NBA-ს ფინალური მატჩების გარდა, როგორც ჩანს, კავი ლეონარდი გამარჯვებისთვის სხვა ფრონტზეც იბრძოლებს – კალათბურთელმა Nike-ს სასამართლოში უჩივლა.
გამოცემა Washington Post -ის ინფორმაციით, სპორტსმენი ბრენდს პირადი ლოგიტიპის მოტყუებით მითვისებაში ადანაშაულებს.
„ნაიკის“ შვილობილმა კომპანია Jordan Brand-მა, კავი ლეონარდისთვის შექმნილ ფეხსაცმელსა და სხვა აქსესუარებზე Klaw -ს (იგივე Claw და KL2 ) სახელით ცნობილი, კალათბურთელის პირადი ლოგო დაიტანა. შემდეგ, 2018 წელს, სპორტსმენმა კონტრაქტი გააფორმა New Balance-თან და როგორც მისი ადვოკატი ამტკიცებს, Nike-მა უფლება აღარ მისცა, ახალ პარტნიორთან თანამშრომლობისას შექმნილ პროდუქციაზე Klaw გამოეყენებინა.

Klaw-ის სახელით ცნობილ ვიზუალზე, გამოსახულია კავი ლეონარდის ხელი, ინიციალები და ციფრი 2 (სათამაშო ნომერი). როგორც ადვოკატი ამბობს, კალათბურთელმა ეს ვიზუალი ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში შექმნა. 2011 წელს კი, როცა Nike-თან კონტრაქტი გააფორმა, ბრენდს მისი გამოყენების უფლება მისცა. სპორტსმენის იურისტი ამბობს, რომ „ნაიკმა“ 2017 წელს ლოგოტიპზე საავტორო უფლება მოიპოვა, ამის შესახებ კი NBA-ს მოთამაშისთვის არ უცნობებია. სწორედ ამ საკითხზე ედავება კავი ლეონარდი სპორტული სამოსის მწარმოებელ ბრენდს.
საქმე სამხრეთ კალიფორნიის სასამართლოშია. Washington Post-ის ინფორმაციით, Nike-ს წარმომადგენლები, ამ საკითხზე, პროცესების დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებენ.