29
Mar
2019

„გლობალ ბიერ ჯორჯიას“ წარმოებულ ლუდებს „ყაზბეგი“ დაემატა

29 Mar 2019

„გლობალ ბიერ ჯორჯიას“ ადგილობრივად წარმოებული ლუდების პორტფელს ბრენდი „ყაზბეგი“ დაემატა.

„საქართველოს კაპიტალის“ ჯგუფში შემავალმა კომპანიამ „გლობალ ბიერ ჯორჯიამ “, ლუდსახარში „ყაზბეგის“ ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები, ცოტა ხნის წინ, შეიძინა. ამ ნიშნის ქვეშ ლუდი 1881 წლიდან იწარმოება. გარიგების თანხამ 3.65 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ბრენდი „ყაზბეგი“ საქართველოს ლუდის ბაზარზე სიდიდით მე-5 მოთამაშეა და ჰორეკას (HORECA) მიმართულებით კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. კომპანიას ლუდისა და ქართული ლიმონათის ბაზარზე 4-5%-მდე წილი უკავია. „ყაზბეგის“ გაყიდვებს ახალი მფლობელის ძლიერი დისტრიბუციის პლატფორმა გააუმჯობესებს“.

გარიგება არ მოიცავს „ყაზბეგის“ საწარმო აქტივების შეძენას. როგორც კომპანიის ყოფილი დირექტორი, ირაკლი თოფაძე ამბობს, ბრენდის საწარმოები მათ საკუთრებაში რჩება.

„საწარმოები სამომავლოდ, შესაძლოა, გასხვისდეს ან სხვა საქმიანობას მოხმარდეს. თუმცა, ლუდი და ლიმონათი ამ საწარმოებში აღარ იწარმოება“.

გარიგების მნიშვნელობაზე საუბრობს „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური:

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჩვენმა სასმელების კომპანიამ ადგილობრივი მაღალი ცნობადობის ბრენდის შეძენის პროცესი წარმატებით დაასრულა. ეს ტრანზაქცია ჩვენი ლუდსახარშის უტილიზაციას გაზრდის და კომპანიას საშუალებას მისცემს, შევიდეს ლიმონათის ბაზარზე, სადაც აქამდე წარმოდგენილები არ ვყოფილვართ. ასევე, ვფიქრობთ, რომ „ყაზბეგი“ შეავსებს ჩვენს საკუთრებაში არსებული ადგილობრივი ბრენდების პორტფელს, რომელშიც ლუდი „აისიც“ შედის, და კომპანია გაიფართოებს სამიზნე ბაზრის ასაკობრივი ჯგუფების დაფარვას“.

„საქართველოს კაპიტალი“ საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის წყაროა. ჯგუფის შემადგენლობაში შედის ისეთი კომპანიები: „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, „m2 უძრავი ქონება“, „ჯორჯიან გლობალ იუთილითისი“ (GGU), სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ და „თელიანი ველი“. ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანია არის „გლობალ ბიერ ჯორჯია“, რომელიც ადგილობრივ ლუდს 2017 წლის ივნისიდან ყიდის.

„ კომპანია გლობალ ბიერ ჯორჯია“, როგორც „Heineken“-ის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ისახავს ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას. კომპანია ადგილობრივად აწარმოებს ლუდის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: „აისი“, „არაგველი“, „შავი ლომი“ და „Heineken“-ის ლიცენზირებული ბრენდი – „კრუშოვიცე“; ადგილობრივად წარმოებული ლუდების პორტფელს ახლა უკვე ბრენდი „ყაზბეგი“ დაემატა. უახლოეს მომავალში კომპანია ადგილობრივად აწარმოებს ლუდ „Amstel“-სა და „Heineken“-ს“.

[R]

განხილვა