვაგვარად ამოძრავებდნენ. „სტრესის ქვეშ მყოფნი მაუსის კურსორს უფრო ხშირად ამოძრავებდნენ, თანაც ნაკლები სიზუსტით და ეკრანის დიდ მანძილებზე. ამავდროულად, ბეჭდვის დროს ბევრად მეტ შეცდომას უშვებენ, კრეფისას კი ხშირად ჩერდებიან მცირე ხნით“, — განმარტავს კვლევის ავტორი, მათემატიკოსი მარა ნაგელინი.
მათგან განსხვავებით, მოდუნებული ადამიანები ბეჭდვისას უფრო ნაკლებ, მაგრამ დიდ პაუზებს აკეთებენ.
ზოგადად, კავშირი სტრესსა და ზემოთ ხსენებულ ქცევებს შორის, შეიძლება ნეირომოტორული ხმაურის თეორიით აიხსნას. „სტრესის მომატებული დონე უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინის ინფორმაციის დამუშავების უნარზე. ასევე, გავლენა აქვს მოძრაობის უნარებზე“, — ამბობს კვლევის თანაავტორი ჟასმინ კერი.
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, სამსახურში მომატებული სტრესის დასადგენად ეფექტური მექანიზმის პოვნა აუცილებელია. სამწუხაროდ, ადამიანები იქამდე ვერ აცნობიერებენ ფიზიკური და მენტალური რესურსების ამოწურვას, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება.
ამჟამად მოდელს შვეიცარიელ დასაქმებულთა მონაცემებზე ტესტავენ. თავის მხრივ, თითოეული მათგანი სენსიტიური ინფორმაცია სრულად დაცული იქნება და შედეგები ინდივიდუალური კონკრეტიკის გარეშე გამოქვეყნდება.