11
May
2017

Kawalsky Accessories – ქეჩის ხელნაკეთი აქსესუარების ქართული სტარტაპი

11 May 2017

Startauperi
Startauperi


Kawalsky Accessories ჩანთებისა და აქსესუარების ახალი ბრენდია, რომლის ავტორიც, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, ქეთი ხარატიშვილია. ბავშვობაში, თოჯინებისთვის შეკერილი ნივთებიდან მიღებული გამოცდილებით, ახლა უკვე საკუთარ პროდუქციაზე მუშაობს, Kawalsky-ს ბრენდის სახელით. Kawalsky-ის პროდუქციასა და საქმიანობის დეტალებზე მარკეტერი ესაუბრა ქეთის:

M: რას უკავშირდება Kawalsky-ს შექმნის იდეა, რა მასალას იყენებთ და როდიდან დაიწყეთ ამ ბრენდის სახელით პოზიციონირება ქართულ ბაზარზე?
სახელი „კავალსკი“, წლებია უკვე, მომწონს და სოციალურ ქსელშიც ასე მქვია. ვფიქრობ, ჩემს ნივთებსაც მოუხდა და მგონია, რომ კარგად ჟღერს. პირველი ნივთი იყო ჩანთა, რაც, უბრალოდ, ჩემთვის გავაკეთე და მერე მივხვდი, რომ ბევრი კარგი ნივთის შექმნა შემეძლო ამ მასალით, შესაბამისად, დავიწყე სხვადასხვა აქსესუარზე მუშაობა. ჩემი ძირითადი მასალა ქეჩაა, მომწონს მისი მდგრადობა და ფორმა. რაც შეეხება თექას, მას მხოლოდ პომპონის სახით ვიყენებ, ზოგჯერ ვყიდულობ, ზოგჯერ კი – თვითონ ვაკეთებ, კერვითაც მე უზრუნველვყოფ Kawalsky-ს პროდუქციას.


M:
სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება და რა ფორმით გაქვთ მომხმარებელთან კომუნიკაცია?

ძირითადად, სოციალური ქსელის დახმარებით და Flea მარკეტებით ხდება პროდუქტის რეალიზება. ჯერ ორი თვეა, რაც სოციალური ქსელში გავაქტიურდი და ნელ-ნელა იზრდება ინტერესიც. შეკვეთებზეც ვმუშაობ, გააჩნია რას მიკვეთენ, საშუალოდ, 2-5 დღემდე მჭირდება დასამზადებლად. ფასები იცვლება მასალიდან და სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე. საკურიერო მომსახურება კი თბილისის მასშტაბითაა შესაძლებელი.


M:
ქეჩისა და თექისგან შექმნილი პროდუქცია შეიძლება, მომხმარებლების მიერ სეზონურ აქსესუარად აღიქმებოდეს, თქვენ როგორ ფიქრობთ და კონკრეტული ხაზი თუ გაქვთ არჩეული?

ჩემი აზრით, ქეჩა მარტო ზამთარში გამოყენებადი არ არის, ყველა სეზონს ვარგებ. ის მსუბუქია და შესაძლოა, ტყავის ჩანთაზე უფრო კომფორტულიც კი იყოს თბილისურ სიცხეში. სულ მინდა, რომ რამე ახალი ვაკეთო, ამიტომ კონკრეტული ხაზი მგონია, რომ ნაკლებად მაქვს. რაც ექსპერიმენტის დონეზე გამიკეთებია, ის უფრო მოსწონებია ხალხს. აუდიტორია ძალიან განსხვავებულია, რაც არ მეგონა და ძალიან მომწონს.

განხილვა