in

KAYO-ს აქსესუარები – 21 წლის მარიამ ლორთქიფანიძის აზარტული გზა იდეიდან საბოლოო შედეგამდე

Startauperi
Startauperi

KAYO 21 წლის სტუდენტის – მარიამ ლორთქიფანიძის ხელნაკეთი აქსესუარების სტარტაპია, რომელიც მან წელიწადნახევრის წინ დაიწყო. „გამოცდილება არ მქონია, უბრალოდ, ვსწავლობ არქიტექტურის ფაკულტეტზე. დავალებას ვხაზავდი და გამომდინარე იქიდან, რომ არქიტექტურულ პროექტებში რაღაც შეზღუდვები არსებობს, არ გამოდიოდა ის ფორმა, რომელიც ძალიან მომწონდა. გადავწყვიტე, შენობა თუ არ გამოვიდოდა, მიმეღო სხვა რამ, მაგალითად, სამკაული“.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მზად იყვნენ დახმარებისთვის, მარიამმა სტარტაპის ფინანსურ ნაწილში, ისევე, როგორც შემოქმედებითში, დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტა. „თუ რესურსი გაქვს, განვითარება უფრო სწრაფად შეიძლება, მაგრამ, დასაწყისისთვის მხოლოდ 600 ლარი ვისესხე“, გვიყვება ის. სესხი დაფარულია, მარიამს კი, წელიწადნახევრიანი საქმიანობის განმავლობაში, ვერცხლის ბეჭდებსა და საყურეებთან ერთად, უკვე სათვალეც აქვს შექმნილი. 

ჩემთვის სასიამოვნო პროცესია ახალი ფორმის ძიება, შემდეგ კი ამის ვიზუალიზაცია, ყველაზე საინტერესო კი საბოლოო შედეგია. ეს არის აზარტული გზა, იდეიდან საბოლოო შედეგამდე“.

„მეტი ვიდრე ბიზნესი“
„პირველ რიგში, ეს არ იყო ჩემთვის ბიზნეს იდეა. რეალურად, ჩემი მიზანი არ იყო ფულის შოვნა, უბრალოდ, ეს იყო ჩემი კმაყოფილება იმით, რომ სხვას მოსწონდა ჩემ მიერ შექმნილი ნივთი და ატარებდა მას. ფეისბუკ გვერდი რომ გავაკეთე, უცნობი ადამიანებისგან მომდიოდა ძალიან ბევრი წერილი, თან დარეკლამებულიც არ მქონდა და ეს ძალიან დიდი სტიმული იყო. მანამდე გაკეთებული მქონდა ქართული ასომთავრული ანბანის სერია. რომელიც ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, რადგან ძალიან მომწონს ეს ანბანი, როგორც დიზაინის, ასევე, არქიტექტურის კუთხით. აღმოჩნდა, რომ შემდეგ გააკეთეს მსგავსი ბეჭდები. მომწონს კიდევაც, მეც არ ვიყავი პირველი, ვინც ასომთავრული გამოიყენა ხელოვნების მხრივ, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ანალოგია, რაც ცოტაარიყოს, გამაღიზიანებელია“.

M: როგორ გაუდგა KAYO ბიზნესის გზას?
მოდიოდა ჩემი მეგობრის დაბადების დღე და არ ვიცოდი რა მეჩუქებინა. გადავწყვიტე ჩემი დიზაინით ბეჭედი გამეკეთებინა. ამის შემდეგ, რამდნეიმე მეგობარს ვაჩუქე ბეჭდები, ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან მოსწონთ. ერთ-ერთი მეგობრის საშუალებით, დაინტერესდა „ბაიერსი“, ონლაინ მაღაზია. ასეთი შემოთავაზება რომ მივიღე, მივხვდი, რომ რაღაც უფრო სერიოზულთან მქონდა საქმე.

M: როგორია პროდუქციის შექმნის პროცესი? ვინ მონაწილეობს მასში?
დიზაინს ვქმნი, ვერცხლზე მარტივი ფორმების გაკეთება მეც ვისწავლე, თუმცა, მაინც იუველირის დახმარებით ვქმნი პროდუქტს. ძალიან უცებ მოხდა ეს ყველაფერი, პარალელურად ვსწავლობ და არც დრო მქონდა და არც ადგილი, რომ მემუშავა იუველირთან ერთად. ბეჭდებზე მუშაობის პროცესში ბევრი იუველირი გამოვცვალე. სათვალე კი უკვე შემდეგი ეტაპია. უცებ მომინდა და დავხაზე ესკიზი სათვალისთვის, რომელიც ძალიან რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა. ზუსტად ის რომ ყოფილიყო, რაც მინდოდა, ძალიან ბევრჯერ განვიხილე იუველირთან სათვალის ფორმა.

M: როგორია Kayo-ს საფასო პოლიტიკა?
ჩემი აზრით, ძალიან ხელმისაწვდომი საფასო პოლიტიკა გვაქვს – იწყება 20 ლარიდან და მაქსიმალური ფასი, ჯერჯერობით, ბეჭდებს რაც შეეხება, არის 105 ლარი. რადგან არ იყო ეს ჩემთვის ბიზნესი მოგებაც მინიმალურია. ჩემი დამოკიდებულება „კაიოსთან“ მიმართებაში არ ჰგავს შემოსავლის წყაროსთან მიმართებას. უბრალოდ, მსიამოვნებდა, რომ ამდენ ადამიანს ეკეთა.

M: როგორც ვხედავთ, წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრი მოდელი შექმენი.. 
დიახ, ძალიან ბევრი მოდელი დამიგროვდა, რადგან ვაკეთებდი თითო-თითოს. ჩემთვის მთავარი იყო მეცადა და განმეხორციელებინა ყველა იდეა, რაც მქონდა. შესაძლოა, ეს არასწორი იყო და ჯობდა რამდენიმე მოდელზე მემუშავა და რაოდენობაზე ვყოფილიყავი ორიენტირებული, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან რა მოთხოვნილებებიც მქონდა შემოქმედებითად დავხარჯე და ახალ იდეებზე მუშაობა შემიძლია.

M: როგორია KAYO-ს განვითარების ხედვა?
მინდა, რომ უფრო სერიოზულად, უკვე როგორც ბიზნესს ისე შევხედო Kayo-ს, რადგან გამოხმაურება ბევრია. არ მინდოდა, რომ საწყის ეტაპზე ჩამერთო მშობლები, მიუხედავად იმისა, რომ მზად იყვნენ დამხმარებოდნენ, მინდოდა, რომ ყველაფერი მარტოს გამეკეთებინა. ამის გამო გამოვიტანე სესხიც. ვგეგმავ ახალი პროექტების გაკეთებას. ძალიან მინდა სათვალის სხვადასხვა მოდელი ვცადო და ბეჭდებზეც, რა თქმა უნდა, ვიმუშავებ.

პირველი პორშე, წყალზე გაგრილებადი ძრავით! – Porsche 996

ცნობილი ბრენდების ლოგოების ქართული ვერსიები